ახალი ამბები

რუსეთში ნაწამები ჩეჩენი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

ჩეჩენი ჟურნალისტი, ჟალავდი გერიევი, რომელმაც წამების შემდეგ, რუსეთის ციხეში სამი წელი გაატარა, საქართველოში ყოველგვარი განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. ამის თაობაზე გამოცემა OC Media იტყობინება.

OC Media-ს ყოფილი ჟურნალისტი, ჟალავდი გერიევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან შაბათს ჩამოფრინდა, სადაც მას შემდეგ, რაც მესაზღვრემ მის პასპორტში ნახა, რომ ჩეჩნეთში იყო დაბადებული, მისი დოკუმენტები შესამოწმებლად წაიღეს. „ყველაფერი ისე მოხდა, როგორც რუსეთის რიგით აეროპორტში“, – უთხრა გერიევმა OC Media-ს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება „არაპროფესიონალი“ და დისკრიმინაციულია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების მიმართ.

გერიევის თქმით, იგი ელოდა, რომ უარს ეტყოდნენ ქვეყანაში შესვლაზე. „უარი მოსალოდნელი იყო, რადგანაც მე მყავს რამდენიმე კოლეგა, რომელთაც გასულ წელს ასევე უარი უთხრეს შესვლაზე“.

მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციის „მედია ომბუსდმენის“ დირექტორმა, ნათია კაპანაძემ ხელისუფლების ქმედება დაგმო და OC Media-ს უთხრა, რომ ხელისუფლება ამგვარად მხოლოდ კრემლის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ რუს ჟურნალისტებს და უკრაინელ ჟურნალისტებს ეპყრობა. „ეს ტენდენცია მაშინ დაიწყო, როდესაც 2021 წელს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტები არ შემოუშვეს. მათ მესამე პრეზიდენტთან [მიხეილ სააკაშვილთან] სურდათ შეხვედრა და გასაუბრება – ამის გამო, ისინი დააკავეს და ამის შემდეგ, [იყო] კიდევ უამრავი ჟურნალისტი, ვინც რუსეთი გააკრიტიკა“, – განაცხადა მან.

გერიევის თქმით, მას ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ დახმარებით გადაწყვეტილების გასაჩივრება უნდოდა, თუმცა, კაპანაძემ განაცხადა, რომ წარმატების შანსები ძალიან მცირე იყო, მისი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე და რომ ეს „ხანგრძლივი და რთული“ პროცესია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსკოვისადმი კრიტიკულად განწყობილი რუსეთის მოქალაქეები საქართველოში არ შემოუშვეს.

OC Media-ს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გერიევის საქმეზე კომენტარის გაკეთებისგან უარი განაცხადა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ინდივიდუალურმა მესაზღვრემ უნდა განმარტოს გადაწყვეტილების მიზეზები. სამინისტრომ დასძინა, რომ ყველას აქვს გასაჩივრების შესაძლებლობა.

გერიევს 2014 წელსაც უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე, თუმცა მას შემდეგ ის ქვეყანას რამდენჯერმე სტუმრობდა. 2016 წელს იგი უსაფრთხოების ძალებმა ჩეჩნეთში 2016 წლის აპრილში Caucasian Knot-ში მუშაობის დროს გაიტაცეს. იგი ტყეში მიიყვანეს თავზე ტომრით და სამუშაოს შესახებ გამოკითხეს. მოგვიანებით ზურგჩანთაში ნარკოტიკი ჩაუდეს და იძულებული გახდა, რომ აღიარებითი ჩვენება მიეცა. მოგვიანებით იმავე წელს იგი კანაფის შენახვის გამო გაასამართლეს, ხოლო 2019 წელს სამწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button