skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 თებერვალს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი შეხვედრა გამართა აშშ-ს ელჩთან საქართველოში რობინ დანიგანთან. საქართველოს მთავრობის ადმინსტრაციის ინფორმაციით, „შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“. ამავე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ „საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული“. მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს „შესანიშნავი შეხვედრა“ ჰქონდა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. „მათ განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის. ასევე, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას“, – განაცხადა საელჩომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button