skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონმდებლობა მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს ანტი-ლგბტ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით, 84 ხმით 0 წინააღმდეგ მიიღო. პაკეტი შედგება ძირითადი კანონპროექტისაგან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 თანდართული ცვლილებისგან საქართველოს სხვადასხვა კანონში.

ოპოზიციური დეპუტატების უმრავლესობა პლენარულ სხდომას არ დასწრებია, რადგან უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ისინი საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ.  

კანონის მესამე მოსმენით მიღებამდე, 32-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ  განცხადება გაავრცელა, სადაც საკანონმდებლო პაკეტი დაგმო. ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ იღებს კანონების პაკეტს, რომლის „მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა“.

ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო პაკეტი სინამდვილეში „საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვნებს უდგათ, როგორიცაა სიღარიბე, ინფლაცია, მზარდი ემიგრაცია, საბაზისო საჭიროებებზე ხელმიუწვდომლობა, ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა, რესურსების უსამართლო და უთანასწორო გადანაწილება, უხარისხო ჯანდაცვა და განათლება და ა.შ. „ერთადერთი გზა, ვუპასუხოთ ამ და სხვა რეალურ გამოწვევებს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრინციპული და მტკიცე წინსვლაა – სწორედ ის, რისი შეფერხებასაც ხელისუფლება, მათ შორის ამ საკანონმდებლო პაკეტითაც, ცდილობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ საკანონმდებლო პაკეტი სინამდვილეში ცენზურის დაკანონებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში უხეშ ჩარევას მოიაზრებს. „პაკეტი თავისი არსით ეხება არამხოლოდ ერთ ჯგუფს, ლგბტქ თემს, არამედ ქმნის პრეცედენტს, რომ მომავალში მთავრობას შეეძლოს ნებისმიერ მოქალაქეს ჩამოართვას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. არაერთი ისტორიული მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ ხდება ერთი ჯგუფისათვის უფლებების შეზღუდვა უფრო მასშტაბური რეპრესიების დასაწყისი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „გვახსოვს, თუ როგორ უგულებელყო მმართველმა გუნდმა საზოგადოების დაკვეთა „რუსული კანონის” უკან გაწვევის თაობაზე, ჩვენ საქართველოს პარლამენტს აღარაფერს მოვუწოდებთ“. თუმცა, ისინი მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს კანონების პაკეტს და არ დაუშვას სიძულვილის, ცენზურისა და ჩაგვრის დაკანონება; სახალხო დამცველს, მიიღოს ყველა ზომა, კანონების პაკეტის კრიტიკული საჯარო შეფასებისა და მომავალში შესაბამის სასამართლოებში მისი გასაჩივრების მიზნით; სამოქალაქო და პოლიტიკურ მოძრაობებს, მიიღონ ზომები ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ინიციატივების გრძელვადიანი გავლენის შესაჩერებლად.

„გვჯერა, რომ 26 ოქტომბერი ცვლილებების მომტანი იქნება, რადგან ვხედავთ, რომ საქართველო დღითიდღე ირჩევს სოლიდარობის, ხიდების მშენებლობისა და უდრეკი ერთიანობის გზას. მადლობა ვუხდით თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ნამდვილ ქართულ ღირებულებებს – შემწყნარებლობასა და ურთიერთპატივისცემას – პირადი მაგალითით ასაზრდოებს. სოლიდარობას გამოვხატავთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყველაზე აშკარად ზარალდებიან ამ მანიპულაციურ პროცესში“, – დასძენენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

26 ივნისს ვენეციის კომისიამ კანონისა და ცვლილებების შესახებ თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა. კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „მთლიანად გადახედოს ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელოს მისი მიღება“ ან, მისი მიღების პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, ამოიღოს/შეცვალოს მისი ზოგიერთი მუხლი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button