რვეულებიჩანახატების რვეული

AIკრძალოს?! ევროკავშირი ხელოვნურ ინტელექტს გააკონტროლებს

რობოტები ადამიანებზე ვერ გაბატონდებიან – ჯერჯერობით მაინც. თუმცა ევროპელ მმართველებსა და ბიუროკრატებს კარგად ესმით, რომ ახალი ტექნოლოგიების მთლად თავის ნებაზე მიშვებაც არ ვარგა. ხელოვნური ინტელექტი (AI) შესაშურად ჭკვიანი კია, მაგრამ ჭკუა ბოლომდე მაინც არ მოეკითხება და არასწორ ხელში თუ მოხვდა, იგი შეიძლება საკმაოდ საზიანოც აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა დროულად დაიჭირა თადარიგი და სულ მალე პირველი იქნება, ვინც ხელოვნურ ინტელექტს მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს.


გიორგი ქელბაქიანი


2 თებერვალს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მწვანე შუქი აუნთეს ახალ კანონმდებლობას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესებს გაწერს. “ხელოვნური ინტელექტის აქტი” AI სისტემებს რისკების მიხედვით დაყოფს და მათ მიმართ შესაბამისი სიმკაცრის შეზღუდვებს დააწესებს. ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე ორიოდე თვით ადრე კანონპროექტზე ევროკავშირის სამი მთავარი “თანაკანონმდებელი” ინსტიტუტი – ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო – შეთანხმდა. ეს კი ნიშნავს, რომ კანონის ძალაში შესვლას წინ თითქმის აღარაფერი უდგას.

რეგულაციებში ხელგაწაფულმა ევროკავშირმა ამ საკითხში სხვა ქვეყნებსაც დაასწრო – მათ შორის, აშშ-საც, რომელიც AI-ს თავაშვებულობაზე არანაკლებ დარდობს. ბრიუსელის უსაშველო ბიუროკრატიას თუ გავითვალისწინებთ, ასეთი სისწრაფე შთამბეჭდავადაც კი მოჩანს: სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ChatGPT და მსგავსი მაგენერირებელი მოდელები (generative AI) შემოიჭრა და სრულად ვერც გაგვიცნობიერებია, თუ რას გვიქადის ტექნოლოგიური პროგრესი. ამ დროს კი ბრიუსელში კანონმდებლობაც გაწერეს, ინსტიტუტებს შორის ფურცლებიც აფრიალეს, მოქალაქეებთან და ექსპერტებთან კონსულტაციებიც გაიარეს და სხვადასხვა ტექნიკურ დეტალზე გაწევ-გამოწევაც მოასწრეს.

მიუხედავად ამისა, კანონპროექტის ჩქარ „გენერირებას“ ChatGPT-ს ვერ დავაბრალებთ: ევროკავშირმა საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ 2021 წელს,  მსგავსი სისტემების გამოჩენამდე დააყენა. ევროპელები ვერც პანდემიამ დააყოვნა და, შედეგად, დღეს ბრიუსელში „ისტორიული“ რეგულაციით ხარობენ.

მაინც რას მოაწესრიგებს ახალი რეგულაცია?

ხელოვნური ინტელექტი ადამიანის გონების მსგავსი ფუნქციების განსახორციელებლად შექმნილი ტექნოლოგიაა. ის ყურადღებით ამუშავებს მიწოდებულ ინფორმაციას, მონაცემებს სწავლობს და დასკვნებიც დამოუკიდებლად გამოაქვს. AI უკვე ბევრ რამეში გვიმართავს ხელს. მას შეუძლია იყოს ჩვენი თანამოსაუბრე, მასწავლებელი და ის „ჯიგარი“ თანაკლასელიც, რომელიც საშინაო დავალებას უანგაროდ გადაგვაწერინებს. ეგოისტური მიზნების გარდა, მას საზოგადოებრივი სიკეთეც შეუძლია მოიტანოს: გაზარდოს განათლების ხელმისაწვდომობა, გააუმჯობესოს სატრანსპორტო თუ ჯანდაცვის სისტემები და გარემოს დაცვაშიც შეგვეშველოს.

თუმცა ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა სისტემა განსხვავებულ რისკებს შეიცავს და ევროკავშირიც მათ სხვადასხვაგვარი სიმკაცრით მოეპყრობა. ექსპერტები შეჯერდნენ, რომ მართლწერის შემმოწმებელი და სამედიცინო დიაგნოსტიკაში ჩართული ხელოვნური ინტელექტი ერთნაირი საფრთხის შემცველი ვერ იქნება. ამიტომ ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის სისტემებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეებს დააჯგუფებს და მათ „მიუღებელი“, „მაღალი“, „შეზღუდული“ და „მინიმალური“ რისკის კატეგორიებში მოათავსებს.

„მიუღებელი რისკების“ სისტემები უაპელაციოდ აიკრძალება. მაგალითად, დაუშვებელი ხდება სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა ემოციებისათვის თვალის დევნება. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მავან სტარტაპერთა თავებში ასეთი იდეა მართლაც მოიხარშა და დამსაქმებელთა ნაწილიც მიიზიდა. თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ევროპელებს უფროსობასთან უკმაყოფილების გამოხატვა ისევ კარგად ნაცადი პასიურ-აგრესიული გზებით მოუწევთ. ასევე კატეგორიულად იკრძალება ისეთი სისტემები, რომლებიც ადამიანებს დისკრიმინაციული ნიშნით დაყოფს – იქნება ეს პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა თუ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. ევროკავშირი არც ადამიანების სოციალურ რანჟირებას მოითმენს – რასაც ჩინეთი უკვე კარგა ხანია აკეთებს – და ევროპის მოქალაქეთა სახეების უნებართვოდ შენახვაზეც მტკიცე უარზეა. თუმცა სამართალდამცველებმა აქაც თავისი გაიტანეს და გარკვეული მძიმე დანაშაულების გამოძიებისთვის ზოგიერთი აკრძალული სისტემის გამოყენებაზე გამონაკლისს დაუშვებენ.

ახალი კანონი „მაღალი რისკის“ სისტემებსაც ხისტად მიუდგა. სწორედ ამ კატეგორიის სისტემებს უთმობს AI აქტი ყველაზე მეტ ყურადღებას. მაგალითად,  მკაცრად გაკონტროლდება ისეთი აპლიკაციები, რომლებიც სამსახურის მაძიებელთა განცხადებების დახარისხებას დაგვპირდება. ეს ამბავი ალბათ სულაც არ გაახარებს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების გადაღლილ თანამშრომლებს, რომლებიც ხელის შეშველებაზე უარს არ იტყოდნენ – მაგრამ, ვაღიაროთ, არც ის იქნება სამართლიანი, თუკი კომპიუტერს ისეთი ღირსეული კანდიდატების ბედს მივანდობთ, სამოტივაციო წერილები პატიოსნად, ChatGPT-ის დაუხმარებლად რომ შეაკოწიწეს. ევროკავშირში ასევე სიფრთხილით ეკიდებიან ისეთი „მაღალი რისკის“ AI სისტემებსაც, რომლებსაც ადამიანის ჯანმრთელობასთან ექნება შეხება.

„შეზღუდული რისკის“ პროდუქტების შემქმნელებს გამჭვირვალობის დაცვა ნაკლები ხარისხით მოუწევთ. ასეთ პროდუქტებს კარგად ნაცნობი ე.წ. ჩატბოტებიც მიეკუთვნებიან. კანონი მათ მხოლოდ „ელემენტარულ“ ზრდილობას სთხოვს და ავალებს, რომ მომხმარებლებს ხელოვნურ ინტელექტად წარუდგნენ და თავი ვინმე მოკვდავად არ შეასაღონ.

ყველაზე მსუბუქად კი ახალი ევროპული წესები „მინიმალური რისკის“ მქონე სისტემებს შეეხება. მაგალითად, იმ კეთილმოსურნე პროგრამებს, რომლებიც ჩვენი ელფოსტიდან ე.წ. სპამებს ცხრილავს, ზედმეტი თავისტკივილის გარეშე შეეძლებათ თავიანთი უხილავი შრომის გაგრძელება. ევროკავშირი დიდად არც კომპიუტერულ თამაშებში ინტეგრირებულ ხელოვნურ ინტელექტს ერჩის და რაიმე განსაკუთრებულ შეზღუდვებს არც აქ აწესებს.

უჩხუბრად და უკომპრომისოდ არაფერი ხდება

როგორც ხდება ხოლმე, რეგულაციაზე შეთანხმება მარტივი საქმე არ აღმოჩნდა. ახალ წესებს გულმხურვალე მხარდაჭერა ჰქონდა ევროპარლამენტში, მაგრამ ენთუზიაზმს არ იზიარებდნენ შედარებით დიდი ეკონომიკის ქვეყნების მმართველები, რომლებიც ისე გაჯიუტდნენ, რომ 2 თებერვალს აქტის მიღება კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენეს.

მთავარ თავისტკივილად გერმანიისა და საფრანგეთის წყვილი იქცა. მათ ეშინოდათ, ზედმეტი არ მოგვივიდეს და ბოლოს ისე არ მოხდეს, რომ მარწუხებში მოქცეული ჩვენი კომპანიები უცხოურმა, მაგალითად, ამერიკულმა მეტოქეებმა დაჩაგრონო. მეტიც, დიდი ერთსულოვნება ამ ქვეყნების შიგნითაც არ სუფევდა: თუკი გერმანიაში რეგულაციის ავკარგიანობაზე კოალიციური ძალები ვერ თანხმდებოდნენ, საფრანგეთში ერთმანეთში სამინისტროებიც ვერ ჩამოყალიბდნენ, ვის რა ერჩივნა. დიდი ქვეყნების შფოთვებს ავსტრიისა და იტალიის წარმომადგენლებიც გამოჰქომაგებიან.

საბოლოოდ, თუკი ბრიუსელის დერეფნებიდან გამოსულ ხმებს დავუჯერებთ, ევროპულმა კომისიამ დიდი ქვეყნების დაშოშმინება გარკვეული კომპრომისებით შეძლო. მაგალითად, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იმით მოთაფლეს, რომ – როგორც ზემოთ ვახსენეთ – „მიუღებელი რისკების“ სისტემებზე სამართალდამცველთათვის გამონაკლისები დაუშვეს.

აწი რას ველოდოთ?

ევროპარლამენტი, დიდი ალბათობით, ახალ რეგულაციას ერთ-ორ თვეში დაამტკიცებს, ახალი წესების ნამდვილ ზეგავლენას კი დრო გვიჩვენებს. ვინც მანამდე ვერ ვითმენთ, შეგვიძლია აზრი თავად ხელოვნურ ინტელექტს ვკითხოთ.

„ძვირფასო ბარდ, ევროკავშირის რეგულაცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ ეფექტური იქნება? მოკლედ მიპასუხე“, ზრდილობიანი ინგლისურით შევეკითხე Bard-ს, გუგლის „ჩატბოთს“.

„ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რამდენად ეფექტური იქნება ევროკავშირის აქტი ხელოვნური ინტელექტის შესახებ. მას ბევრი ძლიერი მხარე აქვს, მაგალითად, რისკის მიხედვით დაყოფილი რეგულაციები და სწორება გამჭვირვალობაზე. თუმცა სირთულეებს ქმნის ისეთი გამოწვევები, როგორიცაა რეგულაციის აღსრულება და განვითარების პროცესში მყოფი ტექნოლოგიები. რეგულაციის ეფექტურობა იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად კარგად აღსრულდება და მოერგება იგი ხელოვნური ინტელექტის ინოვაციებს“, მიპასუხა საკითხში ალბათ ჩემზე უკეთ გარკვეულმა ბარდმა.

ჰოდა, დაველოდოთ.

მსგავსი/Related

Back to top button