ახალი ამბები

შსს-ს 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთათვის სარჩოს გადახდა და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა 27 დეკემბერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დაშლის შედეგად დაზარალებული პირების სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი და  შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება და სარჩოს გადახდა დააკისრა.

20-21 ივნისის მოვლენების შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა, გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა, თუმცა სასამართლომ მისთვის სარჩოს გადახდის დაკისრების გადაწყვეტილება არ მიიღო და შსს-ს მხოლოდ 20 000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. საია-მ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საია-ს თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი სულაშვილის და კიდევ ერთი დაზარალებულის სააპელაციო საჩივრები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, გიორგი სულაშვილის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩოს გადახდა 780 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, რომელიც ანონიმურობას ინარჩუნებს, შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა დაეკისრა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და შსს-ს მის სასარგებლოდ 50 000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არაა შესული.

2019 წლის 20-21 ივნისს, პოლიციის მიერ პარლამენტის წინ მიმდინარე ანტი-საოკუპაციო აქციის დაშლის შედეგად სულ ცოტა 240 ადამიანი, მათ შორის 40 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი დაშავდა. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიაზე რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი სავარძელიდან მიმართა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button