მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის გამოძიებისკენ მოუწოდებენ
პრესის თავისუფლების დამცველმა ექვსმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნდა, რომელშიც ღრმა შეშფოთება გამოხატა არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტების, მათ შორის ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.
განცხადება, რომელიც 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა და რომელსაც ხელს აწერენ პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ARTICLE 19 Europe, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), OBC Transeuropa (OBCT) და Free Press Unlimited (FPU), მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „დაასრულოს თავდასხმები ჟურნალისტებზე და საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა ინციდენტი“. ისინი ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას „ეფექტური ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე პრესის თავისუფლების დასაცავად და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად“.
მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) მიერ დოკუმენტირებულ არჩევნებთან დაკავშირებულ სულ ცოტა 30 დარღვევაზე დაყრდნობით, რა დროსაც ადგილი ჰქონდა 34 მედიამუშაკის წინააღმდეგ ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებს, მათი აღჭურვილობის დაზიანებას, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „ხელმისაწვდომი მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმელთა უმეტესობა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ან წარმომადგენლები იყვნენ“.
განცხადებაში ასევე საუბარია ორ შემთხვევაზე, როდესაც უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოში შესვლაზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უთრეს უარი. მათ შორის იყვნენ ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი და შვეიცარიელი ფოტოჟურნალისტი სტეფან გოსი. ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ დაასრულოს“ ეს შემაშფოთებელი პრაქტიკა.
„მიგვაჩნია, რომ ეს თავდასხმები და შეზღუდვები განხილულ უნდა იქნას ქვეყანაში მედიის თავისუფლების მხრივ სიტუაციის საერთო გაუარესების კონტექსტში“, – განაცხადეს მედიადამცველებმა საქართველოში ევროპის საბჭოს პრესის თავისუფლების ბოლო მისიის დასკვნებზე დაყრდნობით. „მისიამ დაადგინა, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა“ .
ორგანიზაციებმა გაიხსენეს პრესის თავისუფლების ორგანიზაციების ადრინდელი გაფრთხილებები „საქართველოში მედიისთვის სულ უფრო არახელსაყრელი გარემოს“ არსებობს შესახებ, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედება, [ანტი-ლგბტ] „ოჯახური ღირებულებების“ კანონპროექტის მიღება, ჟურნალისტებისთვის პარლამენტში შესვლის აკრძალვა, აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმების მზარდი რაოდენობა და დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო დაკავება.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება პრესისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში. „ჟურნალისტური საქმიანობა აუცილებელია არჩევნებამდე და მისი მსვლელობის დროს არამართლზომიერი ქმედებების გამოაშკარავებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეების დახმარების კუთხით“.
ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მოქმედი ყველა კანონმდებლობის სრული შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/10/2024 – ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არჩევნების დღეს მედიის მიმართ დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს
- 30/10/2024 – მედიაომბუდსმენი: არჩევნების დღე ჟურნალისტების მიმართ ძალადობითა და დაშინებით გამოირჩეოდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)