ახალი ამბები

მოსამართლეთა კონფერენციამ „ვეტინგი“ დაგმო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი აირჩია

საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციამ ერთხმად დაუჭირა მხარი უზენაესი სასამართლოს მიერ 11 მარტს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც გმობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, ე.წ. „ვეტინგის“ მექანიზმის მეშვეობით შემოწმების ინიციატივას.

 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ „ვეტინგის“ მექანიზმი „ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის „საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი“, რითიც აადვილებს „პოლიტიკური კონტოლის განხორციელებას სასამართლო ხელისუფლებაზე“.

მოსამართლეთა კონფერენციამ ლევან თევზაძე და ვასილ მშვენიერაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად აირჩია. ნიკოლოზ მარსაგიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა.

ლევან თევზაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ 2021 წელს აირჩიეს. 2015-2018 წლებში იგი იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. სასამართლო სისტემაში იგი 2008 წლიდან მუშაობს. მანამდე 2004-2008 წლებში მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. უფრო ადრე, 2002-2004 წლებში იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.

ვასილ მშვენიერაძე 2022 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ხოლო ივლისიდან არის ამავე კოლეგიის თავმჯდომარე. 2017 წლიდან მას სხვადასხვა თანამდებობები ეკავა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. 2017-2021 წლებში იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. მანამდე, 2008-2017 წლებში იგი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა.  

ნიკოლოზ მარსაგიშვილი 2020 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მოსამართლეთ კონფერენციამ იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად 2020 წელს აირჩია. 2019 წლიდან იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. 2019-2020 წლებში იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. სასამართლო სისტემაში მარსაგიშვილი 2008 წლიდან მუშაობს.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მოხსენება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ რეკომენდაციას იძლევა, რომ სასამართლო სისტემის ყველა წამყვანი პოზიციისთვის შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, და ჩამოყალიბდეს ქონებრივი დეკლარაციების ეფექტური სისტემა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ვეტინგის“ მექანიზმის ამოქმედება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი არ დაეთანხმა უზენაესი სასამართლოს განცხადებას, რასაც მმართველი პარტიისა და პრემიერ-მინისტრის მხრიდან მათ მიმართ მწვავე კრიტიკა მოყვა.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ 22 მარტს განაცხადა,  რომ სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და სასამართლო სისტემაში წამყვან პოზიციებზე მყოფ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება, გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button