კოდირებული სასამართლოს კონტურები
გასულ კვირას უწინ-ტვიტერად-წოდებული X ტეილორ სვიფტის ჰიპერრეალისტურმა პორნოგრაფიამ წალეკა. გამოსახულებები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აღმოჩნდა. ჯერ უცნობია, პორნოინდუსტრიაში რამდენად წარმატებულად მოიკიდებს ფეხს ხელოვნური ინტელექტი, თუმცა ალგორითმების რევოლუციამ უკვე მრავალი სფერო მოიცვა და იქაც კი შეაღწია, სადაც ჩვენი ბედი ყველაზე მეტადაა დამოკიდებული ადამიანური განსჯის უნარზე: სასამართლოს კედლებში და, ზოგ შემთხვევაში, მოსამართლეთა თავებშიც.
საბა ბრაჭველი
ხელოვნური ინტელექტი უკვე მსოფლიოს არაერთ მართლმსაჯულებას ეხმარება. AI აგვარებს დავებს, “დრაფტავს” გადაწყვეტილებებს, აფასებს სასჯელის მართლზომიერ ფორმებს და სარჩელის წარმატებასაც მეტ-ნაკლები სიზუსტით პროგნოზირებს. AI თანაშემწე საქმის გარემოებების სწრაფი ანალიზით მსაჯულს დროსაც უზოგავს და, ზოგზოგიერთისგან განსხვავებით, სხვა კლერკებთან მოსამართლეებზეც არ ჭორაობს. მაგრამ დაუფასდებათ რობოტ კლერკებს გარჯა და დააწინაურებენ კი მათ მოსამართლეებად?
ან რა ფერის იქნება AI მსაჯულის მანტია?
ტექნიკური საქმის დიდოსტატი
სასამართლოს ფუნქციონირება შეუძლებელია ტექნიკური ადმინისტრირების გარეშე, სადაც ხელოვნური ინტელექტი თავს შინაურივით გრძნობს. ChatGPT წარმატებით ანაცვლებს სტენოგრაფისტებს, Generative AI სასამართლოში თარჯიმანთა დეფიციტს ავსებს და თარგმნასთან დაკავშირებულ ასტრონომიულ ხარჯებსაც ზოგავს. ფაქტების დასადგენად და დიდი ინფორმაციის ანალიზისთვის აშშ-ში უკვე იყენებენ eDiscovery-ს თვითმსწავლელ ალგორითმს, რომელიც პალიმფსესტების ნაცვლად მხარეებსა და სასამართლოს შემოკლებულ, სისტემატიზებულ ტექსტებს აწვდის.[1]
AI-ს გამოყენებამ შარიან მოსარჩელეებს სასამართლოს მოცდენის სურვილი უნდა დააკარგვინოს. დღესდღეობით სარჩელის წარმატების განჭვრეტა ალგორითმს აშშ-ის უზენაეს სასამართლოში 72%-იანი სიზუსტით,[2] ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კი 79%-იანი სიზუსტით შეუძლია.[3] მეტიც, ის არა მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებს, თავად მოსამართლეებსაც აანალიზებს – მათი გადაწყვეტილებების, ნაშრომების, პოლიტიკური პრეფერენციების შეჯერებით ადგენს, თუ რა პოზიციას აირჩევენ ისინი სათათბირო დარბაზში გასვლისას. ჩავთვალოთ, რომ ესაა პასუხი კითხვაზე, თუ ვინ ასამართლებს მოსამართლეებს.
მოსამართლის საუკეთესო მეგობარი
შავი მუშის გარდა, AI მოსამართლის საუკეთესო მრჩევლისა და მეგობრის როლშიც გვევლინება. გადაწყვეტილების წერისას ChatGPT-ის რჩევას უკვე ეკითხებიან კოლუმბიელი, პაკისტანელი, ბოლივიელი მოსამართლეები. ინდოეთსა და კოლუმბიაში მოსამართლეები თანაშემწეების ნაცვლად CARA by Casetext-ის, სამართლებრივი ჩატბოტის დახმარებას იყენებენ. ჭკვიანი ბოტი აგენერირებს მიმოხილვებს, აწარმოებს სამართლებრივ კვლევას, წერს გადაწყვეტილებების ტექსტებს და, რაც მთავარია, მოსამართლის ამბებს სხვა კლერკებთან არ განიხილავს.
აშშ-ის რამდენიმე შტატი უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს რეციდივიზმის რისკების შესაფასებლად. COMPAS[4]-ის გამოყენებით, მოსამართლეები იღებენ სუბიექტური ფაქტორებისგან დაცლილ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად საჭიროა პირის მიმართ პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების გამოყენება.
დავების ოდენობებისა და საპროცესო ხარჯების ზრდა მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ რობოტი მოსამართლეების რაოდენობა და გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ გაიზრდება.
ამერიკას ფეხი ჩინეთმაც აუბა. ჩინეთში, სადაც წელიწადში 19 მილიონამდე სამოქალაქო სარჩელი განიხილება, სასამართლოებს დიდი მონაცემების ანალიზის, მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელების გამოყენება მოეთხოვებათ. ჩინეთი ‘ჭკვიანი მართლმსაჯულების’ მოდელზე სწრაფად გადადის, რასაც ჩინეთის სასამართლოებში 100-ზე მეტი რობოტის, Xiaofa-ს გამოჩენაც ცხადყოფს. რობოტები ათასობით ადამიანს 40 000-ზე მეტ სამართლებრივ კითხვაზე სცემენ პასუხს, აწვდიან არგუმენტებს და აცნობენ პრეცედენტებს. ზოგიერთი მათგანი სპეციალიზებულიცაა – მაგალითად, კომერციულ ან შრომით დავებში. ჩინეთის სასამართლოები ხელოვნურ ინტელექტს ელექტრონული მიმოწერისა და სოცმედიის მონაცემების დასამუშავებლადაც იყენებენ, შემდგომში მტკიცებულებად გამოსაყენებლად.
ამიტომ, ბუნებრივია კითხვა – რობოტი, მიუკერძოებელი მოსამართლე უკეთ ხომ არ შეასრულებს მსაჯულის როლს? AI არც შესვენებებზე გავა, არც ხელფასის მომატებას მოითხოვს და, არაერთი მოქმედი ქართველი მოსამართლისგან განსხვავებით, არც უდიპლომობა ექნება ასახსნელი.
მოსამართლე, როგორც ალგორითმი
მოსამართლის ჩვეულებრივი საქმიანობა ალგორითმად რომ წარმოვიდგინოთ, მარტივ ჯაჭვს მივიღებთ. სტანდარტული სამართლებრივი ანალიზი, განურჩევლად საქმის გარემოებებისა და სამართლის დარგისა, ოთხი ეტაპისგან შედგება – საქმის ფაქტების დადგენა, რელევანტური კანონის შერჩევა, ფაქტების შეჯერება სამართალთან და დასკვნის გამოტანა. სულ ესაა – ოთხი ნაბიჯი, რომელიც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანის ბედს წყვეტს.
ციფრული მოსამართლის მომხრეთა მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მოსამართლეების მიერ განსახილველი საქმეების აბსოლუტური უმეტესობა რუტინული და მარტივად გადაწყვეტადია.[5] მოსამართლეები შაბლონებს იყენებენ საქართველოშიც, სადაც აქტივისტებს განუკითხავად აჯარიმებენ, და უცხოეთშიც, სადაც საქმეთა დიდი ნაწილი მორიგებით გვარდება. ამიტომაც, ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას ბუნებრივად ჩნდება კითხვა – როდის შეგვეძლება დავაწინაუროთ AI კლერკის თაგვისფერი კოსტიუმიდან მოსამართლის სიასამურიან მანტიამდე?
ნაკლებად სავარაუდოა, ალგორითმმა ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული მოჭიდავე, ან ძალადობაში ბრალდებული მომღერალი ციხიდან გირაოთი გაათავისუფლოს.
სანამ გაერთიანებულ სამეფოში ხელოვნური ინტელექტისთვის კომერციული დავების გადაწყვეტის მინდობა ჯერ მხოლოდ განიხილება, კანადაში Smartsettle ONE-მა, რობოტმა მედიატორმა, პირველი საქმე უკვე წარმატებით მოაკვარახჭინა და მხარეები სულ რაღაც ერთ საათში მოარიგა. მარტივი დავების მოსაგვარებლად ‘რობოტი მოსამართლის’ გამოყენება ესტონეთში უკვე კარგა ხნის დაწყებულია და ჯერჯერობით საქმეს თავს 1010-იანზე ართმევს.
დავების ოდენობებისა და საპროცესო ხარჯების ზრდა მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ რობოტი მოსამართლეების რაოდენობა და გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ გაიზრდება. ვინიცობაა, ციფრული არბიტრის ნახვა მალე ისეთივე ბანალურ ყოველდღიურობად გვეჩვენოს, როგორც ალექსას დალაგებული ფლეილისტი, კორტანას აწყობილი კალენდარი, ანდა გუგლ მეფის რჩევა, მარჯვნივ გაუხვიე, თორემ საცობში მოხვდებიო.
სკეპტიკოსებს რა გააჩუმებს
სანამ AI-ს მოსამართლის მანტიას მოვასხამდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ჯერ ახლა იდგამს ფეხს, ხშირად არასრულყოფილია და “ცოცხალი” ადამიანის დახმარებასაც საჭიროებს. მაგალითისთვის, ზემოთ ნახსენებ რობოტ სტენოგრაფისტებს ადამიანის თვალყურის დევნება სჭირდებათ, ადამიანები აახლებენ ციფრული მედიატორების კოდს კანადაშიც. ხელი-ხელ ნაგოგმანებმა ChatGPT-მ კი ერთ ნიუ-იორკელ იურისტს შუამდგომლობაში არარსებული საქმეებიც დაუციტირა და ლამის დაღუპა. მოკლედ, უჭკვიანესი ალგორითმები ჯერ მთლად ისე ჭკვიანებიც არ არიან, რომ თავის გუნებაზე მივუშვათ.
თუმცა ალგორითმების დახვეწა და ჩატბოტების სრულყოფა მხოლოდ დროისა და მათთვის საკმარისად დიდი მონაცემების მიწოდების ამბავია. როცა იურისტი პროგრამები ისევე დაჯაბნიან იურისტ ადამიანებს, როგორც სთოქფიში – მოჭადრაკეებს, მერე მაინც თუ შეგვეძლება მიუკერძოებელ რობოტებზე მართლმსაჯულების სრულად გადანდობა?
AI მოსამართლის წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი ისაა, შეუძლია თუ არა მას თვითინოვაცია – ანუ საკუთარი გუმანით გადაწყვეტილების მიღება. AI მაგია როდია – მისი დიზაინი და გამოყენება ისევ ადამიანების შექმნილ კოდს ეყრდნობა. რასაც პროგრამები ახლა აკეთებენ, გადაწყვეტილების მხოლოდ წინასწარმეტყველება და წარსულ პრეცედენტებთან მიმსგავსებაა. მათ შეუძლიათ განჭვრიტონ ადამიანი მოსამართლის სავარაუდო პოზიცია, თუნდაც გადაწყვეტილების ტექსტიც კი, მაგრამ არ ვიცით, რამდენად შეუძლიათ თავად განსაჯონ საქმე ან გამოიტანონ ახალი გადაწყვეტილება.
ალგორითმის წყალობით, მოსამართლეებს უფრო ნაკლები ადამიანისთვის უნდა მიესაჯათ პატიმრობა, თუმცა ადამიანი მოსამართლეები მას შერჩევითად იყენებდნენ და პირიქით, ციხეში მეტი ბრალდებულის (განსაკუთრებით – შავკანიანების) გაშვება დაიწყეს.
ცალკე პრობლემაა, რომ ევროსაბჭო ციფრული მოსამართლის/პროგრამის გამოყენებისთვის სავალდებულოდ მიიჩნევს მომხმარებლის მიერ მის სრულ კონტროლს. CEPEJ-ის 5 (სარეკომენდაციო) კრიტერიუმი ადგენს, რომ ალგორითმს არ უნდა მიეცეს კანონის ძალა და მისთვის სამოსამართლო უფლების მიცემა შეუძლებლად უნდა დარჩეს. არადა, თუ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური ‘ბორკილებისგან’ არ გავათავისუფლებთ, ბოლომდე ვერასდროს შევძლებთ გავიგოთ, თუ როგორი იქნება ჩვენზე გონიერი არსების სამართალი.
ადამიანური კონტროლის არსებობის გამო, საკითხავი რჩება ისიც, თუ რამდენად არის ან იქნება ციფრული მოსამართლე მიუკერძოებელი. მთავარი, რაც რობოტი მოსამართლისგან გვინდა, მისი ნეიტრალურობა და ობიექტურობაა. მანქანებს შეუძლიათ უგულებელყონ სქესი, კანის ფერი და სხვა ფაქტორები, თუმცა, სანამ პროგრამები სრულიად ეყრდნობიან ადამიანების შექმნილ კოდს, სანამ ადამიანები ასწავლიან მანქანებს, თუ რა კრიტერიუმები გაითვალისწინონ, იქამდე ციფრული მიუკერძოებლობაც ადამიანურ საზღვრებში იქნება მოქცეული.
კუდიანებსა და კოდიანებს შორის
ალგორითმების არასრულყოფილებისა და ზოგჯერ გაუმჭვირვალობის პრობლემები ნათელია. თუმცა ამის გამო მათი პოტენციალის შეკავებაც არ იქნება გონივრული. თუ მათ სამუდამო კლერკობას მივუსჯით, მათი გავლენა ისევე შეიზღუდება, როგორც COMPAS-ის შემთხვევაში მოხდა. ამ ალგორითმის წყალობით, მოსამართლეებს უფრო ნაკლები ადამიანისთვის უნდა მიესაჯათ პატიმრობა,[6] თუმცა ადამიანი მოსამართლეები მას შერჩევითად იყენებდნენ და პირიქით, ციხეში მეტი ბრალდებულის (განსაკუთრებით – შავკანიანების) გაშვება დაიწყეს.
ამიტომაც, ადრე თუ გვიან, ციფრული მოსამართლეები უფრო და უფრო მეტ და რთულ საქმეებს შეეჭიდებიან. ადამიანური მიკერძოების გამორიცხვის გარდა, ასეთი მართლმსაჯულების კიდევ ერთი უდიდესი სარგებელი მისი თანმიმდევრულობა იქნება. ნაკლებად სავარაუდოა, ალგორითმმა ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული მოჭიდავე, ან ძალადობაში ბრალდებული მომღერალი ციხიდან გირაოთი გაათავისუფლოს, ხოლო სუფთა ფურცლით მდგარი ან გამოსახლების გამპროტესტებელი ადამიანები პირიქით – გისოსებს მიღმა გაამწესოს.
შეიძლება არჩევანის გაკეთება ადამიანებსა და მანქანებს კი არა, კოდირებულ სასამართლოსა და დაკოდილ სასამართლოს შორის მოგვიწიოს.
რა, რა და მიუკერძოებელი სასამართლო ნამდვილად არის ის, რაც საქართველოში ჰაერივით გვჭირდება. ჩვენი სასამართლო კორპუსის საქმენი საგმირონი დიდი ხანია საზღვრებს გასცდა – აშშ ჩვენს სასამართლოში კლანის არსებობას ადასტურებს და კორუმპირებულ მოსამართლეებს ასანქცირებს, ევროკავშირი კი გაწევრებისთვის აუცილებელ პირობად უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებისა და გავლენიანი საბჭოს წევრების კეთილსინდისიერების საგანგებო, გულდასმით შემოწმებას (ე.წ. „ვეთინგს“) აყენებს.
ციფრული მართლმსაჯულების აღზევება გარდაუვალი, მაგრამ ჯერ მაინც შორეული ამბავია. კარგა ხანი გავა, სანამ ყველაზე სენსიტიური საქმეების გადაწყვეტას ნეიტრალურ რობოტს მივანდობთ. ამიტომ, სანამ მისთვის შესაკერი მანტიის ფერზე დავფიქრდებოდეთ, იქნებ ჯობდეს, ჯერ ჩვენს, ადამიანურ მართლმსაჯულებაზე გვეზრუნა. საქმე ისე გვაქვს, რომ თუ ახლა, ევროკავშირის ქომაგობითაც ვერ მოვახერხეთ, რომ ქართული სასამართლო ერთი დუჟინი კუდიანისგან გავათავისუფლოთ, მერე შეიძლება არჩევანის გაკეთება ადამიანებსა და მანქანებს კი არა, კოდირებულ სასამართლოსა და დაკოდილ სასამართლოს შორის მოგვიწიოს.
[1] აშშ: Anti-Monopoly, Inc. v. Hasbro, Inc., 1995 WL 649934 (S.D.N.Y., Nov. 3, 1995); Da Silva Moore v. Publicis Groupe & MSL Group, No. 11 Civ. 1279 (ALC) (AJP) (S.D.N.Y., Feb. 24, 2012); Hyles v. City of New York, et al., No. 10 Civ. 3119 (AT) (AJP) (S.D.N.Y., Aug. 1, 2016). გაერთიანებული სამეფო: High Court of Justice Chancery Division, U.K. (2016), Pyrrho Investments Ltd v. MWB Property Ltd [2016] EWHC 256 (Ch).
[2] Katz, D.M. et al. 2017. A General Approach for Predicting the Behavior of the Supreme Court of the United States.
[3] Aletras N, Tsarapatsanis D, Preoţiuc-Pietro D, Lampos V. 2016. Predicting judicial decisions of the European Court of Human Rights: a Natural Language Processing perspective, PeerJ Computer Science 2:e93.
[4] Correctional Offender Management Profiling for Alternative Sanctions.
[5] Reiling, A.D. 2009. Technology for Justice, how information technology can support judicial reform. Leiden: Leiden University Press.
[6] 4 J. Angwin. ‘Machine Bias’, ProPublica, 2016.