ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისის დედა ამბობს, რომ დაპატიმრებული შვილის მონახულებაზე უარს ეუბნებიან

7-9 მარტის აქციების შემდეგ პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებისა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე აცხადებს, რომ თავის დაპატიმრებულ შვილთან ვიზიტის უფლებას არ აძლევენ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარეს დარეკვის უფლება აქვს, ბოლო ორი თვეა იგი მის ციხეში მონახულებას ვერ ახერხებს. თამთა კალანდაძე ამბობს, რომ ლაზარემ თებერვალში ითხოვა ვიზიტი, მაგრამ უთხრეს, რომ „არ არის ადგილები“. ლაზარემ კიდევ ერთხელ სცადა 24 მარტს მორიგი ვიზიტის დანიშვნა, მაგრამ მის ოჯახს უთხრეს, რომ რადგან 24 მარტი კვირაა, ამ დროს მონახულება შეუძლებელია.

ამასობაში, გრიგორიადისის სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო სხდომა 26 თებერვალს ჩაინიშნა, როდესაც საბოლოო განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა ის მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო. სასამართლო პროცესი ახლა 28 მარტსაა დაგეგმილი.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერია“, – განუცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ გრიგორიადისის დედამ. „აბსურდს ვისმენთ უკვე ამდენი თვეა“.

ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტს თბილისში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს. იგი პოლიციისთვის ქვების და მოლოტოვის კოქტეილების სროლის ბრალდებით დააკავეს. 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მის დაკავებას წინააღმდეგობა და მშვიდობიანი პროტესტი მოყვა, რადგან ის განიხილებოდა, როგორც სისტემის ანგარიშსწორება იმ ახალგაზრდებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რომლებიც მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. მისი ადვოკატები და უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ გრიგორიადისი უდანაშაულოა, თუმცა მმართველმა პარტიამ იგი, მისი გარეგნობის გამო, „სატანისტად“ და „ორიენტაციაარეულ“ ახალგაზრდად შერაცხა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button