აშშ-ის საელჩო ადასტურებს საქართველოსთვის რენტგენის სკანერების მიწოდების შეჩერებას
აშშ-ის საელჩომ საქართველოში 15 აგვისტოს დაადასტურა, რომ შეჩერებულია საქართველოსთვის რენტგენის სკანერების მიწოდება, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე უნდა დამონტაჟებულიყო. ეს ნაბიჯი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების ფარგლებში გადაიდგა, რომელიც „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, საქართველოს ხელისუფლებისთვის 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების შეჩერებას ითვალისწინებს.
ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რენტგენის სკანერების მიწოდების შეჩერების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულაზე“ პირველად კოალიცია „ერთიანობის“ წევრმა გია ჯაფარიძემ გაავრცელა. მან 14 აგვისტოს პირდაპირ ეთერში განაცხადა: „ორი საათის წინ გავიგე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ-ერთი დახმარება ყოფილა ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, სადაც საბაჟოც არის, ისეთი აპარატის დამონტაჟება, რომელიც შეძლებს, შეამოწმოს, მათ შორის, მანქანები. ეს აპარატურა 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების უკვე იქ არის, მაგრამ აშშ-ს შეჩერებული აქვს დახმარება და ეს აპარატურა ახლა უპატრონოდ აგდია. ის, რაც ჩვენ უნდა მოგვხმარდეს, მოხმარდეს, მათ შორის, საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას, ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად არის გაჩერებული“.
შემოსავლების სამსახურმა მალევე საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის აპრილში, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთ-ერთი პროექტის (EXBS) ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გადაეცა საბარგო რენტგენო ინსპექტირების 3 სკანერი (RAPISCAN 628XR), რომლის ჯამური ღირებულებაა 300 000 აშშ დოლარი. გადმოცემული სკანერები განკუთვნილია ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებისთვის, ასევე ,,ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტისთვის. განცხადების თანახმად, ამ დროისთვის ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე განთავსებულია, სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც „24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები“.
აშშ-ის საელჩომ ტელეკომპანია „ფორმულას“ განუმარტა, რომ „აშშ-ის სახელმწიფი დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა (EXBS) აგრძელებს საქმიანობას საქართველოში, თუმცა საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა [დახმარების] შეჩერებამ იმოქმედა საქართველოს სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე“. საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის მთავრობა აგრძელებს უშუალოდ საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ეხება სტუდენტებს, ბიზნესის წამომადგენლებს, ფერმერებს, სხვადასხვა ჯგუფებსს – მათ შორის სოფლად – სამოქალაქო საზოგადოებას, მარგინალურ ჯგუფებსა და დამოუკიდებელ მედიას.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)