skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციონერ დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოპოზიციონერ დეპუტატს და პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს იაგო ხვიჩიას პარტიის ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იაგო ხვიჩიას თქმით, სავარაუდო თავდამსხმელი იმ მოქალაქის ძმაა, რომელიც „გირჩის“ მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით მღვდლად აკურთხა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი „ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობას აპროტესტებდა და მას „სატანისტურ“ საქმიანობაში სდებდა ბრალს. „მოვუწოდე, რომ გარეთ გასულიყო, მოიხედა და მომარტყა ცხვირში. კარგად ვცემეთ, როგორც ასეთი“, – უთხრა ხვიჩიამ ჟურნალისტებს.

„ეს ყველაფერი გამოწვეულია ქართული ოცნების და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით“, – დასძინა მან.

ხვიჩიას თქმით, ის სამართალდამცავ ორგანოებთან არ თანამშრომლობს.

როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მოწინააღმდეგემ, „გირჩმა“ 2017 წელს „ბიბლიური თავისუფლება“ დააარსა, რათა ესარგებლა იმდროინდელი კანონმდებლობით, რომლის ფარგლებშიც მღვდელმსახურები გაწვევისაგან თავისუფლდებოდნენ. „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ ათასობით ახალგაზრდა მამაკაცი აკურთხა, რამაც მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების საშუალება მისცა. 2023 წლის სექტემბერში პარლამენტმა თავდაცვის ახალი კოდექსი მიიღო, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახურისგან მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები თავისუფლდებიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button