2019 წლის ივნისის აქციების დროს დაზარალებულ ჟურნალისტს მორალური ზიანი აუნაზღაურდება
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 5 ოქტომბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჟურნალისტ ეკატერინე აბაშიძის სარჩელი, რომელსაც 20-21 ივნისს საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით.
„სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებამდე დადგა, რომელიც მიმდინარეობს საპროტესტო შეკრებისას სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობისა და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე“, – განაცხადა საია-მ.
გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის შესული კანონიერ ძალაში და მოსარჩელე მხარე, მორალური ზიანის ოდენობის ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ განიხილავს.
20-21 ივნისს, რუსთაველის გამზრიზე სამართალდამცავების მიერ ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინიის ტყვიებით დაშლის დროს 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 40 ჟურნალისტი დაშავდა. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 20 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიაზე რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი სავარძელიდან მიმართა.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/12/2019 – 2019 წლის მიმოხილვა
- 21/06/2019 – ჯანდაცვის სამინისტრო: საპროტესტო აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა
This post is also available in: English (ინგლისური)