skip to content
რედაქტორის რვეულირვეულები

რვეული მეოთხე: დიდი გარდაქმნები

ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ჯერ კარგად არ იცის. მშობლიურ ენაზე ალგორითმი დიდად ვერც წერტილ-მძიმის სწორად დასმაში გვეხმარება და ვერც იმას ხვდება, სიტყვები რიცხვსა და ბრუნვაში როგორ შევათანხმოთ. აღარაფერს ვამბობთ წაკითხულის გააზრებაზე და, მითუმეტეს, ტექსტის უფრო ლამაზად და გასაგებად გადმოცემაზე.

AI ჯერ ვერც ადამიანის ხელებს ხატავს რიგიანად – ან სულაც ზედმეტს ინდომებს და საბოლოო გამოსახულებაზე სამხელიან არსებებს გვახვედრებს.

თუმცა, ვაღიაროთ, ასეთ დავალებებში დიდად არც ადამიანები ვუქნივართ ღმერთს და ისიც ვიცით, რომ დიდი დრო აღარ დაგვრჩა, სანამ ტექნოლოგია თავისას გაიტანს და ამ მხრივ ტოლს აღარ დაგვიდებს.

რა ხდება მერე? გაგვიხარდეს თუ გვეწყინოს ტექნოლოგიური რევოლუცია? ინოვაციას ჩვენს მსახურად დავისვამთ და ზედმეტი ჯაფისგან გავთავისუფლდებით? თუ მოვახერხებთ, ისედაც საკმარისად ატკივებული თავი უარესად ავიტკივოთ? ბოლო ხანს, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა ბევრში შერეული განცდები აღძრა – ზოგი დააბნია და ზოგიც აღაფრთოვანა. გამონაკლისი არც “რვეულების” გუნდი ვართ და, დიდ გარდაქმნებში უკეთ გასარკვევად, ჩვენს მიმდინარე გამოცემაში ხელოვნურ ინტელექტზე, ინოვაციაზე და, ზოგადად, პროგრესზე ვისაუბრებთ.

  • სანამ ჩვენ გონზე მოსვლას ვცდილობთ, არაერთმა ქვეყანამ დიდი ცვლილებებისთვის სამზადისი უკვე წლების წინ დაიწყო. იმაზე, თუ როგორ ეგებება სხვადასხვა ქვეყანა ხელოვნურ ინტელექტს, ლადო ნაფეტვარიძეს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორსა და AI პოლიტიკის მკვლევარს ვესაუბრეთ.
  • გიორგი ქელბაქიანი კი თავის სტატიაში ევროკავშირში (და მსოფლიოში) ხელოვნური ინტელექტის დარეგულირების პირველი მასშტაბური მცდელობის შესახებ ჰყვება. სტატიაში იმასაც ამოიკითხავთ, თუ რის გაკონტროლებას შეეცდებიან ევროპელები, რას უფრთხიან ისინი ხელოვნურ ინტელექტში და რატომ ეშინია ზოგ წევრ ქვეყანას თავად AI-ს შებოჭვის მცდელობის.
  • ალგორითმების რევოლუციამ სასამართლოებში და, ნაწილობრივ, მოსამართლეთა თავებშიც შეაღწია. AI უკვე მსოფლიოს მასშტაბით არაერთ მოსამართლეს დაუმეგობრდა. შეძლებს ხელოვნური ინტელექტი ერთი საფეხურით მაღლა ასვლასაც და მოსამართლის მანტიის მორგებას? ამ უცნაური პერსპექტივის შესახებ საბა ბრაჭველი წერს.
  • სადაც ხელოვნური ინტელექტი სამსახურების წართმევით იმუქრება და ბევრი უკვე უმუშევარიც დატოვა, ხომ არ მოვიდა დრო, რობოტებს წილში “ჩავუსხდეთ”? რა უნდა ვქნათ, რომ სულ მალე ზოგი შრომით არ დავიხოცოთ, დანარჩენი კი – უმუშევრობით? ამის შესახებ ნინი გაბრიჭიძე მსჯელობს.
  • იმ ტექნოლოგიურ პროგრესს, დღეს რომ ასე აღგვაფრთოვანებს, საფუძვლად ლოგიკისა და მათემატიკის “სამი ქორწილი და ერთი გასვენება” დაედო. ამ ორი დისციპლინის დაკავშირების მცდელობებს ანტიკურ ფილოსოფოსებამდე მივყავართ. როგორ მიიწევდა სამყარო ათასწლეულების მანძილზე “ხელოვნური ინტელექტის” შექმნისკენ და რა გავლენას ახდენდა ფილოსოფია და ფსიქოლოგია დარგის მთავარ მოაზროვნეებზე – ამას ჯაბა დევდარიანის თარგმანში იხილავთ.
  • სადაც წარსულში წავედით, ბარემ ისიც ვნახოთ, რომ ზოგი რამ, რაც ინოვაცია გვგონია, ახალი ხილი სულაც არ არის. ირაკლი ირემაძემ ისევ დაიარა საქართველოს პირველი რესპუბლიკის არქივები და აღმოაჩინა, რომ მონტესორის სააღმზრდელო მეთოდი, დღეს რომ სიახლის სუნი ასდის, საქართველოში პირველად 1920 წლიდან დაინერგა.
  • პროგრესი ყოველთვის გონების დაძაბვას არ მოაქვს – მას ხშირად დამოკიდებულებების მკვეთრი ცვლილებაც სჭირდება და ტოქსიკური მემკვიდრეობისგან გათავისუფლების მტკიცე ნებაც. რა გზა გაიარა საქართველომ ინკლუზიური განათლების დანერგვისკენ და რა იყო მთავარი მემკვიდრეობითი ბარიერი, რომლის გადალახვაც ქვეყანას მოუწია? მეტს განათლების ექსპერტის, რუსუდან ჭანტურიას სტატიაში გაიგებთ.
  • ყველაფერი, რაც ხელოვნურია, ცუდი არ არის – ამის დამტკიცებას სანდრო ჩხიკვიშვილი, “ჯანდაცვის რვეულების” ავტორი ცდილობს. სტატიაში საუბარია მცდარ წარმოდგენებზე, როცა ყველაფერი ბუნებრივი აღტაცებას იწვევს, “ხელოვნური” კი – ბრაზსა და ეჭვებს. ავტორი გვაფრთხილებს, ასეთი რწმენები ჯანმრთელობისთვის საზიანოც შეიძლება იყოსო.

“რვეულები” კი ადამიანების მიერ დაწერილი ახალი სტატიებით მომდევნო კვირებში დაბრუნდება.

მსგავსი/Related

Back to top button