ეუთო/ოდირის მისია საქართველოს სტუმრობს
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორი, მატეო მეკაჩი 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.
შეხვედრისას პრეზიდენტმა “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის მიღებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და დემოკრატიულ განვითარებაზე შესაძლო შედეგები განიხილა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი და სტაბილური წინასაარჩევნო გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობას. ასევე სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა პარტნიორების მხარდაჭერისა და მაღალი დონის ვიზიტების გაგრძელების მნიშვნელობას, რაც „ქართველი ხალხისთვის ძალიან დიდი სტიმული და იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზას ჩვენს პარტნიორებთან ერთად და მათი მხარდაჭერით გადის“.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, არჩევნების დროს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციების და ადამიანის უფლებათა ოფისი მზადაა როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია მოავლინოს საქართველოში. თავის მხრივ ეუთო/ოდირის დირექტორმა გამოთქვა მზაობა, გააძლიეროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ვეტოს დაადებს ყველა იმ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიულ განვითარებას.
რაც შეეხება შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
“საუბარი, ასევე, შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. შალვა პაპუაშვილმა ეუთო/ოდირის დირექტორს კანონის მიზანი და შინაარსი გააცნო. მან, აგრეთვე, კანონთან დაკავშირებული შემდგომი დიალოგისთვის ღიაობა დააფიქსირა”, – ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლები ამჟამად საქართველოს სტუმრობენ და ცალცალკე შეხვედრებს მართავენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)