skip to content
ახალი ამბები

ეუთო/ოდირის საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ. მათ უკვე გამართეს ცალკე შეხვედრები ოპოზიციონერ დეპუტატებთან საპარლამენტო ჯგუფებიდან „გირჩი“, ევროოპტიმისტები, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთან“ და „მოქალაქეები“.

პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, განხილვების მთავარი თემა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება იყო. „ვისაუბრეთ იმ გარემოზე, რომელიც საქართველოში დღეს არის შექმნილი დემოკრატიის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების კონტექსტში. მისიის წევრები დაინტერესდნენ თუ რა გამოწვევებია წინასაარჩევნო პერიოდში, რაზეც სტუმრებს იმ პრაქტიკული გამოწვევების და ზეწოლის შესახებ ინფორმაცია გავაცანი, რომელსაც ხელისუფლება არა მხოლოდ ოპოზიციონერი აქტივისტების, არამედ საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართავს“, – განაცხადა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“.

დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ პოლიტიკური ჯგუფიდან „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ განაცხადა, რომ მათ სთხოვეს დასავლელ პარტნიორებს, რომ იმუშავონ ხელისუფლებასთან და მმართველ პარტიასთან ელექტრონული ხმის მიცემის სისტემასთნ დაკავშირებით, რათა „ქართული ემიგრაცია და დიასპორა მეტად იყოს ჩართული საქართველოში გამართულ არჩევნებში“.

„ვისაუბრეთ იმაზეც, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა არჩევნებზე არის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების რაიმე ფორმით გაყალბების საშუალება არ ჰქონდეს“, – განაცხადა დეპუტატმა  ქეთევან თურაზაშვილმა „მოქალაქეებიდან“ შეხვედრის შემდეგ.

რაც შეეხება „გირჩთან“ შეხვედრას, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ „ფაქტობრივად ყველა საკითხს შევეხეთ, რაც უშუალოდ არჩევნებს და არჩევნების დღეს უკავშირდება. ვისაუბრეთ ბიულეტენების დათვლის მექანიზმზე და იმ პრობლემებზე, რომელიც საარჩევნო გარემოს ეხება“.

„ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ძალიან დამძიმებულია, რადგან სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა „ქართული ოცნების“ მიერ არის მიტაცებული“, – ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში, რომელიც „ევროოპტიმისტებიდან“ ხატია დეკანოიძესა და მისიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button