The Hill: „აგენტების“ კანონისთვის საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირების მიზნით ჯო უილსონი კანონპროექტს აინიცირებს
19 მაისს The Hill-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ამზადებს კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას, მათ შორის სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღებაზე არიან პასუხისმგებელნი. უილსონის კანონპროექტი, ისევე როგორც მსგავსი კანონმდებლობა სენატში, მიზნად ისახავს გააფრთხილოს „ქართული ოცნება“, რომ არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ მას კონკრეტული შედეგებით ემუქრება.
„სიტუაცია საქართველოში გულსატკენია. ქართველი ხალხი თავისუფლების განსახიერებაა და ამერიკელების შთაგონებას განაგრძობს… სამწუხაროდ, პრორუსული [ქართული ოცნების] ხელისუფლება ეწინააღმდეგება პატრიოტ ქართველებს, რომელთაც არ სურთ კრემლის ბნელ პერიოდში ცხოვრება. თავისუფლებისმოყვარე ქართველების რეპრესიები უნდა შეწყდეს. აშშ კვლავ მტკიცედ მოუწოდებს [ხელისუფლებას] დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაბრუნებისკენ”, – უთხრა უილსონმა The Hill-ს.
The Hill-ის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოდ ორშაბათს, 20 მაისს იქნება წარდგენილი, შედარებით მარტივად გაივლის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენას.
უილსონის კანონპროექტი ასევე მოითხოვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსენება მოამზადოს საქართველოში რუსეთის დაზვერვის აქტივების, ასევე ჩინეთის გავლენის მასშტაბებისა და ამ ქვეყანაში ჩინეთ-რუსეთის მავნებლური თანამშრომლობის შესახებ. იგი ასევე მოითხოვს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, კონგრესს ანგარიში წარუდგინოს „არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის კვანძების შესახებ საქართველოში“, განსაკუთრებით თუ მათი მიზანი რუსეთის დახმარებაა.
კანონპროექტი ასევე მოითხოვს ინფორმაციის მიღებას იმ პირთა შესახებ საქართველოში, რომელთაც შესაძლოა თავი აარიდეს რუსეთის წინააღმდეგ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. გარდა ამისა, ის ასევე მოითხოვს სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ხელისუფლების სახელით მუშაობენ და, სავარაუდოდ, ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ოპოზიციის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ ამოქმედდება, და „დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის“ შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც არჩევნებამდე დემოკრატიულ პროცესს გააკონტროლებს. უცხოელი აგენტების კანონის გაუქმების შემთხვევაში, კანონპროექტი გარკვეული პრივილეგიების შემოღების ინიციატივით გამოდის და მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, გაზრდილ შესაძლებლობებს ქართველებისთვის აშშ-ში მოგზაურობისა და სწავლის კუთხით, და ეკონომიკურ დახმარებას ასახელებს. გარდა ამისა, ის მოუწოდებს აშშ-ს პრეზიდენტს უზრუნველყოს წვრთნა, მხარდაჭერა და თავდაცვის აღჭურვილობა, რათა დაეხმაროს საქართველოს დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.
თუმცა, უილსონის მიერ კანონპროექტში შემოთავაზებული პრივილეგიები მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება დაადასტურებს, რომ საქართველო აღწევს „მნიშვნელოვან და მდგრად პროგრესს თავისი დემოკრატიის აღორძინებისკენ, რაც დადასტურებული იქნება მინიმუმ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი“.
„საჭიროა, რომ აღიარებულ იქნას ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღწეული პროგრესი დემოკრატიული სულისკვეთებით გამსჭვალული ინოვაციური და პროდუქტიული საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში“, – ნათქვამია უილსონის კანონპროექტში.
კანონპროექტის შესახებ Politico-ც წერს, რომლის თანახმადაც, „დემოკრატიის დაცვისა და უზრუნველყოფის“ მიზნით, კანონპროექტი სანქციების დაწესებას მოითხოვს ჩინოვნიკებსა და იმ პირებზე, რომელთაც „მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების შელახვაზე ან დაზიანებაზე“ და რომ ის ვიზებზე აკრძალვას დაუწესებს პოლიტიკოსებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „რუსული ტიპის“ კანონის მიღებაზე. სანქციები ასევე შეეხება საქართველოს სამართალდამცავ და უშიშროების სამსახურებს, რომელთაც კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაარბიეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/05/2024 – სენატორები: კონგრესი საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ცვლილებას განიხილავს
- 30/04/2024 – ამერიკელი კონგრესმენები: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან აშორებს
- 27/04/2024 – სენატორები „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით კობახიძეს აშშ-ის პოლიტიკის შეცვლის თაობაზე აფრთხილებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)