skip to content
ახალი ამბები

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საზმაუს ხელმძღვანელობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა 30 იანვარს გამართული სამეურვეო საბჭოს სხდომის დროს არხის ჟურნალისტების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ჟურნალისტებმა ღიად გააკრიტიკეს არხის მიერ პროევროპული აქციების შეზღუდული გაშუქება და სარედაქციო დამოუკიდებლობის არარსებობა. მათი თქმით, ასევე არასაკმარისად შუქდება „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ პატიმრობაში მყოფი დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ მიმდინარე მოვლენები.

მაუწყებლის ჟურნალისტებს ვასილ ივანოვ ჩიქოვანსა და ნინო ზაუტაშვილს, რომლებიც არხის მიერ საპროტესტო აქციების არასათანადო გაშუქების კრიტიკით არიან ცნობილი, თავდაპირველად აქციის მონაწილეების ჯგუფთან ერთად სხდომაზე შესვლის უფლება არ მიეცათ, თუმცა მას შემდეგ, რაც საბჭოს ზოგიერთმა წევრმა მათი მონაწილეობა დაჟინებით მოითხოვა, ისინი სხდომაზე შეუშვეს.

ბრალდებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ

შეხვედრაზე ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სარედაქციო გადაწყვეტილებებში საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის როლი გააკრიტიკა და საინფორმაციო სამსახურზე მის არასათანადო გავლენას გაუსვა ხაზი. მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა და მიიჩნევა, რომ ის არხის მიერ ხელისუფლების სასარგებლოდ მიკერძოებაზე გავლენას ახდენს.

„მაშინ როდესაც რუსთაველის გამზირზე შავ ფორმებში ჩაცმულები, იდენტიფიკაციის შესაძლებლობის გარეშე მყოფი პირები არბევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ვასილ მაღლაფერიძე იმყოფებოდა „მოამბის“ საეთეროში“, – განაცხადა ჩიქოვანმა. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მაღლაფერიძის მიერ სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების უფლება და განაცხადა, რომ მისმა მჭიდრო კავშირებმა არხის მენეჯმენტთან ზიანი მიაყენა ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას. „გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის, მე პოზიციას არ ვცვლი“, – დასძინა მან.

ჩიქოვანმა სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს, რომელიც ბათუმში ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე დაკავების შემდეგ შიმშილობს. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ველში მოახვედრა მისი ამბავი, მაშინ როდესაც ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კონკრეტულად სპეციალისტებთან განვიხილოთ შეესაბამება თუ არა მისთვის წარდგენილი ბრალი ქმედებას“, – განაცხადა მან.

ამაღლობელს და ყველა „სინდისის პატიმარს“ სოლიდარობა გამოუცხადა ტელეწამყვანმა ნინო ზაუტაშვილმაც და დასძინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და რომ მან სრულფასოვნად უნდა გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები.

მწვავე დებატები

სხდომაზე არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა დაიცვა მაუწყებელი და არხის წინააღმდეგ მიმდინარე „კამპანია“ დაგმო და გაიმეორა, რომ მზარდი ზეწოლის მიუხედავად გადადგომას არ აპირებს.

საინფორმაციო სამსახურზე გავლენის შესახებ ჩიქოვანის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს მაღლაფერიძე გამოეხმაურა და აღიარა, რომ ის ორჯერ გამოჩნდა ეთერში საპროტესტო აქციების დროს, თუმცა დასძინა, რომ სარედაქციო მუშაობაში არ ერევა. საბჭოს წევრმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ სხდომის ბოლოს გამოთქვა აქციის მონაწილეთა აზრი და განაცხადა, რომ მაუწყებელი არღვევს კანონს რუსული პროპაგანდის გავრცელებით.

შეხვედრის შემდეგ განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებმა და მედიის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ არ დაკმაყოფილდნენ მიღებული პასუხებით და დასძინეს, რომ საპროტესტო აქციები საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებების მოთხოვნით გაგრძელდება.

ბრძოლა განცხადებებით

გუშინდელ სხდომამდე საბჭოს რამდენიმე წევრმა, მათ შორის თამილა დოლიძემ, გიორგი იაკობაშვილმა, გიორგი კოხრეიძემ, ვასილ მაღლაფერიძემ, გრიგოლ მურღულიამ, ბონდო მძინარაშვილმა, იზაბელა ოსიპოვამ და სოსო სტურუამ განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ „ცალკეული ლიდერები და აქტივისტები მიმართავენ აქციის მონაწილეებს, თითქოს დღესდღეობით ქვეყანაში საზმაუსთვის ბრძოლა მიმდინარეობდეს და მოუწოდებენ მათ, რომ 29 იანვარს შეიკრიბონ და გაიმარჯვონ საზმაუზე, რაც თურმე სტრატეგიული გამარჯვება იქნება ხელახალი არჩევნების მოსაპოვებლად“.

27 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით აქტიურობენ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული კერძო ტელევიზიების თანამშრომლები  და „საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობენ“. „გახშირდა მოწოდებები საზმაუზე გამარჯვების მოპოვების და მენეჯმენტის შეცვლის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და მედიაზე უხეში ზეწოლის ფორმას იძენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, საბჭოს სამმა წევრმა ლაშა ტუღუშმა, ზაზა აბაშიძემ და ლიკა ბასილაია-შავგულიძემ 29 იანვარს ცალკე განცხადება გაავრცელეს, სადაც გაემიჯნენ კოლეგების პოზიციას. მათ საბჭოს თავმჯდომარე იმის გამო გააკრიტიკეს, რომ უგულებელყო მათი არაერთი მოწოდება, დაენიშნა სხდომა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით. მათ ასევე გამოთქვეს შეშფოთება მაუწყებლის ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და პროგრამული პრიორიტეტების, შუადღის გადაცემის არარსებობის, მაუწყებლის ანაზღაურების პოლიტიკისა და ინტერესთა კონფლიქტის მოგვარების შესახებ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button