აშშ-ის ელჩი ევროკავშირში ინტეგრაციასა და არჩევნებზე საუბრობს
29 თებერვალს, ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ „ძლიერ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ ისაუბრა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე რუსეთის სანქციების თავიდან აცილების კონტექსტში ამერიკელი სენატორების მიერ საქართველოს ხსენებაზე გაამახვილა ყურადღება.
ევროკავშირში ინტეგრაცია
აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ახლა „ევროკავშირში გაფართოების ტენდენციაა“ და იმედი გამოთქვა, რომ „მთავრობა, პარლამენტი, ოპოზიციური პარტიები, სრულიად საქართველო შეძლებს გაერთიანდეს და ისარგებლოს ამ მომენტით და მიაღწიოს პროგრესს ამ [ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ] ნაბიჯებზე“.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს „აქტიური“ სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც ასევე უნდა ითამაშოს თავისი როლი ამ პროცესში. „იმედი მაქვს, რომ უახლოეს თვეებში ვიხილავთ ერთიანობის შესახებ კონსენსუსს საქართველოში, რომელიც ყველა ამ სექტორს მოიცავს“.
ელჩმა დანიგანმა ასევე განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არ იყო „სასიხარულო ამბავი“, არამედ საქართველოს ნატო-ში მისწრაფებისთვისაც. „მიზეზი ის არის, რომ ნატო სამხედრო ალიანსია და ასევე პოლიტიკური ალიანსი“, – განმარტა მან და დასძინა, რომ „ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას [ევროკავშირთან] გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, ასევე დაეხმარება ქვეყანას შემდგომში ნატოსკენ მიმავალ გზაზე“.
2024 წლის არჩევნები
რაც შეეხება 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, ელჩმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში რუსეთის ჩარევის შესაძლებლობას. ჟურნალისტმა ასევე გაიხსენა პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც რუსეთის გარდა სხვა ქვეყნების ჩარევაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხე და რა სახის ჩარევაზეა საუბარი, ელჩმა დანიგანმა განაცხადა: „რუსეთი არ არის პოზიტიური ძალა“ და „ჩვენ ვიცით, რომ წარსულში მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიულ პროცესებში ჩარევისთვის რუსეთი პროპაგანდას, დეზინფორმაციას და სხვა ტაქტიკას იყენებდა, და ვფიქრობ, მსგავს ქცევას წლევანდელ არჩევნებზეც უნდა ველოდოთ მთელს მსოფლიოში“.
ჟურნალისტის კითხვაზე გულისხმობდა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე იმას, რომ დასავლეთი შეიძლება იყოს სხვა ძალა, რომელიც შესაძლოა დაინტერესდეს საქართველოში არჩევნების შედეგების შეცვლით, ელჩმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ამ საკითხით სპეკულირება. მისივე თქმით, აშშ-ის ერთდაერთი ინტერესი ისაა, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. „ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს დემოკრატიულ არჩევნებში დემოკრატიულ ქვეყნებში“, – დასძინა მან.
სანქციებისთვის თავის არიდება
სენატში გამართულ მოსმენაზე რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის არიდების კონტექსტში ორი ამერიკელი სენატორის მიერ საქართველოს ხსენებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ მოსმენა უფრო იმ თემას ეხებოდა, თუ რამდენად უზრუნველყოფენ ამერიკული კომპანიები იმას, რომ რუსეთმა არ მიიღოს დახმარება საკუთარი ომის მანქანის გასაძლიერებლად, რაც მას უკრაინაში აგრესიის გაგრძელებაში დაეხმარება.
აშშ-ს ელჩმა ასევე დასძინა, რომ „საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება ძალიან მჭიდროდ მუშაობდნენ ჩვენთან“ სანქციების თავიდან აცილების პრევენციის საქმეში.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/02/2024 – პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა
- 16/11/2023 – რობინ დანიგანი ნატოში ინტეგრაციაზე, საპარლამენტო არჩევნებსა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)