ახალი ამბები

ბათუმის ახალი მეჩეთის საკითხი სამართლებრივ ჩიხში რჩება

მუსლიმმა თემმა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებისთვის დასაბუთებული მოთხოვნა შეიტანა, მაგრამ საკითხი შვიდი წელია გადაუჭრელი რჩება. იურისტები და საზოგადოება თვლიან, რომ მთავრობა მარეგულირებელ დაბრკოლებებს ქმნის, რათა თავიდან აიცილოს მშენებლობა, და აიძულებს მორწმუნეებს ღია ცის ქვეშ შეიკრიბონ და ილოცონ. მუსლიმმა თემმა განაცხადა, რომ ისინი განაგრძობენ თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დაცვას კანონიერი გზით, რისთვისაც ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ.

25 მაისს უზენაესმა სასამართლომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SJC) შეშფოთება გამოთქვეს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ ეს არის უკანდახევა ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილებებისგან.

TDI-სა და SJC-ის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „არა მხოლოდ მუსლიმთა ფუნდამენტური უფლებების რეალიზებას აფერხებს, არამედ რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების სტანდარტის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს“.

წინაისტორია

2019 წლის 30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერიის უარი ბათილად ცნო. 2021 წლის 13 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თუმცა, ორივე ინსტანციის სასამართლომ უარი თქვა მუსლიმური თემის თხოვნაზე, რომ მერიისთვის მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემა დაეკისრებინათ. სანაცვლოდ, საქმე ხელახლა განსახილველად ქალაქის ხელისუფლებას დაუბრუნდა.  

2023 წლის 25 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმე სააპელაციო წესით განიხილა. უზენაესი სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა მუსლიმურ თემს და აღიარა მათი დისკრიმინაცია. მან განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეღო ზომები დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ნაცვლად იმისა, რომ საქმე ისევ მერიაში დაებრუნებინა. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ მერიას მშენებლობის ნებართვის გაცემა პირდაპირ არ დაავალა. სამაგიეროდ, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.

იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც მოსარჩელემ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა, სულ შვიდი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელთაგანაც სამი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზეა განთავსებული. უზენაესმა სასამართლომ ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რადგან ბათუმის მერიას ,,საცხოვრებელ ზონა 6-ში” (ზონა, რომელშიც მდებარეობს ახალი მეჩეთის მიწის ნაკვეთი) მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, არამედ ისინი უნებართვოდ არის აშენებული. უზენაესი სასამართლო ვიწროდ დაეყრდნო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებს, რომლის მიხედვითაც საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წუხილები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს, განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „არა მხოლოდ მუსლიმთა ფუნდამენტური უფლებების რეალიზებას აფერხებს, არამედ რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების სტანდარტის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს“.

კრიტიკის მთავარი მიზეზებია:

  • ხანგრძლივი სასამართლო მოსმენა, რომელიც უკვე შვიდი წელია გრძელდება,  „კვლავ განუსაზღვრელი ვადით ხანგრძლივდება, რითაც ირღვევა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპი“.
  • უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მთელ რიგ სადავო და ურთიერთწინააღმდეგობრივ დასაბუთებასა და ინტერპრეტაციას შეიცავს. სასამართლო მსჯელობს ამ ზონაში არსებული 7 მართლმადიდებლური ტაძრის უნებართვო მშენებლობის საკითხზე და არგუმენტად მოჰყავს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლი.
  • სასამართლოს პოზიცია დისკრიმინაციის შესახებ სახიფათო პრეცედენტს ქმნის. უზენაესი სასამართლოს არგუმენტი, რომ არ არსებობს უთანასწორო მოპყრობა მართლმადიდებელ ეკლესიასა და მუსლიმებს შორის ზონირების შეთანხმების არარსებობის გამო, მხედველობიდან ტოვებს დისკრიმინაციის უფრო ფართო საკითხს, როდესაც ერთი ჯგუფი (მუსლიმური თემი) ექვემდებარება სანებართვო მოთხოვნებს. ამის საპირისპიროდ კი, სხვა ჯგუფის (მართლმადიდებელი ქრისტიანების) მიერ უნებართვო მშენებლობა უგულებელყოფილია.

ამავდროულად, ცენტრი აკრიტიკებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებების არასათანადოდ გამოყენებას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ცენტრის თქმით, სასამართლომ ეს გადაწყვეტილებები კონტექსტის გაუთვალისწინებლად და არასწორად მოიშველია, რაც ამცირებს ადამიანის უფლებების სტანდარტებს და ძირს უთხრის რელიგიის თავისუფლების პრინციპს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button