skip to content
ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრი სცემეს, პარტიის კიდევ სამი წევრი დაკავებულია

ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს დღეს საღამოს თავს დაესხნენ. იგი გლდანში საკუთარი სახლის მახლობლად სცემეს, როდესაც ის საკრებულოს სხდომიდან შინ ბრუნდებოდა. ეძგვერაძე თავდასხმას საკრებულოს სხდომის დროს „ქართული ოცნების“ წევრთან, კოტე ზარნაძესთან შეკამათებას უკავშირებს. მისი თქმით, მის ცემაში ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ.

ინციდენტის შემდეგ გლდანში ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრები და პოლიცია დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებული პირების მეგობრები და თანაპარტიელები, რომლებმაც სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button