ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 23 აგვისტოს, ყირიმის პლატფორმის სამიტზე ვიდეოფორმატში ჩაერთო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

“ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ შემოგიერთდეთ ამ გადამწყვეტ დღეს და საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა”, – განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ „სამიტი კიდევ ერთხელ იკრიბება უკრაინის 18-თვიანი წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთის ბოლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ“.

მისი თქმით, ომი უკრაინაში რუსეთის „იმ უცვლელი მცდელობების გაგრძელებაა, რომელიც მეზობლების გაყოფის, ოკუპაციის, დაპყრობის, მუქარებისა და იმპერიული ძალების ისტორიულ რეალობას შეესაბამება“.

„ის, რაც დღევანდელ ევროპაში კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად ჩნდება და ამ ბარბაროსული ანაქრონიზმის წინააღმდეგ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა და „გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია“.  

„ეს ომი აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა, რომელიც რუსეთს უარს ათქმევინებს იმპერიულ ქცევაზე, რაც ერთადერთი სტაბილური საფუძველი იქნება ახალი და ჯანსაღი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპა უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გააგრძელებს, რაც „მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვას მომავალი უსაფრთხოებისთვის“.

„ჩვენმა ხალხმა ზეწოლის, მუქარისა და მრავალმხრივი პროვოკაციების ახალი ტალღის ფონზე (რაც ჰიბრიდულ ომს უტოლდება) აჩვენა თავისი მკაფიო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და დარჩეს თავისი ერთადერთი პერსპექტივის ერთგული“, – განაცხადა პრეზიდენტმა და რწმენა გამოხატა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და „კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე“. „რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება“, – დასძინა მან.

შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და უთხრა, რომ უკრაინელი ხალხის გამძლეობით ქვეყანამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და „სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან, დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს და გახდება ხვალინდელი უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საყრდენი“. „საქართველო იქნება თქვენთან ისევე, როგორც ახლა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!“, – დასძინა პრეზიდენტმა.

ყირიმის პლატფორმა უკრაინის დიპლომატიური ინიციატივაა, რომელიც 2021 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ საერთაშორისო კოორდინირებული ძალისხმევის გაძლიერებაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button