პრეზიდენტი “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
პრეზიდენტის სარჩელი კანონის გაუქმებას მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ავალდებულებს კონსტიტუციურ ორგანოებს ყველა ზომის მიღებას ევროკავშირსა და ნატო-ში ქვეყნის სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტის სარჩელი ასევე ამტკიცებს, რომ კანონი სხვა კონსტიტუციურ უფლებებსაც არღვევს.
“პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას,” განაცხადა გიორგი მსხილაძემ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციონერი პარლამენტარები დამოუკიდებლად ამზადებენ სარჩელებს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად. სავარაუდოდ, ორივე მათგანი, პრეზიდენტის სარჩელის მსგავსად, მოითხოვს კანონის გაუქმებას, რომლის საფუძვლადაც ისინიც კონსტიტუციის იმავე, 78-ე მუხლს მოიყვანენ.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, მხარი დაუჭირა პრეზიდენტის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში და გამოთქვა მზაობა, რომ იგი პროცესში იქნება ჩართული.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის კიდევ ერთ ნაბიჯს “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის წინააღმდეგ მიესალმებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
“78-ე მუხლთან დაკავშირებით…საგარეო კურსთან დაკავშირებით…საკონსტიტუციო სარჩელი არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი,” განაცხადა თეონა აქუბარდიამ, საპარლამენტო რეფორმების ჯგუფის წევრმა და დაამატა, რომ კანონის მიღების შედეგები უკვე “ხილულია,” რაც, მისივე თქმით, ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს გაუარესებულ ურთიერთობებში გამოიხატება.
“ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ახლა მაინც ქვეყნის და კანონის პრინციპებიდან ამოვა და არა ოლიგარქი ივანიშვილის,” დასძინა მან.
“უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის შედეგები მისი ამოქმედებიდან ერთ თვეში გამოჩნდა, რაც დასავლეთისგან ქვეყნის დისტანცირებაში გამოიხატა.
5 ივლისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე დაგეგმილი სამხედრო სწავლების, “ღირსეული პარტნიორის” “განუსაზღვრელი ვადით” გადადების შესახებ განაცხადა.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერდა. ამას გარდა, ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა მიეღო. დამატებით, ელჩმა სინანული გამოხატა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები “ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როცა შეიძლებოდა რეკორდულად ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე ყოფილიყო.”
10 ივლისს გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი ანტი-დასავლური გადაწყვეტილებების გამო გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ნებისმიერი ახალი ფინანსური ვალდებულება საქართველოს მიმართ, შეაჩეროს სამხედროების მონაწილეობა წვრთნებში “ღირსეული პარტნიორი,” რომელიც მანამდე აშშ-მა გააუქმა, და ასევე გააუქმოს მნიშვნელოვანი იურიდიული კონფერენცია.
2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ პირველად, ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც მოკავშირე სახელმწიფოების მეთაურებმა 11 ივლისს მიიღეს, არ შეიცავს ფორმულირებას, რომ “საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი იქნება.”
ამასობაში, მმართველი “ქართული ოცნების” ლიდერები ამტკიცებენ, რომ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ემსახურება და რომ იგი მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შანსებს. მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ მათი პოლიტიკა ქვეყანას რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის წევრად აქცევს.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/07/2024 – დარჩიაშვილს ნატოს სამიტზე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გადახედვისკენ მოუწოდეს
- 08/07/2024 – კალაძე გაუქმებულ სამხედრო წვრთნებზე: „საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი“
- 28/06/2024 – ევროპული საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროპულ გზას დაუბრუნდეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)