ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 30 ივლისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ბანკის თქმით, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი 3%-ის ქვემოთ ნარჩუნდება. ივნისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაცია 1.4%-ს შეადგენდა. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის სტაბილური დონე განაპირობებს. ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება და წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. განახლებული პროგნოზით 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.9% იქნება.
ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლებელია, ინფლაციური წნეხი წარმოქნას, კვლავ მაღალია. „ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა და, ასევე, ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, რაც იმპორტირებულ საქონელზე ინფლაციის ზრდის რისკს ქმნის. გარდა ამისა, გლობალურად არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს“, – აცხადებს ბანკი და დასძენს, რომ შიდა ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერია, რასაც გაზრდილი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. თუმცა ამ ეტაპზე ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც გაზრდილია, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას ამცირებს.
შიდა და გარე ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. „იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო“, – აცხადებს ბანკი.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 11 სექტემბერს ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/06/2024 – ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე ტოვებს
- 22/05/2024 – ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-დან 8.0%-მდე შეამცირა
- 13/03/2024 – ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-დან 8.25%-მდე შეამცირა
- 31/01/2024 – ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-დან 9%-მდე შეამცირა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)