skip to content
ახალი ამბები

ანტი-ლგბტ კანონმდებლობის მიღებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს ანტი-ლგბტ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით, 84 ხმით 0 წინააღმდეგ მიიღო. პაკეტი შედგება ძირითადი კანონპროექტისაგან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 თანდართული ცვლილებისგან საქართველოს სხვადასხვა კანონში.

„სამოქალაქო საქართველო“ ანტი-ლგბტ საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე საერთაშორისო გამოხმაურებებს გთავაზობთ:

მარკ კულსი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი: „ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონმდებლობის მიღების გამო… ეს კანონმდებლობა, როგორც ჩანს, ძირეულად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და მსგავსი შინაარსის საკონსტიტუციო კანონპროექტს ადრე ვენეციის კომისიის კრიტიკული მოსაზრება მოყვა. ის უარყოფს ლგბტი ადამიანებს, მათ ადამიანურ ღირსებას, ძირს უთხრის თანასწორობის, ინკლუზიისა და მრავალფეროვნების ღირებულებებს, რომლებიც მტკიცე დემოკრატიული საზოგადოებების საფუძველია და რომელთაც კონგრესი მტკიცედ იცავს და ხელს უწყობს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ.

განსაკუთრებით მაშფოთებს ის, რომ ამ კანონმდებლობის შედეგად, დისკრიმინაციის, მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დამყარებული დისკრიმინაციის მტკიცედ უარყოფის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება მმართველობის ყველა დონეზე კანონით ვალდებული იქნება, ისეთი პოლიტიკა განახორციელოს, რომელიც არღვევს ლგბტი ადამიანების უფლებებს და ამით ხელს უწყობს მათ სტიგმატიზაციას და სოციალურ გარიყულობას… ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს ამ კანონმდებლობას და ასევე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს არ გადალახოს კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვეტო…“

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშისი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში: „საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ძირს უთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს და გაზრდის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას. მოვუწოდებ საქართველოს უკან გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელიც კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროკავშირის გზას“.

მეთიუ მილერი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: „…თვეების განმავლობაში ვამბობდით, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დაუცველი და მარგინალიზებული ადამიანების დარბევით სულ უფრო შორდება თავის გაცხადებულ სურვილს და მისი ხალხის აშკარა სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, და ეს კანონი სწორედ ამის დასტურია“.

მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „შემაშფოთებელია იმის დანახვა, როგორ თელავს საქართველო უმცირესობის ზოგიერთი ჯგუფის უფლებებს ოჯახური ფასეულობების დაცვის საფარქვეშ“.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციას. ის არღვევს ინდივიდულ პირთა სამოქალაქო უფლებებს, როგორც აღნიშნა ვენეციის კომისიამ, და აშორებს საქართველოს ევროკავშირს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი“.

ესპენ ბარტ ეიდე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ნორვეგია სინანულს გამოთქვამს საქართველოს მიერ ანტი-ლგბტ+ საკანონმდებლო პაკეტის მიღების გამო. ეს ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს გადახედოს ამ საკითხს“.

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში: „დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს  საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის’’ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე  მოსმენით მიღების გამო. ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. ამ საკანონმდებლო პაკეტს გავლენა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ვწუხვართ, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულ იქნა ვენეციის კომისიის რჩევის, რომ ის ‘’სრულიად უნდა გადაიხედოს და მისი მიღება უნდა შეჩერდეს“ უგულებელყოფით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს“.

შერაზ გასრი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში: „ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა უფლებების სახელით ლგბტ+ პირების დევნა ეწინააღმდეგება ადამიანის საყოველთაო უფლებებს და ნებისმიერი ნიშნით სიძულვილის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წაქეზებისაგან ყველა ადამიანის დაცვის აუცილებლობას. საქართველოს ანტი-ლგბტ კანონი კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის გზაზე“.

ფრიდომ ჰაუსი: „ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა საქართველოს ლგბტ+ თემზე და ყველა ქართველის ფუნდამენტურ თავისუფლებაზე. ეს ნაბიჯი, ისევე როგორც გასულ მაისში „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღება, პირდაპირ არის ამოღებული კრემლის ავტორიტარული თამაშის წესებიდან და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ კურსს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს ეს კურსი“.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი: „ჩვენი ფიქრები საქართველოს ლგბტქ+ ადამიანებთანაა, რომელთა უფლებებიც უკვე განიხილება და რეპრესიები ემუქრება. ვწუხვართ, რომ ახალი კანონი ძირეულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის 21-ე მუხლს, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას ნებისმიერი მიზეზით, როგორიცაა სქესი და სექსუალური ორიენტაცია. ვწუხვართ, რომ ეს ართულებს ქართული საზოგადოების გზას ევროინტეგრაციისკენ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button