HRW მთავრობას კრიტიკოსებზე თავდასხმების გამოუძიებლობის გამო აკრიტიკებს
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს ვოჩმა” (Human Rights Watch) საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა და მთავრობის კრიტიკოსებზე ძალადობრივი თავდასხმების გამოძიებების ხელოვნური გაჭიანურების გამო გააკრიტიკა. 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებული დაუსჯელობა ოქტომბრის არჩევნების წინ ახალი პოლიტიკური ძალადობისა და არეულობის რისკს აჩენს.
“აქტივისტების, დამოუკიდებელი მედიისა და მთავრობის კრიტიკოსთა შევიწროებისა და დაშინების ტენდენცია დაუსჯელობის შემთხვევაში აჩენს რისკებს, რომ მომავალი არჩევნების წინა თვეებში ბოროტი აქტორები ძალადობის გაძლიერებისკენ წააქეზოს”, – განაცხადა ჰიუ უილიამსონმა, “ჰიუმან რაითს ვოჩის” ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორმა. უილიამსონის თქმით, “ეს უხეში თავდასხმები და ძალადობის მუქარები სასწრაფოდ მოითხოვს პასუხისმგებლობას”.
ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ “უცხოური აგენტების” კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე არაერთი თავდასხმის მიუხედავად, სადაც ზოგიერთ დაზარალებულს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, პოლიციას ჯერ ვინმე ეჭვმიტანილი არ გამოუვლენია ან დაუკავებია და “არსებობს აღმაშფოთებელი ნიშნები, რომ ისინი არ მიმართავენ საჭირო საგამოძიებო ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირების ანგარიშგებისთვის”.
“ჰიუმან რაითს ვოჩის” თანახმად, თავად ორგანიზაციამ ექვსი ასეთი თავდასხმა გამოავლინა, მათ შორის გაესაუბრა მსხვერპლებს, განიხილა სამართლებრივი საქმეები და სამედიცინო ცნობები და შეაგროვა ვიდეომასალები, ასევე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურორს, რათა ამ საქმეების გამოძიების სტატუსი გაერკვია. ორგანიზაციის თქმით, 19 აგვისტოს მათ გენერალური პროკურატურიდან პასუხი მიიღეს, რომლის თანახმადაც შსს საქმეებს იძიებდა, მაგრამ ჯერ მათთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
“მთავრობის კრიტიკოსებზე თავდასხმების დაუსჯელობა აგზავნის აშკარა სიგნალს, რომ მთავრობა პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას შეიწყნარებს, როცა ეს მის ინტერესებს ემსახურება”, – განაცხადა უილიამსონმა. “მთავრობას შეუძლია, ასეთი სიგნალის გაგზავნას თავი აარიდოს, თუკი იგი მყისიერ, სრულყოფილ და ეფექტურ გამოძიებებს ჩაატარებს, სადაც ცალკეული თავდამსხმელების იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი”.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)