ახალი ამბები

ელჩმა დანიგანმა საკომიტეტო მოსმენაზე აშშ-საქართველოს ურთიერთობების პრიორიტეტებზე ისაუბრა  

28 თებერვალს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს მოუსმინა, რომელმაც თავის გამოსვლაში აშშ-საქართველოს ურთიერთობების ოთხ მთავარ პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება. ესენია: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები, აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აშშ-ს დახმარება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართ.

ელჩმა დანიგანმა ორ ქვეყანას შორის 32-წლიანი პარტნიორობა მიმოიხილა. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ: „მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, მე ვაცხადებ, რომ არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა საქართველოს უფრო ძლიერი მხარდამჭერი და მეგობარი, ვიდრე შეერთებული შტატები“. ელჩის თქმით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ამ წლების განმავლობაში დახმარების სახით 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო.

დანიგანმა ასევე ისაუბრა თავის შეხვედრებზე ქართველებთან, მათ შორის ჯარისკაცებთან, სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, უნივერსიტეტის პროფესორებთან, მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, ფერმერებთან და მცირე ბიზნესის მფლობელებთან და მოყვა მათი ისტორიები, თუ როგორ დაეხმარა მათ აშშ-ს დახმარება ცხოვრებაში. „აშშ-ის მხარდაჭერა ასევე დაეხმარა საქართველოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, – განაცხადა ელჩმა დანიგანმა და დასძინა, რომ აშშ-მა ქვეყანას სამხედრო დახმარება გაუწია, მათ შორის წვრთნის, აღჭურვისა და განათლების კუთხით. მან დაადასტურა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

აშშ-ის ელჩმა საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზეც ისაუბრა და მას „ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული“ უწოდა. დანიგანმა, ელჩის რანგში, თავისი მთავარი პრიორიტეტები გააჟღერა. ეს პრიორიტეტებია:

აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსა და ევროკავშირის წევრობისკენ მისი გზის მიმართ

აშშ-ის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ქვეყნისთვის „უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია“ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის სურვილია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. „მე ვიცი, რომ თქვენ ბევრს იმუშავებთ მომდევნო თვეებსა და წლებში კანონმდებლობაზე და სხვა საქმეზე, რომელიც ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად აუცილებელია“, – აღნიშნა ელჩმა დანიგანმა და დასძინა, რომ „აშშ გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ საკითხებში“. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ოფიციალური პირები „მჭიდროდ ითანამშრომლებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან პროცესის წინ წასაწევად“ და დასძინა, რომ საქართველოს ევროპული გზა „ქართულ საზოგადოებაში კონსენსუსსა და ერთიანობას შეიტანს“. ელჩის თქმით, „ახლა ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან, საქართველოსთან და სხვებთან, რათა დავინახოთ, რითი შეგვიძლია უკეთ დავეხმაროთ იმ საქმეს, რომელსაც თქვენ ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად ახორციელებთ“. აშშ-ის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის „დატვირთული“ იქნება, რადგან ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა პირობის შესრულებაზე მუშაობს, და ამასთანავე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. არჩევნებთან დაკავშირებით ელჩმა დანიგანმა განაცხადა, რომ აშშ „განაგრძობს მუშაობას ყველა მხარესთან, ყველასთან პარლამენტში, მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ოპოზიციურ პარტიებთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად დაითვლება, მათი ხმა ფარულია, ხოლო პროცესი თავისუფალი და სამართლიანი“.

„აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების ზრდა“

აღნიშნა რა, რომ აშშ-საქართველოს ორმხრივმა ვაჭრობამ გასულ წელს „ისტორიულ მაქსიმუმს, 2 მილიარდ აშშ დოლარს“ მიაღწია, ელჩმა დანიგანმა განაცხადა, რომ მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. მან აღნიშნა, რომ აშშ-ს „მრავალფეროვანი“ პროგრამები აქვს „ახალ ბაზრებზე ექსპორტის“ კუთხით საქართველოს დასახმარებლად და დასძინა, რომ ივნისში იგი უხელმძღვანელებს ქართული კომპანიების დელეგაციას შეერთებულ შტატებში საინვესტიციო და ეკონომიკურ კონფერენციაში SelectUSA მონაწილეობისთვის. „სანამ ამ ქვეყანას დავტოვებ, მინდა შევძლო იმის თქმა, რომ უფრო მეტი ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციაა ქვეყანაში, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა ელჩმა დანიგანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება მოიცავს „საქართველოს როლის მხარდაჭერას შუა დერეფნის“ პროექტში. მან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) ახსენა, რომელმაც „შავ ზღვაზე ფოთის პორტის ტერმინალის ასაშენებლად 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგადაც გაიზარდა საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიის ევროპასთან დამაკავშირებელი რგოლის შესაძლებლობა“.

„აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ ერთგულია“

ელჩმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის, საქართველოს დახმარებას თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და შემდგომი აგრესიის შეკავების მიმართულებით. დანიგანის თქმით, „ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა ნამდვილად არის აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი“. მან ყურადღება გაამახვილა ამერიკელი და ქართველი სამხედროების ერთობლივ წვრთნებსა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ „მათ ერთად გახადეს საქართველოს სამხედრო ძალები ნატოსთან თავსებადა“. აშშ-ის ელჩმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პარტნიორობამ გააძლიერა არა მხოლოდ ქართველი სამხედროები, არამედ ამერიკელი სამხედროებიც. „ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში გვიწევდით“, – დასძინა მან.

„აშშ-ის ერთგულება საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართ“

ქართული კულტურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩმა რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ზუგდიდში დადიანების სასახლის აღდგენაზე. მან ასევე ისაუბრა ქართველი მწერლებისა და კულტურის მოღვაწეების სამუზეუმო ექსპონატებზე, ასევე რომაული მოზაიკის აღმოჩენასა და კონსერვაციის სამუშაოებზე. „მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ და შევინარჩუნოთ ეს მემკვიდრეობა, რათა მომავალმა თაობებმა ყოველთვის იცოდნენ საქართველოს მდიდარი კულტურული ისტორია“, – განაცხადა ელჩმა დანიგანმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button