skip to content
ახალი ამბები

უფლებადამცველები: საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს სამართლიანი სასამართლოს უფლება არ აქვთ

ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში შემაშფოთებელ ტენდენციებზე საუბრობენ და ყურადღებას ამახვილებენ პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ სამართალდამცავი სტრუქტურების გამოყენებაზე, სამართლიანი სასამართლოს არარსებობასა და პატიმრობის, როგორც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, სათანადო დასაბუთების გარეშე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „ევროპულმა ორბიტამ“ და კანონის უზენაესობის ცენტრმა 2024 წლის აპრილიდან 2025 წლის იანვრამდე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ათობით პირის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს. მასში მოცემულია სახელები და გვარები, ბრალდებები, ამჟამინდელი სტატუსი და საქმის განმხილველი მოსამართლეების გვარები.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სისხლის სამართლის წესით დევნა დაიწყო 54 პირის მიმართ, რომელთაგან 40 დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 2024 წლის აპრილ-მაისის საპროტესტო აქციების დროს სახელმწიფომ დააკავა 10 პირი, რომელთაგან სამი ამჟამად თავისუფალია: ერთი საპროცესო შეთანხმების, მეორე პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ხოლო მესამეს პირობითი მსჯავრი დაედო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო იყენებს სხვადასხვა სამართალდამცავ ინსტიტუტებს (შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლოები) პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირების წინააღმდეგ. „სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული ქმედებები ამ პირების წინააღმდეგ მიუთითებს, რომ ისინი ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემა, და ის, რომ გადაწყვეტილებები ხშირად იმეორებს პროკურატურის არგუმენტებს და უგულებელყოფს საქმეების ინდივიდუალურ გარემოებებს.

ამასთან, ბრალდებულები ხშირად საუბრობენ პროცედურულ დარღვევებზე, როგორიცაა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა და იძულებითი ჩვენებები, რასაც სასამართლოები ასევე უგულებელყოფენ. პატიმრობა ხშირად გამოიყენება ნაკლებად მკაცრი ალტერნატივების განხილვის გარეშე, რაც შემაშფოთებელია პროპორციულობისა და სამართლიანობის კუთხით.

პროკურატურის შუამდგომლობები პატიმრობის შესახებ შაბლონურია, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, თუმცა სასამართლოები რუტინულად ამტკიცებენ მათ, რაც ასახავს სასამართლოს დამოკიდებულებას პროკურატურის მოთხოვნების მიმართ და აჩენს პოლიტიკური გავლენის შიშს სენსიტიურ საქმეებში, აცხადებენ ორგანიზაციები.

„სასამართლოებმა კი საქმის განხილვა განაგრძეს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატებით, რომლებიც ვერ უზრუნველყოფდა დაცვის უფლების სათანადო განხოციელებას, ან საერთოდ იურიდიული წარმომადგენლობის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ბრალდებულთა სათანადო იურიდიული დახმარებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც განხილულია პროევროპული პროტესტების მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა შორის არიან არასრულწლოვნები, სტუდენტები, ჟურნალისტები, ექიმები, მსახიობები, აკადემიკოსები, აქტივისტები და პოლიტიკოსები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button