skip to content
ახალი ამბები

მედიის თავისუფლების კოალიცია „ქართულ ოცნებას“: შეწყვიტეთ ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება

მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარეები, ესტონეთი და გერმანია, უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ, პრო-ევროპული საპროტესტო აქციებზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ ძალის გადამეტების, ძალადობისა და დაკავებების გამო.

„28 ნოემბრის შემდეგ „საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ“ ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის 70*-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. მათ შორის არიან ქალი ჟურნალისტებიც“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციის თანათავმჯდომარეები გმობენ „ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ წარმოებულ, ნებისმიერ მუქარასა და ძალადობას. მათ უნდა შეეძლოთ საზოგადოების ინფორმირება ძალადობისა და ხელის შეშლის შიშის გარეშე“. მათი თქმით, ძალადობისა და მუქარის ყველა შემთხვევა საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ,

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლების კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მხარდამჭერ ქვეყნებს შორის არიან: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ჩილე, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და ურუგვაი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button