skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-დან 8.0%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 22 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8.0%-მდე შეამცირა.

ბანკის თქმით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება. 2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3% შეადგინა. ბანკი აცხადებს, რომ წინა თვესთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა. თუმცა, „დროულად და საკმარისად  გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება, მიზნობრივ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა“. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“.

ეროვნული ბანკი ხაზს უსვამს, რომ დადებითი ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია.  ამასთან, სებ-ის შეფასებით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. შესაბამისად, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5.6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის.

„ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პპ-ით, 8.0%-მდე შეამცირა“, – აცხადებს ეროვნული ბანკი. „იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო“.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button