საქართველოს პრეზიდენტმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს მიმართა
11 სექტემბერს, ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტზე თავის ვიდეო მიმართვაში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და რუსეთის მიმდინარე აგრესია 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს შეადარა.
„დამთხვევაა, რომ ეს სამიტი 11 სექტემბერს იმართება? რომ 23 წლის წინ ტერორმა თავისუფლებისა და დემოკრატიის შუაგულს დაარტყა, მოკლა და დააზარალა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, და რომ დღეს, ტერორმა ისევ იფეთქა, მაგრამ ამჯერად ევროპის შუაგულში – ლვოვსა თუ პოლტოვაში? ეს გვახსენებს, რომ ჩვენ [ამ ტერორს] არ შევეგუებით, რომ თავისუფლებისთვის, ადამიანის ღირებულებებისთვის, ადამიანის ღირსებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა უკომპრომისოა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულ აგრესიას არამხოლოდ „ბრძოლის ველზე მყოფი ჯარისკაცები ჰყავს მიზანში ამოღებული, არამედ განსაკუთრებით, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები და უკრაინული საზოგადოება მთლიანობაში“. მისი თქმით, მიმდინარე აგრესია არის გაფრთხილება მსოფლიოსთვის, რომ „თუ რუსეთი შეჩერებული არ იქნება, ამ სასტიკი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს… რათა თავის იმპერიალისტურ ამბიციებს მიაღწიოს“.
პრეზიდენტმა მიესალმა უკრაინის „საოცარ სიმამაცესა და სიმტკიცეს“ და განაცხადა, რომ მსოფლიო აღფრთოვანებულია „უკრაინელების სიძლიერისა და გამძლეობის შემსწრე, რომელიც შეიძლება მხოლოდ გმირობად შეფასდეს, ეს ჩვენთვის, ყველასთვის შთამაგონებელია“. მისივე თქმით, უკრაინამ ყოვლისშემძლე რუსული არმიის სახე დაამსხვრია.
„უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რადგან რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს – არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„ძალიან დიდი ხანია მოსკოვი უგულებელყოფს საერთაშორისო ნორმებს, ცდილობს ძალისმიერად საზღვრების შეცვლას და მისი მეზობლების სუვერენიტეტის ძირის გამოთხრას. ამგვარი საქციელის დაშვება აღარ შეიძლება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა შავი ზღვაც ახსენა. „შავი ზღვის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის და კონტინენტისთვის გადამწყვეტია, რადგან ის სავაჭრო, ენერგეტიკულ და კომუნიკაციის მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ექსპანსია – დაწყებული აფხაზეთის ოკუპაციიდან და დამთავრებული ყირიმის ანექსიით, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებული მისი ნაბიჯები სრულიად მიუღებელია.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/08/2022 – სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს მიმართა
- 23/08/2023 – სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს მიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)