skip to content
ახალი ამბები

ხუთი წელი „გავრილოვის ღამიდან“

დღეს თბილისში ე.წ. „გავრილოვის ღამიდან“ ხუთი წელი გავიდა. ზუსტად ამ დღეს, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან დელეგატებს რუსულად მიმართა. ის ადამიანები, რომელთაც ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების მასიური გამოყენების შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღეს, დღემდე არ არიან აღიარებული მსხვერპლად, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდებების მიუხედავად, ძალადობაში პასუხისმგებელი პირები ჯერაც არ არიან გამოვლენილი.

არსებული სიტუაცია

აქციის მონაწილემ დავით ფარადაშვილმა, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის სასტიკი ჩახშობის შედეგად გადაადგილების უნარი დაკარგა, მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს დღეს მიმართა. მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ დაფაროს მისი მკურნალობის ხარჯები და უზრუნველყოს მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება. ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ფარადაშვილი ამ ხუთ წელს „ჯოჯოხეთის ხუთ წლად“ აფასებს და ამბობს, რომ წლებია იგი, როგორც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ვერ ახერხებს მუშაობას და სრულფასოვან ცხოვრებას.

ამავე თემაზე დღეს რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა მაკო გომურმა, რომელმაც გავრილოვის ღამეს თვალი დაკარგა. მისი თქმით, მისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი იმის დადგენა, ვინ ესროლა ტყვია, რომელმაც თვალი დაუზიანა, არამედ ის, რომ შეიცვალოს სისტემა და პრორუსული ხელისუფლება.

დღეს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დაფიონმა“ თბილისში, პარლამენტის წინ და ბათუმში, ერას მოედანზე 19:00 საათზე აქცია დააანონსა.

წინაისტორია

გავრილოვი პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) პრეზიდენტის რანგში მივიდა, რომელიც თბილისში 26-ე სესიას ატარებდა. 2019 წლის 19 ივნისს დაგეგმილი სხდომა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან გავრილოვის რუსულად გამოსვლას ბოიკოტი გამოუცხადეს. მათი პროტესტი გარეთ გაგრძელდა და მას ბევრი ქართველი შეუერთდა. აქციის მონაწილეები მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარისა და ამჟამად პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ.

მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა, ასევე პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს პარლამენტში რუსი პარლამენტარის ქმედება დაგმეს და ეს ფაქტი „პროტოკოლური შეცდომით“ ახსნეს.

მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქციები 20-21 ივნისის ღამეს გაგრძელდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში რუსი დეპუტატის მისვლას აპროტესტებდნენ და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების გადადგომას მოითხოვდნენ. გვიან ღამით საპროტესტო აქციების ინტენსიური დარბევა დაიწყო. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების ინტენსიური გამოყენება იმით გაამართლეს, რომ ოპოზიციამ აქციის მონაწილეთა „მანიპულირება მოახდინა“ და მათ შურისძიების მიზნით ძალადობისკენ უბიძგა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დელეგაცია ქვეყნიდან უკვე გამგზავრებული იყო.

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ამჟამინდელ ოპოზიციურ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას პროტესტის დასაშლელად არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის პასუხი არ უგია. 2019 წლის 28 ივნისს მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: „მე თუ ხალხის თვალში გავხდი სისხლიანი ჯალათი, ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში ძალადობრივად ინსტიტუტებზე შეტევა არის შეუძლებელი, ქვეყნის განვითარებასთან შეუსაბამო, მე ამ ტვირთს როგორმე ვატარებ“. თუმცა, „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ, გახარიამ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა.

შემდგომი ვითარება

აქციის დარბევისას 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი და 30-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის „სამოქალაქო საქართველოდან“ გურამ მურადოვი. 102 პირი საავადმყოფოში სისხლჩაქცევებითა და თვალის ტრავმებით გადაიყვანეს. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, ბევრს ჯერაც არ მიუღია მსხვერპლის სტატუსი და მხოლოდ რამდენიმეს მიენიჭა ეს სტატუსი პროკურატურის გადაწყვეტილებით 2019 და 2023 წლებში.

პარალელურად, 19 პირი, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი ნიკა მელია და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2004-2006 წწ.) ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს 20-21 ივნისის არეულობის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. მათ ხელისუფლების დამხობის მცდელობაშიც ედებოდათ ბრალი. ამასთან, 305 მომიტინგე სხვადასხვა, მათ შორის სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურამ გამოძიება 20-21 ივნისის აქციაზე გარკვეული მონაწილეების მიმართ პოლიციის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 2019 წლის 24 ივნისს დაიწყო. 10 პოლიციელს შეუჩერდა სამსახურებრივი მოვალეობა, ზოგიერთი პოლიციელი მალევე, 15 ივლისს, 16 ივლისსა და 28 აგვისტოს დააკავეს. თუმცა, ერთ-ერთი დაკავებული გირაოს სანაცვლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს. ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომიტინგეების ნაწილისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

2024 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საჩივრებზე სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, კერძოდ მისი მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების დარღვევა დაუდგინა და მომჩივანთა სასარგებლოდ ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button