პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესში ცვლილებების პროექტი მიიღო
19 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების სქემაში შემოთავაზებული ცვლილების გადახედვის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეხვდნენ, რადგან ისინი შიშობენ, რომ ეს ცვლილება ძირს გამოუთხრის მაუწყებლის დამოუკიდებლობას.
რა ხდება?
15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის შეცვლას ითვალისწინებს.
რა ცვლილებაა გათვალისწინებული?
დღეს მოქმედი კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ხდება და მას არ უწევს ამ ბიუჯეტის დასაბუთება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დეპუტატებს ყოველწლიურად მოუწევთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დამტკიცება.
რატომ წარმოადგენს ეს პრობლემას?
ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მშპ-ის დონეზეა მიბმული, რაც ობიექტური მაჩვენებელია. ამრიგად, წლიური ბიუჯეტის მოცულობა ნაკლებადაა დამოკიდებული პარლამენტში პარტიულ უთანხმოებაზე. მაუწყებელი ამბობს, რომ ცვლილებებით, საბჭოს ყოველწლიურად მოუწევს ბიუჯეტის მოცულობის დასაბუთება, ხოლო დეპუტატებმა უნდა განიხილონ და გადაწყვიტონ, დაფინანსების რა მოცულობაა შესაბამისი. შეშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ წლიური ბიუჯეტის პარტიულ კომპრომისზე დაქვემდებარებამ შესაძლოა მაუწყებლის დამოუკიდებლობა და მის მიერ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარების უნარი შეარყიოს.
ვინ უჭერს მხარს ცვლილებას?
კანონპროექტი მმართველმა პარტიამ წარადგინა, თუმცა მას მხარი დაუჭირა როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ.
დეტალები
ცვლილების განმარტებით ბარათში წერია:
„კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დაფინანსების ოდენობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ იქნება პირდაპირ დაკავშირებული ქვეყნის მაკროპარამეტრებზე“.
კანონპროექტის შეცვლილ დებულებაში ნათქვამია:
„წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არსებული წესი და შემოთავაზებულია, რომ მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინებით, მაუწყებელი დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით“.
რას ამბობენ ცვლილებების ინიციატორები?
რატომ არის არასწორი დაფინანსების ამჟამინდელი წესი?
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილება აუცილებელია, რადგან „არსებული მაკროპარამეტრებიდან გამომდინარე დაფინანსების მოქმედი წესი უკვე არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას“.
განმარტებითი ბარათის თანახმად, მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მლნ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მლნ ლარის ოდენობით. „ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე – ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში. „ზოგადად ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი, როგორც წესი, უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით“.
რატომ არის შემოთავაზებული ცვლილება კარგი იდეა?
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ახალი წესით 2024-2027 წლებში მაუწყებლის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარით გაიზრდება ყოველწლიურად. ცვლილების ავტორები ამტკიცებენ, რომ ხარჯების დასაბუთება მაუწყებელს სხვა სახელმწიფო უწყების მსგავსად უფრო ანგარიშვალდებულს გახდის. და ვინაიდან დაფინანსების დონის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი, კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცული იქნება. გარდა ამისა, განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილება სახელმწიფო ფულის დაზოგვას შეუწყობს ხელს.
კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის ავტორებს კონსულტაციები არ გაუმართავთ: სახელმწიფო სტრუქტურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან ინსტიტუტებთან, ექსპერტებთან და არც სამუშაო ჯგუფები შეკრებილან კანონპროექტის შემუშავების პროცესში.
რას ამბობენ ოპონენტები?
16 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელები სატელევიზიო გადაცემა „გადაწყვეტილებაში“ შეიკრიბნენ და მაუწყებლის დამოუკიდებლობის მიმართ იმ საფრთხეზე ისაუბრეს, რასაც, მათი აზრით, ახალი კანონპროექტი ქმნის. მათი თქმით, გადაცემაში კანონპროექტის ინიციატორებიც იყვნენ მიწვეულნი, თუმცა ისინი არ მივიდნენ. მათი არგუმენტები ასეთია:
- საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უნდა მოეთხოვოს თავისი დაფინანსების მოცულობის დასაბუთება და დაცვა.
„თუ ის [საზოგადოებრივი მაუწყებელი] ხდება ტიპური საბიუჯეტო ორგანიზაცია, ვგულისხმობ იმას, რომ თუ მას სჭირდება საკუთარი სახსრების დამტკიცება რომელიმე სახელმწიფო უწყების მიმართ, ის აღარ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი”, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა გიორგი გვიმრაძემ.
- ევროპის არცერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათ შორის 47 ქვეყნის 64 მაუწყებელს, არ აქვს ვალდებულება დაასაბუთოს საკუთარი დაფინანსება.
„არცერთ ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებელში არ აქვს ესეთი საკანონმდებლო ჩანაწერი. რატომ უნდა გვქონდეს ჩვენ – ეს გაურკვეველია, მით უფრო, როდესაც ევროული კანონმდებლობა და ქართული ახლოვდება და ჩვენი გზა ევროკავშირისკენ აბსოლუტურად ნათელია. შემაშფოთებელია ის, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა ძალიან თვალნათელი და ხილული ხდება, რადგან არ შეიძლება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი სარედაქციო პოლიტიკა დაიცვას ისე, რომ ყოველწლიურად პარლამენტს სთხოვოს დამატებითი დაფინანსება”, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს განსაკუთრებით ის აწუხებთ, რომ კანონპროექტზე აქამდე საჯარო კონსულტაციები არ ჩატარებულა და, როგორც ჩანს, არც იგეგმება. მათი თქმით, კანონპროექტით თანხების გამოყოფის მექანიზმი საკმაოდ ბუნდოვანია, რაც პოლიტიკური მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა.
საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის რაღაც გაუმაძღარი ორგანო, რომელიც ითხოვს ფინანსების მომატებას…ჩვენ ვსაუბრობთ დაფინანსების სქემაზე…შენ როგორც კი ხარ მიბმული რაღაც უწყებაზე, იმ უწყებამ შეიძლება ძალიან ბევრი თანხაც მოგცეს, მაგრამ ეს ისეთივე ცუდი იქნება იმიტომ, რომ ვინც თახას იძლევა, ცხადია, რომ სარედაქციო პოლიტიკასაც ის განმარტავს“.
სარედაქციო დამოუკიდებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის უპირველესი საზრუნავია. თუ კანონი განიმარტება ისე, რომ მაუწყებელმა უნდა დაასაბუთოს, ვთქვათ, კონკრეტული სატელევიზიო შოუს ან გადაცემის ხარჯები, მაუწყებელი იძულებული იქნება, თანხებს ჩაეძიოს, ამტკიცებენ ისინი.
ევროპული რეაქცია
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა კანონპროექტის გამო.
წერილში ნათქვამია: „მიღების შემთხვევაში კანონპროექტი საზოგადოებრივ მაუწყებელს არასათანადო პოლიტიკური ჩარევის მაღალი რისკის წინაშე დააყენებს. ევროპის საბჭოს სტანდარტები ხაზს უსვამს დამოუკიდებელი და ადეკვატური დაფინანსების მნიშვნელობას. წევრი სახელმწიფოებისადმი მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec (2021)1 საზოგადოებრივი მედიის მართვის შესახებ 26-ე მუხლში ადგენს, რომ „(…)სახელმწიფოს პასუხისმგებლობად რჩება, განსაზღვროს დაფინანსების როგორც მეთოდი, ისე დონე, (…) ამასთან, აუცილებელია, რომ (…) გამოყოფილი დაფინანსება იყოს ადეკვატური საზოგადოებრივი მედიის შეთანხმებული როლისა და უფლებამოსილების შესასრულებლად, მათ შორის სამომავლოდ საკმარისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო დაფინანსების დონის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ უნდა ერეოდეს საზოგადოებრივი მედიის სარედაქციო ავტონომიაში“.
ევროპის მაუწყებელთა კავშირს წერს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირება არა მხოლოდ საფრთხეს შეუქმნის კონტენტის წარმოებას, არამედ მაუწყებელში დაძაბულობასა და გაურკვევლობას შექმნის“.
რა იქნება შემდეგ?
კანონპროექტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც პირველ მოსმენაზე დამსწრე დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობაა. პლენარული სხდომა 14-15 დეკემბერს არის ჩანიშნული. პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან და მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, გენერალურმა დირექტორმა ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომ დაფინანსების სქემა გადაიხედება, მაგრამ არა მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხარჯზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, „ერთ რამეზე უპირობოდ შევთანხმდით და სრული მზაობა იყო, ნამდვილად კმაყოფილები ვართ, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება”. მისი თქმით, ისინი შეთანხდნენ, რომ განარძონ მუშაობა, სანამ ოპტიმალურ მოდელს არ მიაღწევენ.
პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ დაფინანსების საუკეთესო მოდელზე მუშაობა გაგრძელდება. სავარაუდო ვადების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/10/2023 – TI საქართველო: მაუწყებლების შემოსავლები შემცირდა, სარეკლამო ბაზარზე სახელისუფლებო მედია დომინირებს
- 14/09/2023 – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ხელისუფლების ჩარევას მედიის საქმიანობაში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)