გაზეთი “თბილისი”, 1976 – ნიკოლაე ჩაუშესკუ თბილისშია
გაზეთი თბილისი, 11/08/1976
რედაქციისგან: გაზეთი “თბილისი” იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს საღამოს გაზეთი.
რუმინეთის დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ, საბჭოთა კავშირის დიდი მეგობარი გახლდათ. თავდაპირველი ეკონომიკური წარმატებების შემდგომ, მისი რეჟიმი კრიზისში შევიდა, განვითარება შეჩერდა, ხოლო 1980-იანი წლებიდან კი უკუსვლა დაიწყო. უმძიმესს ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, ძლიერდებოდა რეპრესიები, მაგრამ ქვეყანა იმდენად დასუსტებული იყო რომ ესეც კი შეუძლებელი გახდა. 1989 წლის მიწურულს, რუმინეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც მალევე რევოლუციაში გადაიზარდა. ხელისუფლებამ, ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, რომელსაც საერთო ჯამში 1200-მდე ადამიანი შეეწირა. რევოლუციას შეეწირა ჩაუშესკუცა და მისი ცოლიც, რომელიც ხალხის მხარეს გადასულმა ჯარმა შეიპყრო, მალევე გაასამართლა და დახვრიტა.
ნ.ჩაუშესკუ საქართველოში
გუშინ, 10 აგვისტოს რუმინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, რუმინეთისსოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტი ნ.ჩაუშესკუ განაგრძობდა რესპუბლიკის გაცნობას.
ნ.ჩაუშესკუ საქართველოს კომპარტიის გენერალური კომიტეტის პირველ მდივანთან ე.ა.შევარდნაძესთან და რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარესთან ზ.ჯ.პატარიძესთან ერთად იყო რუსთავში.
სტუმრებმა და რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს მეტალურგიული ქარხნის მარტენისა და მილსაგლინავი საამქროები. ახსნა განმარტებას იძლეოდა საწარმოს დირექტორი ო.ნ.სულაძე. შემდეგ გაიმართა საუბარი, რომლის დროს რუმინეთის კომპარტიის გენერალურ მდივანს, რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტს უამბეს რუსთავის – რესპუბლიკის ერთ-ერთი ინდუსტრიული ცენტრის მშენებლობის ისტორია. აქაური მეტალურგიული ქარხანა ნავთობისა და მანქანათმშენებელი მრეწველობისათვის ფოლადის მილების უდიდესი მწარმოებელია სსრ კავშირში.
რუსთაველები თავიანთ პროდუქციას ათობით საზღვარგარეთის ქვეყანას უგზავნიან, კერძოდ მილის ნამხადს აწვდიან რუმინეთის ქალაქ რომანის მილსაგლინავ ქარხანას. ამ კოლექტივთან ქართველ მეტალურგებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.
[…]საწარმოს მუშები და სპეციალისტები გულთბილად მიესალმნენ ნ.ჩაუშესკუს, სთხოვეს, სალამი და საუკეთესო სურვილები გადაეცით ჩვენს მეგობრებს – ქალაქ რომანის მილსაგლივანი ქარხნის მუშებსო.
ნ. ჩაუშესკუ მეუღლესთან – ელენე ჩაუშესკუსთან და სხვა რუმინელ ამხანაგებთან ერთად ეწვია თბილისის სამხატვრო აკადემიას. რექტორმა ვ.კ.თათიბაძემ სტუმრებს გააცნო თუ როგორ არის დაყენებული სასწავლო და აღმზრდელობითი მუშაობა უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთგანაც დაკავშირებულია ქართული საბჭოთა სახვითი ხელოვნების ჩამოყალიბება და განვითარება.
[…]ნ.ჩაუშესკუ მეუღლესთან ერთად იყო მცხეთაში, სადაც დიდი ინტერესით დაათვალიერა ხუროთმოძღვრების ძეგლები. […] შემდეგ საპატიო სტუმარი და მისი თანხმლები პირები ეწვივნენ საქართველოს სსრ მეურნეობის მიღწევათა გამოფენას. კვების პავილიონში გადაიშალა ქართული მიწის ბარაქა. რესპუბლიკის კვების მრეწველობის მინისტრმა რ.პ.კონცელიძემ ნ.ჩაუშესკუს კითხვების პასუხად თქვა რომ კვების მრეწველობის ხვედრითი წონით საქართველოს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია.
[…]დღეს რუმინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ნ.ჩაუშესკუ და მისი თანმხლები პირები თბილისიდან ერევანს გაემგზავრნენ.