skip to content
ახალი ამბები

შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე დღეს კიდევ ორი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები 20 -21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში იღებდნენ მონაწილეობას და პარლამენტის შენობაში შტურმით შეჭრას ცდილობდნენ.

აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში ჯამში 19 პირია მიცემული, მათ შორის პარლამენტის წევრი ნიკა მელია, რომელსაც სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა და თავისუფლად გადაადგილების უფლება შეეზღუდა. 

25 ივლისს კი შსს-მ „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე“ ოპოზიციური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ ოთხი პირი დააკავა.  

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების პარალელურად, გამოძიება ამბოხის მცდელობის კვალიფიკაციითაც მიმდინარეობს, თუმცა ამ ბრალდებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლის დროს, 240-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. აქციის რამდენიმე მონაწილემ მძიმე დაზიანებები მიიღო.

საპროტესტო აქციის დარბევაზე შს მინისტრის გიორგი გახარიასგან პასუხისმგებლობის აღებისა და მისი გადადგომის მოთხოვნით აქციები 21 ივნისიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

პროკურატურაში გამოძიება 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზეც მიმდინარეობს. ამ დრომდე აღნიშნული ბრალდებით შსს-ს მხოლოდ ორი თანამშრომელია დაკავებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button