skip to content
ახალი ამბები

“უცხოელი აგენტების” შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატებიც ასაჩივრებენ

“უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე სარჩელი შევა. ამჯერად ოპოზიციონერი დეპუტატები, საპარლამენტო “გირჩის” გამოკლებით, ეცდებიან კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას.

“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი…ამ კანონს მაინც გავაუქმებთ, ახალი ხელისუფლება გადააგდებს სანაგვეში, მაგრამ კონსტიტუციით მონიჭებული უფლება ყოველთვის უნდა გამოიყენოს ადამიანმა,” განაცხადა რომან გოცირიძემ, საპარლამენტო ჯგუფ “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარემ.

საპარლამენტო “გირჩი” ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც კანონის წინააღმდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების საერთო ძალისხმევას არ შეუერთდა. “არ გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია,” განაცხადა “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ და დასძინა: “სხვების ოპტიმიზმი უნდა გვიკვირდეს, თორემ ჩვენი პესიმიზმი ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან გასაგებია საქართველოს მოსახლეობისთვის.”

16 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაასაჩივრა კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში. მას მოჰყვა 121 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის საერთო სარჩელი. გარდა გაუქმებისა, ისინი მოითხოვენ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებას ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

ყველა სარჩელში მხარეები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე აქცენტირებენ. აღნიშნული მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა შესაძლო ზომის მიღებას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად. გარდა ამისა, სარჩელის ავტორები საუბრობენ მთელ რიგ კონსტიტუციურ უფლებებზე, რომელთაც, მათი თქმით, კანონი არღვევს. კანონის 78-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრება ბოლო პერიოდში დასავლეთთან ქვეყნის აშკარად გაუარესებული ურთიერთობების ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყდება. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მზადდება კიდევ ერთი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს ონლაინ მედია საშუალება “მთის ამბები.” ამის შესახებ “მთის ამბების” მთავარმა რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა “ტელეკომპანია პირველს” განუცხადა.

ამასობაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც მმართველი პარტიის მსგავსად კანონს “გამჭვირვალობის კანონად” მოიხსენიებს, მტკიცედ აცხადებს, რომ “გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება.” მან ასევე ცინიკურად აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც თავის დროზე ამავე სასამართლომ კონსტიტუციის დამრღვევად სცნო, სასამართლოს ლეგიტიმურობა აღიარა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button