შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ ცემის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
მამაკაცი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა სასტიკად სცემა, ინციდენტიდან ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ზვიად ხარაზიშვილი (იგივე „ხარება“), რომელმაც 2023 და 2024 წლებში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დევნასა და ცემაში გაითქვა სახელი.
51 წლის რამაზ მიხანაშვილი, სავარაუდოდ, მეზობელმა, დემეტრე რევაზაშვილმა 29 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასტიკად სცემა, რის შემდეგაც იგი თავის ქალის ძვლების მოტეხილობითა და ტრავმული ჰემორაგიით საავადმყოფოში მოათავსეს. მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული რჩებოდა.
31 ივლისს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დემეტრე რევაზაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულში შსს-ს თანამშრომლის გარდა კიდევ ერთი პირი მონაწილეობდა, 9 აგვისტოს პროკურატურამ ორივე მათგანს ბრალი დაუმძიმა. პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით წარუდგინა, რაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებას გულისხმობს და 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მაშინ როცა შსს-ს თანამშრომელი დაკავებულია, მეორე პირი, სავარაუდოდ, შსს სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იოსებ ბარჯაძე, რომელსაც, სავარაუდოდ, კრიმინალური წარსული აქვს, თავისუფლებაში რჩება.
დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, ბრალდება კვლავ შეიცვალა და ორ პირს 10-დან 14 თოთხმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება, განაცხადა პროკურატურამ 12 აგვისტოს.
ინციდენტი, სავარაუდოდ, სერიოზულ გავლენას მოახდენს შსს-სა და მისი სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის რეპუტაციაზე. დეპარტამენტი ახლო წარსულში ერთხელ უკვე გახდა კრიტიკის სამიზნე, განსაკუთრებით მისი ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის გამო, რომელმაც მაშინ აღიარა, რომ მას სპეციალური „სიები“ აქვს, თუ ვინ უნდა ცემოს სპეცრაზმმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)