skip to content
ახალი ამბები

ადიგენელ მუსლიმებს დაძაბულობის ფონზე პარასკევის ლოცვაზე შეკრებას არ ურჩევენ

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ 14 მარტს მოუწოდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის მუნიციპალიტეტის მუსლიმ მოსახელობას, რომ თავი შეიკავონ პარასკევს დაბა ადიგენში ჯუმის ლოცვაზე ხალხმრავალი შეკრებისგან. გაფრთხილებას წინ უძღოდა ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიერ 8 მარტის ლოცვის დროს მუსლიმების შეურაცხყოფა იმის გამო, რომ მათ კერძო სახლში მეჩეთი გახსნეს. ადგილობრივი რელიგიური აქტივობების შეზღუდვა რამადანის თვეში ხდება, რომელსაც მუსლიმები მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ.

მეჩეთი და მუსლიმთა განათლების ცენტრი იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლში უკვე წელიწადნახევარია გახსნილია, რადგანაც დაბაში სხვა სალოცავი ადგილი არ არსებობს. ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანები და სასულიერო პირები არაერთხელ დაემუქრნენ ადგილობრივ მუსლიმებს და რელიგიური საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვეს. მათი თქმით, კერძო სახლში მეჩეთის გახსნა უკანონოა.

8 მარტს 200-მდე ადგილობრივმა ალყა შემოარტყა სახლს, სადაც სამი ადამიანი პარასკევის ლოცვას კითხულობდა. შეკრებილები მუსლიმ მლოცველებს ემუქრებოდნენ. გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ზარზმის მონასტრის მღვდელმსახური ნიკოლოზ გეწაძე ცდილობს პოლიციის კორდონის გარღვევას და იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლში შეღწევას. ვიდეოში ისმის ნიკოლოზ გეწაძის ხმა, რომელიც ამბობს: „ეს სახლი შენი ვერასდროს იქნება“, შემდეგ კი მისი თანმხლები პირები იმეორებენ: „ჩვენი იქნება, ქართველი ხალხის, ქრისტიანების იქნება“. .

2023 წლის ივლისში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობით, გაიმართა მოლაპარაკებები მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირებს შორის, რის შემდეგაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ლოცვა დროებით გაგრძელდებოდა იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლში, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება სასულიერო ღონისძიებებისთვის სოფელ იჯარეთში არ შეიძენდა სივრცეს. ადგილობრივ ხელისუფლებას მუსლიმებისთვის ალტერნატიული შენობა დღემდე არ გამოუყვია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 12 მარტს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა და  დაბა ადიგენში  2024 წლის  8 მარტს განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება და სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის  (დევნა) საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

„აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მუქარის, დევნისა და რელიგიური საქმიანობისთვის ხელშეშლის არც ერთ ეპიზოდს სამართალდამცავი ორგანოების სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.მუქარისა და შევიწროების განგრძობადობა, ასევე რელიგიური შეუწყნარებლობის აშკარა მოტივი აჩვენებს, რომ რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლისა და სასულიერო პირების, მათ შორის, ნიკოლოზ გეწაძის მხრიდან სავარაუდოდ ადგილი აქვს დევნას რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, რაც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით“, – განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა.

ამავდროულად, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ განაცხადა:  „რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება და რწმენის შეუწყნარებლობა ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ ტოლერანტობის ტრადიციებს… დაუშვებლად მიგვაჩნია რომელიმე მხარის მიერ რელიგიის სახელით დაპირისპირების პროვოცირება და აღნიშნულის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, რადგან მსგავსმა დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენი ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას“.

სამმართველო მოუწოდებს ადგილობრივ მუსლიმებს, თავი შეიკავოთ პარასკევს დაბა ადიგენში ჯუმის ლოცვაზე ხალხმრავალი შეკრებისგან და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები მოწადინებული არიან უახლოეს დღეებში მივიდნენ საერთო შეთანხმებამდე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button