skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მედიასთან „ქართული ქარტიის“, არჩევნების, „ქართული ოცნების“, აშშ-ის დახმარების შეჩერებისა და ივანიშვილის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენცია გამართა და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური პროცესების შესახებ 50 სხვადასხვა მედიასაშუალების შეკითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციას არ ესწრებოდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც პრეზიდენტის მიწვევებზე უარის თქმის ტენდენციას აგრძელებს. პრეზიდენტმა იმედგაცრუება გამოხატა ამ ფაქტის გამო და აღნიშნა, რომ „ეს არის მათი ქარტიის დარღვევა“.

საქართვერლოს პრეზიდენტი 2 საათის განმავლობაში ტელევიზიების, რადიოების, ჟურნალ – გაზეთების, ინტერნეტ გამოცემების, უცხოური ბიუროების წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხობდა, რომელიც ,,ქართულ ქარტიას“, საქართველოს ევროპულ კურსს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკას და ქმედებებს, ასევე აშშ-ის დახმარების შეჩერებას შეეხებოდა. ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

„ქართული ქარტია“

პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე „ქართული ქარტიის“ ბევრი დეტალი განმარტა. დოკუმენტს, რომელიც რეფორმების საგზაო რუკას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ტექნიკური მთავრობა შეიქმნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დადაწყებად და 2025 წელს ახალი არჩევნები გაიმათება, ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე მოაწერეს ხელი.

ზურაბიშვილმა უარი თქვა სპეკულაციაზე, თუ ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი ან ვინ იყრის კენჭს ქარტიის წარმატების შემთხვევაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიებმა ახლა რეფორმების განხორციელებაზე უფრო უნდა გაამახვილონ ყურადღება, ვიდრე ხელმძღვანელი პოზიციების დაკავებაზე. მისი თქმით, ყველამ უარი უნდა თქვას პირად პოლიტიკურ ამბიციებზე.

კითხვაზე, თუ ვინ უზრუნველყოფს მხარეების მიერ ქარტიაში ასახული დაპირებების შესრულებას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამას ის თავად გააკეთებს, თუმცა უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხი ითამაშებს გადამწყვეტ როლს, რათა მხარეებს პასუხისმგებლობა დააკისროს მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პრინციპებიდან ნებისმიერი გადახრა, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ნდობისა და მხარდაჭერის დაკარგვას გამოიწვევს 2025 წლის არჩევნებზე.

ქარტიაში ასახული რეფორმების განხილვისას, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე, სადაც, მისი თქმით, „კლანური მმართველობაა“. მან მკაცრად დაგმო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე და განაცხადა, რომ კლანის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ ხელისუფლებაც კი მისი მძევალია.

მოახლოებული არჩევნები

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ძირითადი საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში მოიცავს „ქართული ქარტიის“ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოების ნდობის გაღვივებას ქარტიისა და მასში ჩართული პარტიების მიმართ, და „ევროპული ფრონტის“ მხარდაჭერას. პრეზიდენტის თქმით, იგი არ არის პარტიული კამპანიის წევრი, არამედ იგი ევროპული კამპანიის ლიდერია.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მომავალ არჩევნებზე თითოეული ხმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიესალმა რა ოპოზიციური პარტიების ნებისმიერ გაერთიანებას, მან განაცხადა, რომ მცირე პარტიები, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავენ, დამოუკიდებლად მონაწილეობით არ უნდა დაეხმარონ „ანტიევროპულ“ ქართულ ოცნებას, რომ მათი „დაკარგული ხმებით“ ისარგებლოს.

პრეეზიდენტი ასევე შეეხო ემიგრანტების ხმების საკითხსაც და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. თუმცა, მან იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეთა სხვადასხვა ინიციატივები ემიგრანტების მიერ ხმის მიცემას დაეხმარება.

ბიძინა ივანიშვილი

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან არ განუმარტა საზოგადოებას ბოლოდროინდელი ნაბიჯები, როგორიცაა ხელისუფლების ევროპული კურსიდან გადახვევა, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიცირება, ქვეყნის „იზოლაცია“ და „დასუსტება“, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების თაობაზე ხალხის სიხარულის „გათელვა“.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას აკლია ივანიშვილის ახსნა-განმარტებები, გარდა ორი გრძელი გამოსვლისა [გულისხმობდა ივანიშვილის 29 აპრილის და 16 ივლისის გამოსვლებს], რომლებიც, პრეზიდენტის თქმით, სავსე იყო სიძულვილით საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების მიმართ.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ხაზი გაუსვა რა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მათ ხელმძღვანელობაზე ივანიშვილის გავლენას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ის საზოგადოების წინაშე მართლაც ვალდებულია, რომ ახსნას ზოგიერთი პოზიცია“.

აშშ-ის დახმარების გაყინვა

პრეზიდენტმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს აშშ-ის განცხადებები და ქმედებები საქართველოს უსაფრთხოებაზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სწრაფი და მკაცრი პასუხი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე მოსალოდნელი იყო და არ გააკვირვებდა მას, დახმარების შემცირება „არ შეიძლება“ შეეხოს ქართულ არმიას და ლუგარის ლაბორატორიას.

„ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს. მით უმეტეს, ის მთლიანად არის შექმნილი ამერიკის მიერ“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ის ამ საკითხის განხილვას ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან გეგმავს, რომელიც, ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მალე ეწვევა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button