skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარემ ჰომოფობიური კანონმდებლობა წარმოადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს დაარეგისტრირებს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს. მისი თქმით, პაკეტი მოიცავს ძირითად კანონმდებლობას და მასთან დაკავშირებულ 18 ცვლილებას საქართველოს სხვადასხვა კანონში, მათ შორის შრომისა და განათლების შესახებ კანონებში.

  • შემოთავაზებული კანონმდებლობით დაუშვებელი იქნება ქორწინების „ალტერნატიული“ კავშირის დარეგისტრირება, ხოლო იმ პირებს, რომლებიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან, მარტოხელა ადამიანებს, თუ ეს ადამიანი არ არის ჰეტეროსექსუალი, ბავშვის აყვანის უფლება არ ექნებათ.
  • პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტით აიკრძალება დოკუმენტებში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
  • კანონპროექტით ასევე აკრძალული იქნება სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარება ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.
  • ამასთანავე, დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში „ლგბტ პროპაგანდის“ წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესთან მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
  • რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის ეს ეხება მაუწყებლებს, პაპუაშვილის თქმით, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა: „მნიშვნელოვანია აქ შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნას დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება“.
  • ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ დაუშვებელი იქნება „ასეთი სცენების გაშვება ეთერში”.
  • დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება, ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
  • „ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ“, – დასძინა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე გავა და საბოლოოდ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იქნება მიღებული. მან ასევე განაცხადა, რომ მსურველებს ექნებათ დრო, მონაწილეობა მიიღონ ინიციატივის განხილვაში.

ინიციატივის წარდგენისას იგი 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღნიშვნასაც შეეხო და განაცხადა, რომ ასიათასობით ადამიანმა მთელი საქართველოს მასშტაბით ეს დღე ქუჩებში აღნიშნა და რომ ეს იყო „სახალხო რეფერენდუმი“.

ასევე წაიკითხეთ:

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button