skip to content
ახალი ამბები

ამერიკელი კონგრესმენები: „უცხოელი აგენტების“ შესახებ  კანონპროექტი საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან აშორებს

აშშ-ის კონგრესში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა ოსტინ სკოტმა 29 აპრილს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც შეშფოთება გამოხატეს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით. კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი, „ვლადიმირ პუტინის კანონპროექტის მსგავსად, საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან აშორებს“.

კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ მსგავს მოვლენებს 2012 წელს ჰქონდა ადგილი, როდესაც ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „უცხოელი აგენტების კანონს“, რომელიც ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან და უცხოურ დაფინანსებას იღებენ, უცხოელ აგენტებად დარეგისტრირებას ავალდებულებს. „პუტინმა „უცხოელი აგენტების კანონი“ გამოიყენა, რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, გაენადგურებინა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება და გაეყმარებინა თავისი, როგორც დიქტატორის სასტიკი მმართველობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს რესპუბლიკისთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება და წინ წაწევა, რომელიც პუტინის იმავე ანტიდემოკრატიულ ინსტრუმენტს ემსგავსება. ჩვენ კვლავაც ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მოვუწოდებთ ლიდერებს, გაითვალისწინონ მათი მოწოდებები აყვავებული და შეუფერხებელი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოსა და ისეთი მთავრობის უზრუნველყოფისკენ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და პასუხს აგებინებს მათ, ვინც კორუფციაშია ჩართული“, – აცხადებენ კონგრესმენები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button