დეფექტოლოგიიდან ინკლუზიამდე – საქართველოს ოცწლიანი ბრძოლა ბარიერებთან
ინკლუზიური განათლების მთავარი პრინციპი თანასწორუფლებიანობაა. მისი მიზანი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთათვის ბარიერების გაქრობა და მათ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნაა. მისი ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა ზოგიერთისთვის, არამედ ყველასთვის.
რუსუდან ჭანტურია, განათლების ექსპერტი, საქართველოს გაეროს ასოციაცია
„ინკლუზიურობის“, ანუ სრულფასოვანი ჩართულობის ცნება ჩვენს ქვეყანაში უკვე ფართოდაა დამკვიდრებული და იგი განათლების პოლიტიკის განუყრელ ნაწილადაც იქცა. მიუხედავად ამისა, ჩართულობის უფრო ფართო გაგებამდე და ბარიერების ბოლომდე დაძლევამდე ჯერაც შორია.
თუმცა, სანამ პოლიტიკის გაუმჯობესებაზე ვმსჯელობთ და არსებულ ხარვეზებს ვაფასებთ, შეგვიძლია ცოტა უკანაც მივიხედოთ. უკან კი მთავარი – საბჭოთა მემკვიდრეობის ბარიერი გვაქვს მოტოვებული. საქართველოს ათწლეულები დასჭირდა, რომ თავი დაეღწია სამედიცინო მიდგომისთვის, რომელიც შეზღუდულობას ადამიანის პირად პრობლემად აღიქვამდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებს კი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამოთიშვისთვის და სეგრეგაციისთვის წირავდა.
ამ ამბავმა ზედმეტი თავდაჯერებით არ უნდა აგვავსოს. ექსპერტული ცოდნა სულაც არაა საჭირო იმისთვის, რომ ინკლუზიური განათლების კუთხით ჯერ კიდევ არსებული უამრავი პრობლემა დავინახოთ. თუმცა უკვე განვლილი რთული გზის გახსენება შეიძლება იმაში დაგვეხმაროს, რომ ამჟამინდელ გამოწვევებთან ბრძოლაში ფარ-ხმალი ნაადრევად არ დავყაროთ.
გარიყვისთვის განწირულნი
დღეს შეიძლება იმაზე ვიდავოთ, თუ რამდენად ხარისხიანია ის განათლება, რომელსაც შშმ/სსსმ მოსწავლეებს ვთავაზობთ. მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ასეთი მოსწავლეებისთვის სკოლებში განათლების მიღების საშუალება საერთოდ არ არსებობდა. ამის მიზეზი კი „დეფექტოლოგია“ იყო – საბჭოთა კავშირში გაბატონებული მიდგომა და დარგი, რომელიც შეზღუდულობას ვიწროდ, მხოლოდ სამედიცინო საკითხად განიხილავდა.
საბჭოთა პერიოდის თეორიები შშმ პირთა სხვადასხვა კატეგორიას ერთ ცნებაში – „დეფექტში“ – აერთიანებდა. დეფექტოლოგიის მსგავსი სამედიცინო მოდელები შეზღუდულობას ხედავდა „პრობლემად“, რომელიც უნდა აღმოფხვრილიყო და ნაკლოვანებად, რომელიც უნდა „გამოსწორებულიყო“. ამგვარი ხედვის თანახმად, შშმ პირი თავად უნდა მორგებოდა გარემოსა და მის მოთხოვნებს. შედეგად, შშმ ბავშვების უმეტესობას ან სახლში დარჩენა უწევდა ან სპეციალურ დაწესებულებებში იყვნენ იზოლირებული. სეგრეგაცია ამ მიდგომის არა უნებლიე, არამედ ლოგიკური, გარდაუვალი შედეგი იყო.
თუკი სამედიცინო მოდელი შშმ პირს მოვლის პასიურ ობიექტად, პაციენტად აღიქვამს, სოციალური მოდელი მას პიროვნებად ხედავს, რომელსაც სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მასზე მორგებული გარემო სჭირდება.
ამ მიდგომის პარალელურად, დემოკრატიულ საზოგადოებებში ჩამოყალიბდა შეხედულება, რომელიც უნარების საფუძველზე დისკრიმინაციულ მოპყრობას მიუღებლად მიიჩნევდა. მათ მიერ შემოთავაზებული ალტერნატივა “სოციალური მოდელი” იყო. სამედიცინოსგან განსხვავებით, ამ მოდელის მიმდევრები თვლიან, რომ ინდივიდი კი არ უნდა მოერგოს გარემოს, არამედ პირიქით – საზოგადოება და გარემო უნდა ადაპტირდეს და მოერგოს ინდივიდის საჭიროებებს. თუკი სამედიცინო მოდელი შშმ პირს მოვლის პასიურ ობიექტად, პაციენტად აღიქვამს, სოციალური მოდელი მას პიროვნებად ხედავს, რომელსაც სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მასზე მორგებული გარემო სჭირდება.
სოციალური მოდელისთვის შეზღუდულობა არა ინდივიდის პირადი პრობლემა, არამედ ფიზიკური და სოციალური ბარიერების ერთობლიობაა, რომლებიც ადამიანს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყავს. შესაბამისად, ქვეყნები, რომლებიც სოციალურ მოდელს ირჩევენ, ძალისხმევას ასეთი ბარიერების შემცირებისკენ და გაქრობისკენ მიმართავენ. და თუკი ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე საქართველოს მიერ განვლილ გზას შევხედავთ, სწორედ სამედიცინოდან სოციალურ მოდელზე გადასვლის მცდელობას დავინახავთ.
მემკვიდრეობის ბარიერის დაძლევა
საბჭოთა კავშირის ნგრევა განათლების კუთხით გლობალური მასშტაბის ცვლილებებს დაემთხვა. 1990-იანი წლებიდან ჩნდება საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც განათლებას ფუნდამენტურ უფლებად აღიარებს – მათ შორის, შშმ პირთათვისაც. ქართული მიდგომებიც ამ გლობალურ ცვლილებებს მისდევდა და საქართველოც ხდებოდა ამ შეთანხმებათა მონაწილე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 2014 წელს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) რატიფიკაცია იყო, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ ინკლუზიური განათლების დანერგვის პასუხისმგებლობა აიღო. ამ პასუხისმგებლობას მოჰყვა უკვე 2020 წელს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ“ კანონის მიღებაც. კანონი შშმ პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე ცხოვრების პირობებს განსაზღვრავს და ცხოვრების ყველა სფეროში სრულყოფილი მონაწილეობის ხელმისაწვდომობის ძირითად მექანიზმებს აყალიბებს.
პარალელურად კი ქვეყანა რეფორმების რთულ გზას გადიოდა. საქართველოს განათლების სამინისტროსთვის ინკლუზიური განათლების დანერგვა პრიორიტეტად იქცა. პირველი გარდამტეხი რეფორმა 2004 წლიდან დაინერგა და ბავშვთა ზრუნვის „დეინსტიტუციონალიზაციასა“ და ინკლუზიური სწავლების დანერგვას გულისხმობდა. რეფორმა წარიმართა დევიზით „ბავშვი სახლში და არა ბავშვთა სახლში!“ ამით საქართველომ სიმბოლურად უთხრა უარი აქამდე არსებულ სეგრეგირებულ მიდგომას.
ინკლუზიური განათლების დანერგვის კუთხით დღეს მთავარი გამოწვევა თავად განათლების ხარისხია. ბავშვები შეიძლება საკლასო ოთახებში იყვნენ, მაგრამ ხშირად მაინც „უხილავებად“ რჩებოდნენ.
რეფორმის ფარგლებში, რეზიდენტული ტიპის ბავშვთა სახლების უმრავლესობა დაიხურა და ძირითადი აქცენტი გადავიდა ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე. ცვლილება მოწყვლად ოჯახებს ბავშვების სახლში დატოვებას სთავაზობდა, იქნებოდა ეს ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებით თუ მინდობით აღზრდაში განთავსების გზით. შშმ ბავშვებისათვის გაიხსნა 22 სხვადასხვა „დღის ცენტრი“ და მცირე საოჯახო ტიპის სახლები. თავდაპირველად, ინკლუზიური განათლება დაინერგა თბილისის ათ და რეგიონის ცხრა სკოლაში.
თანდათან შემუშავდა ინკლუზიური სასწავლო რესურსები, სკოლებში მოეწყო რესურსოთახები, შეიქმნა მულტიდისციპლინური გუნდი და დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ნაბიჯები ასევე მოიცავდა სკოლების სპეციალური მასწავლებლებით უზრუნველყოფას, სპეციალური მასწავლებლების პროფესიული სტანდარტის შემუშავებასა და მათ ჩართვას მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. კანონით აიკრძალა მოსწავლეთა სკოლაში მიღებაზე დისკრიმინაციული მოტივით უარის თქმა. სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო ვალდებულია, სკოლას ინკლუზიური განათლებისთვის აუცილებელი რესურსებით დაეხმაროს.
ცვლილებებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. დღეს ხელშესახებ წინსვლაზე რიცხვებიც მეტყველებენ: თუკი 2009 წელს საქართველოს სკოლებში 160 შშმ ბავშვი სწავლობდა, 2021 აკადემიური წლისთვის ასეთ მოსწავლეთა რაოდენობა 11 292-ს აღწევს.
წინაღობები, რომლებიც რჩება
თუმცა, წინსვლასთან ერთად, რჩება გამოწვევებიც. თუ ფართო სურათს შევხედავთ, ინკლუზიური განათლების დანერგვის კუთხით დღეს მთავარი გამოწვევა თავად განათლების ხარისხია. ბავშვები შეიძლება საკლასო ოთახებში იყვნენ, მაგრამ ხშირად მაინც „უხილავებად“ რჩებოდნენ. რატომ? მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან სწავლა-სწავლებას, ან – როგორც ამ დარგში წამყვანი პროფესორი ნარაიანი უწოდებს – „ნამდვილ სწავლებას“ (teaching for real).
ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ სკეპტიკურადაა განწყობილი ინკლუზიური სწავლების მიმართ. ეს სკეპტიციზმი ზოგჯერ მასწავლებლებს შორისაც იგრძნობა.
მიზეზი სხვადასხვაა. არსებული ფინანსური მოდელი ვერ პასუხობს ყველა ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებას. ინკლუზიური განათლების ხარისხისა და შედეგების შეფასებაც გამოწვევად რჩება. სკოლები ვერ უზრუნველყოფენ ინდივიდუალურ დამხმარე ზომებს, რაც, მათ შორის, ადაპტირებული სასწავლო რესურსების ნაკლებობას, მასწავლებელთა დაბალ კვალიფიკაციას, დამხმარე პერსონალის ნაკლებობასა და მოსწავლის შეფასების არაეფექტურობას უკავშირდება.
მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ სკეპტიკურადაა განწყობილი ინკლუზიური სწავლების მიმართ. ეს სკეპტიციზმი ზოგჯერ მასწავლებლებს შორისაც იგრძნობა.
კიდევ ერთი წინაღობა თავად ინკლუზიური განათლების ვიწრო გაგებაა. აქამდე „ინკლუზიურობა“ ჩვენთან მხოლოდ შეძენილ ან თანდაყოლილ შეზღუდულ შესაძლებლობებთან ასოცირდებოდა. პოლიტიკა და კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა შემზღუდავ სოციალურ და ემოციურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გარემოებებს, რომლებიც ასევე ხშირად შეიძლება გახდეს განსაკუთრებული საჭიროებების საფუძველი.
თუმცა ნელ-ნელა ეს ბარიერიც ინგრევა. ქვეყანა ცდილობს, ინკლუზიური განათლების თანამედროვე და ფართო გაგება გაითავისოს. ფართო გაგება კი სწავლით დაინტერესებული ყველა პირისთვის კლასში სწავლების შესაძლებლობასა და თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული პირობების შექმნას გულისხმობს – სწავლის ხელმისაწვდომობისა და შედეგების უზრუნველსაყოფად.