სააკაშვილთან ვიზიტზე დაწესებულ შეზღუდვას ოპოზიციონერ დეპუტატებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის უთანხმოება მოყვა
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე დაწესებული შეზღუდვის საკითხს 30 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ერთი მხრივ, ოპოზიციონერ დეპუტატებს, თინა ბოკუჩავასა და იაგო ხვიჩიას და მეორე მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შორის უთანხმოება მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „სრულიად გაუმართლებელი და უკანონოა თქვენი გადაწყვეტილება, რომ ერთპიროვნულად აუკრძალოთ ყველა დეპუტატს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა. თქვენ არაერთხელ მოგმართეთ, მათ შორის ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის სახელით და ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა. პრეზიდენტი სააკაშვილი არის ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და მასთან პირადი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრებისთვის. არ გაქვთ არანაირი სამართლებრივი საფუძველი. გასაგებია, რომ ივანიშვილის სურვილებს უსიტყვოდ ასრულებთ, მაგრამ პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე, მათ შორის „ოცნების“ მმართველობის პირობებში, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს, როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა. ძალიან გთხოვთ, განმარტოთ ივანიშვილის მონურ მორჩილებას რით ადასტურებთ, რომ პარლამენტის წევრებს უკრძალავთ პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობას“.
პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამ სასამართლოში მას აფიქრებინა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად გააქტიურდა. მისი თქმით, ამიტომ დეპუტატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მასთან დისკუსიები გამართონ. „თქვენი ეს შეზღუდვა არის დეპუტატის საქმიანობის და პოლიტიკური პროცესის ხელშეშლა. მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი და ერთპიროვნული მმართველი. თუ გვინდა ნორმალური საარჩევნო გარემო გვქონდეს, ამ ადამიანთან პოლიტიკური დისკუსიის გამართვა და მისი პოზიციის მოსმენა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დეპუტატების საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ პატიმრის მონახულების უფლება არის „შესაძლებლობა, რათა პატიმრის პირობების გაცნობა მოხდეს, თუმცა ეს შესაძლებლობა რეალურად პაემნებისთვის იყო გამოყენებული“. მან ასევე აღნიშნა, რომ პატიმართან პაემნის შესაძლებლობას კანონმდებლობა არეგულირებს და რომ პარლამენტის თავმჯდომარის კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება ხდებოდა.
ექს-პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იგი საქართველოს მოქალაქე არ არის და ამიტომ „არა აქვს უფლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი – მით უფრო ხელმძღვანელი“. „როცა პარტიის ხელმძღვანელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რა თქმა უნდა, ის ამ შემთხვევაში ალბათ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„სპეციალური ნებართვის გარეშე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას წარმოადგენს და თუ ის საჭიროდ ჩათვლის შეუძლია ეს უფლება პარლამენტის წევრს გადასცეს. მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი იდგა, ეს ნებართვები გაიცემოდა. თუმცა ვნახეთ, რომ ეს პატიმარს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აყენებდა და გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ჰქონოდა პაემნის სახე და არა მისი პირობების გაცნობის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
აღნიშნა რა, რომ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, ექიმებს მასთან წვდომა აქვთ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „საჭიროება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის პირობები შემოწმდეს არ არსებობს“ და რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილი შესაბამის პირობებში იმყოფება და მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაეწია. „შედეგებს ვიზუალურადაც ვხედავთ“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/05/2023 – რატი ბრეგაძე: სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სამკურნალოდ ვარშავაში გადაყვანის მოთხოვნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)