საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით
8 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. წინა წლებში სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას 7 აგვისტოს აქვეყნებდა ხოლმე.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევითა და „საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-24 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით“.
სამინისტრო აცხადხებს, რომ „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები; საოკუპაციო ძალების მიერ რეგულარულად ჩატარებული სამხედრო წვრთნები; საოკუპაციო ხაზზე ხელოვნურად აღმართული ბარიერები; საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობები, უკანონო დაკავებები, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია და რუსეთის მიერ განხორციელებული სხვა დესტრუქციული ქმედებები კიდევ უფრო აუარესებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მყიფე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ გარემოს“.
საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ კრემლი „დღემდე აბრკოლებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას“.
„საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებით, დასახლებული პუნქტებისა და სტრატეგიული ობიექტების გადაფორმებით, საოკუპაციო რეჟიმებთან სხვადასხვა სახის ინტეგრაციული ე.წ. ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების დადებითა და განხორციელებით, რუსეთი მიზნად ისახავს საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას და ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევას როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერხელ ადასტურებს ერთგულებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების მიმართ და „მიზნად ისახავს, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო განაგრძობს „კონსტრუქციულ ჩართულობას“ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და რომ საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობისკენ“.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას და მადლიერია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, „პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების დაბრკოლება“.
სამინისტრო სამძიმარს უცხადებს და პატივს მიაგებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/08/2024 – ზახაროვა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებს
- 08/08/2024 – 2008 წლის ომის წლისთავის აღნიშვნის ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებენ
- 08/08/2024 – საქართველოს პრეზიდენტი ერგნეთში: ევროპა საბოლოო გამაერთიანებელი იქნება
- 07/08/2024 – საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ეხმიანებიან
- 07/08/2024 – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს პოლიტიკოსები ეხმიანებიან
- 07/08/2024 – მმართველი პარტია ნაციონალურ მოძრაობას 2008 წლის ომის დროს ღალატში ადანაშაულებს და სამართლებრივი შედეგებით იმუქრება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)