skip to content
ახალი ამბები

ევრონესტში საქართველოზე რეზოლუციის პროექტის ინიცირება საკმარისი მხარდაჭერის არქონის გამო ვერ მოხერხდა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა დელეგაციის წევრები ოპოზიციიდან და უკრაინის დელეგაცია იმაში დაადანაშაულა, რომ მათ არ დაუჭირეს მხარი რეზოლუციის პროექტს საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიების, ასევე მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა ბრალდება უარყვეს და რეზოლუციის დასარეგისტრირებლად საჭირო ათი ხელმოწერის ვერ შეგროვების მიზეზად „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა დაასახელეს.

სხვა საკითხებთან ერთად რეზოლუციის პროექტი:

  • ხაზს უსვამს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის „მტკიცე ვალდებულებას“, გამოიყენონ ყველა ხელთარსებული საშუალება ევროკავშირში ინტეგრაციის მისაღწევად;
  • მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა სამხედრო მოქმედება უკრაინაში, უპირობოდ გაიყვანოს საკუთარი ძალები, მარიონეტები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან და თავი შეიკავოს შემდგომი მუქარის ან უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისგან;
  • მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
  • მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს გამოიყენონ ტერმინი „ოკუპაცია“ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებით – რომლებიც რუსეთის მიერ უკანონოდაა ოკუპირებული და კონტროლდება მის მიერ – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასკვნების შესაბამისად.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, რომლის მიზანიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებს შორის პოლიტიკური ასოცირების და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა, აერთიანებს დეპუტატებს ევროპარლამენტიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტის 60 წევრს და აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) 10 წევრს აერთიანებს. ამჟამად ბელარუსის მონაწილეობა შეჩერებულია. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-11 სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, საქართველოს დელეგაცია ცხრა წევრით იყო წარმოდგენილი, მათგან ხუთი წევრი „ქართული ოცნებიდან“, ოთხი კი ოპოზიციიდან იყო.

მაკა ბოჭორიშვილმა 20 მარტს ჟურნალისტებს აცნობა, რომ მის მიერ ინიცირებულმა რეზოლუციის პროექტმა მხარდაჭერა მხოლოდ ქართული დელეგაციის ხუთი წევრისგან „ქართული ოცნებიდან“ და მოლდოვის დელეგაციის სამი წარმომადგენლისგან მიიღო. კიდევ ორი ხელმოწერა იყო საჭირო რეზოლუციის პროექტის დასარეგისტრირებლად. ბოჭორიშვილის თქმით, ქართული დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა და უკრაინის დელეგაციამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

იმავე დღეს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ „ფეისბუქზე“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ბოჭორიშვილს „დეზინფორმაციის“ გავრცელებაში ადანაშაულებს. პარტიის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუციის ინიცირება ევრონესტის ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრების გვერდის ავლით სცადა. ნაციონალური მოძრაობის თქმით, ევროპარლამენტარებმა ხელმოწერისგან თავი შეიკავეს „ქართული ოცნების“ ანტი-დასავლური ქმედებებისა და რიტორიკის გამო.

მაკა ბოჭორიშვილმა საკითხს „ფეისბუქზე“ გრძელი პოსტი მიუძღვნა, სადაც აღნიშნა, რომ  რეზოლუციის პროექტის ინიცირება მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ განხორციელდა, ვინაიდან დოკუმენტი სამივე ქვეყანას ეხებოდა. მისი თქმით, ოპოზიციის მტკიცება, რომ „არ იცოდნენ“ არის ტყუილი, ვინაიდან პროექტი ოფიციალურად გაეგზავნათ პოლიტიკურ ჯგუფებს. ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან პირადად შესთავაზა ოპოზიციონერ დეპუტატებს დოკუმენტის ხელმოწერა და ასევე დელეგაციის სამდივნომ რამდენჯერმე შეახსენა მათ ხელმოწერის საკითხი, თუმცა „მათგან დასტური არ მიგვიღია“.

„ოპოზიციის მცდელობა, წარმოაჩინონ, თითქოს 10 მხარდამჭერი ვერ ვიშოვე ამხელა ევროპარლამენტში არის აბსურდული უცოდინრობა! საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ინიციატივას ჭირდებოდა ხელმოწერები ამ სამი დელეგაციიდან და არა სრულიად ევროპარლამენტიდან, რაც მარტივი იქნებოდა, რომ არა უკრაინის დელეგაციის და ქართული ოპოზიციის უარი ხელმოწერაზე“, – წერს ბოჭორიშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button