ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-დან 8.25%-მდე შეამცირა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შეამცირა.
ბანკმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და თებერვალში ფასების საერთო დონე წლიურად 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.4% შეადგინა. ბანკის თქმით, დაბალი ინფლაცია გამოიწვია მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ და შემცირებულმა ინფლაციურმა მოლოდინებმა, ასევე ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ დაბალინფლაციური გარემო ინფლაციურ მოლოდინებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც ასევე საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციურ რისკებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. „სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის პრესრელიზში.
ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს, მათი სიმწვავე შერბილებულია და დასძინა, რომ ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ რისკად წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირებაა. ბანკის თქმით, იანვარში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებაზე მიუთითებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური ზრდა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება.
ამ ეტაპზე არსებული ტენდენციების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე ამცირებს. „თუ ინფლაციის მოლოდინებსა და საგარეო რისკებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო“, – აცხადებს ბანკი.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/01/2024 – ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-დან 9%-მდე შეამცირა
- 20/12/2023 – საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 10%-დან 9.5%-მდე ამცირებს
- 25/10/2023 – ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 10%-ზე ტოვებს
- 13/09/2023 – ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25%-დან 10%-მდე შეამცირა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)