სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. ‘გავრილოვის ღამის’ საქმეებზე საქართველოს ზიანის ანაზღაურება დააკისრა
7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საჩივრებზე სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, კერძოდ მისი მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების დარღვევა დაუდგინა და მომჩივანთა სასარგებლოდ ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს 26-მა ქართველმა აქტივისტმა და ჟურნალისტმა 5 საქმით მიმართა. ეს საქმეებია: ბერიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, სვანაძე საქართველოს წინააღმდეგ, ცაავა და კმუზოვი საქართველოს წინააღმდეგ. საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3, მე-10, მე-11, მე-13, 34-ე მუხლების საფუძველზე შევიდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „მყისიერად“ და „საკუთარი ინიციატივით“ დაიწყო გამოძიება, და ამასთან აღიარებს, რომ სისხლის სამართლის გამოძიების კომპლექსური ხასიათი გარკვეულ გამოწვევებს უქმნიდა ხელისუფლებას არსებული მასალის დროულად გაანალიზებისას. „თუმცა, სასამართლო ვერ ჩათვლის, რომ ხელისუფლების მიერ მოყვანილი მიზეზები საკმარისია იმის გასამართლებლად, რომ მან ვერ გასწია სათანადო ძალისხმევა გამოძიების ძირითადი მიმართულებების გასატარებლად, და ამგვარი ვითარება უკვე ოთხნახევარ წელზე მეტია გრძელდება“.
სასამართლოს თქმით, ხელისუფლება არ დავობს, რომ მომჩივანთა დაზიანებები რეზინის ტყვიებით იყო გამოწვეული. „სასამართლო ვერ უგულებელყოფს რისკებს ადამიანთა სიცოცხლეებისა და ჯანმრთელობის მიმართ, რაც ასეთი არალეტალური საბრძოლო მასალის არასათანადო გამოყენებითაა გამოწვეული“, – აცხადებს სასამართლო. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ ყველა დაზიანება, რომელიც მომჩივნებმა მიიღეს და რომელიც სათანადოდ იყო დოკუმენტირებული, საკმარისია კონვენციის მე-3 მუხლის ასამოქმედებლად.
თუმცა, სასამართლო მე-3 მუხლის დარღვევას მხოლოდ პროცედურულ ნაწილში ადგენს, და არა არსებით ნაწილში, რითიც ითვალისწინებს გამოძიების რთულ ხასიათს, კოვიდ-19-ის პანდემიას, რომელმაც შეანელა გამოძიების პროცესი და ასევე იმ ფაქტს, რომ ბევრმა განმცხადებლებმა განაცხადები ნაადრევად შეიტანეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი ანალიზის ჩატარება შეუძლებელია ხელისუფლების გამოძიების დასრულებამდე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება გამოძიების დროს აწყდება, ის არის, რომ შეუძლებელია იმ სამართალდამცველების იდენტიფიცება, რომელთაც რეზინის ტყვიები ისროლეს, რადგან ისინი ნიღბებში იყვნენ და არც საიდენტიფიკაციო ნიშნები ჰქონდათ“.
2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ პოლიციის მიერ ანტისაოკუპაციო აქციის დარბევისას სულ ცოტა 240 ადამიანი, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი და 80 პოლიციელი დაშავდა. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა 2019 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტში გამართული მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე აუდიტორიას სპიკერის ადგილიდან სიტყვით მიმართა.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/12/2023 – შსს-ს 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთათვის სარჩოს გადახდა და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა
- 20/06/2023 – შსს-ს 20-21 ივნისის აქციის მონაწილისთვის 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა
- 24/09/2021 – სასამართლომ შსს-ს 20 ივნისს დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)