ისტორიის რვეულირვეულები

მონტესორი და საქართველო: არც ისე ახალი ინოვაცია

განცხადებების თვალიერებისას არც თუ იშვიათად გადავეყრებით ხოლმე მშობლებს, რომლებიც შვილებისთვის “მონტესორის მეთოდის” მცოდნე ძიძას ეძებენ. საბავშვო ბაღებიც სიამაყით აცხადებენ ხოლმე, რომ შვილისთვის საუკეთესოს მსურველ მშობლებს სწორედ ამ მეთოდით აღზრდას სთავაზობენ. ეს აღმზრდელობითი მეთოდი საქართველოში ჯერ კიდევ იშვიათი ხილია – ერთ-ერთი იმ “სიახლეთაგანი”, ახალგაზრდა მშობლები რომ გაფაციცებით ეცნობიან, უფროსმა თაობებმა კი შეიძლება ცხვირიც აუბზუონ. თუმცა ამ თითქოსდა ინოვაციას ჩვენში თავისი ისტორია აქვს.


ირაკლი ირემაძე, ისტორიკოსი და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მკვლევარი


ახალი არც მონტესორის მეთოდია და არც საქართველოში მისი დანერგვის ამბავი. მეთოდი მარია მონტესორიმ, იტალიელმა ექიმმა და პედაგოგმა, მე-19 საუკუნის მიწურულს განავითარა. გასული საუკუნის დასაწყისში აღზრდის მისეული, ბავშვის თავისუფალ განვითარებაზე ორიენტირებული სტილი მსოფლიომაც აიტაცა. გამონაკლისი მაშინ არც საქართველო ყოფილა. მონტესორის მეთოდის ფართოდ დანერგვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ჯერ კიდევ 1920 წლიდან, საყოველთაო განათლების რეფორმის ფარგლებში დაიწყო.

სამწუხაროდ, როგორც ბევრ სხვა იმდროინდელ რეფორმას, არც მონტესორის სისტემას ეწერა დიდი დღე. საბჭოთა მოქალაქის აღზრდის ამოცანაზე გადართულმა განათლების სისტემამ ის მალევე მიივიწყა. შესაბამისად, “მონტესორის მეთოდი” ჩვენი მშობლების ყურს შეიძლება კი უცხოდ მოხვდეს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ჩვენივე რომელიმე სხვა წინაპარს, მცირე ხნით მაინც, ასეთი აღზრდა თავადვე გამოეცადა.

ახალი მეთოდის დამკვიდრების ისტორია

დღეს მონტესორის სწავლების თეორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიდგომაა ბავშვთა და მოზარდთა აღზრდა-განათლების კუთხით.  იგი ექიმმა მარია მონტესორიმ იტალიაში მრავალწლიანი პრაქტიკისა და დაკვირვების შედეგად 1890-იან წლებში განავითარა.

მეთოდი მოიცავს ბავშვის განვითარებისთვის ხელშემწყობი ფიზიკური გარემოს შექმნას, შესაბამისი ზომისა და ფორმის საგნების გამოყენებით პრაქტიკული უნარების სწავლებასა და ადაპტირებული, სამყაროს შესწავლასა და აღქმაზე ორიენტირებული მასალების გამოყენებას. მონტესორის მიდგომის კიდევ ერთი პრინციპი განსხვავებული ასაკის მოსწავლეთა ერთ ჯგუფში თავმოყრა და ამ გზით ურთიერთზრუნვის სწავლებაა. მეთოდი უარს ამბობს სპონტანურ, დაჩქარებით თუ დაძალებით სწავლებაზე და ეფუძნება რწმენას, რომ თითოეულ ბავშვი სწავლისთვის ინდივიდუალურ ტემპსა და დროს საჭიროებს.

მარია მონტესორი გრამატიკის გაკვეთილს ატარებს. ფოტო: მონტესორის ფონდი

სწავლების მეთოდი მსოფლიოს უკვე 1900-იანი წლებიდან მოედო, როცა თავად მონტესორი და მისი მოსწავლეები ევროპაში მოგზაურობდნენ და თავიანთივე მეთოდით მომუშავე ბაღებსა და სკოლებს აარსებდნენ. მონტესორის სისტემის სკოლები გაიხსნა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. სწავლების სისტემამ კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო პოპულარობა 1920-იანი წლებიდან მოიპოვა. 1929 წელს მონტესორის საერთაშორისო ასოციაციაც დაფუძნდა.  

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 1910-იან წლებში მონტესორის მეთოდი რუსეთის იმპერიაშიც შემოვიდა მოდაში. პირველი ასეთი სკოლა პეტერბურგში 1913 წელს გაიხსნა. იმპერიის განაპირა მხარეები, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გუბერნიებიც, მსგავს ფუფუნებას მოკლებული იყვნენ. ჩვენში არათუ მონტესორის სისტემის სკოლა-ბაღები, ფაქტობრივად სკოლამდელი აღზრდის ზოგადი სისტემაც კი არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართული პირები აქტიურად ეცნობოდნენ ახალი მეთოდის სპეციფიკასა და მიღწევებს. 1912 წელს თბილისში ჟურნალ „განათლების“ რედაქციამ გამოსცა ნინო ბოცვაძის ბროშურა „მონტესორის სისტემის ბაღი“.

მონტესორის სისტემა საქართველოს პირველ რესპუბლიკაში

საქართველოში მონტესორის სისტემამ უკვე რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შეაღწია. 1918-1921 წლებში პირველ რესპუბლიკაში აქტიურად მუშაობდნენ საყოველთაო განათლების დანერგვაზე. არსებობის სულ რაღაც 1028 დღის მანძილზე 1170 ახალი სკოლა გაიხსნა, 1919 წლიდან კი განათლების სისტემური რეფორმა დაიწყო, რომლის მიზნებშიც საყოველთაო და ხელმისაწვდომ დაწყებით განათლებასთან ერთად სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნაც შედიოდა. რეფორმის ავტორებს საბავშვო ბაღების სისტემის ჩამოყალიბება სწორედ მონტესორის სწავლების მეთოდის საფუძველზე წარმოედგინათ.

დემოკრატიზმი სოციალურის ინერციით – აი მთავარი საფუძველი, რომელზედაც ჩვენი ახალი სკოლა უნდა აღმოცენდეს, ადამიანის მთლიანი ჰარმონიული და კერძოდ ბუნების, მისი ნებისყოფის განვითარება – აი უმთავრესი მიზანი, რომელსაც სკოლა უნდა ემსახურებოდეს! 

ნოე ცინცაძე, განათლების მინისტრის ამხანაგი (მოადგილე), განათლების რეფორმის გეგმის ავტორი.

მონტესორის იდეების ძლიერი გავლენა უშუალოდ სასკოლო განათლების რეფორმის ტექსტშივე იგრძნობა. დოკუმენტის შესავალში წერია, რომ სკოლის უმთავრესი მიზანი „ადამიანის მთლიანი ჰარმონიული და კერძოდ ბუნების, მისი ნებისყოფის განვითარება” უნდა ყოფილიყო, რაც იტალიელი ექიმის ხედვებს ეხმიანებოდა. 1919 წელს განათლების სამინისტრომ მონტესორის სისტემის დასანერგად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო: საქართველოდან მილანში გაიგზავნა წერილები, რომლებშიც მონტესორის მიერ დაფუძნებულ ჰუმანიტარულ საზოგადოებას ქართველი მასწავლებლების გადასამზადებლად წარმომადგენლების გამოგზავნას სთხოვდნენ.

1920 წელს “საქართველოს რესპუბლიკა” იმასაც წერდა, რომ მთავრობამ მილანის ჰუმანიტარულ საზოგადოებას ბაღების მონტესორის სისტემით მოწყობისთვის საჭირო ხელსაწყოები და კოლექციები დაუკვეთა. სამინისტროს წარმომადგენელი უკვე გაემგზავრა იტალიაში აღნიშნულ ხელსაწყოთა ჩამოსატანად და აგრეთვე ინსტრუქტორ-ხელმძღვანელის ჩამოსაყვანად“, – წერდა გაზეთი. მოგვიანებით, იმავე წლის აგვისტოში, პრესა უკვე შესაბამისი ლიტერატურის ჩამოტანასა და თბილისში მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსების დაწყებას აანონსებდა. კურსებზე ორმოც მსმენელს მიიღებდნენ.

11 აგვისტოს კი გაზეთი “ერთობა” თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში კურსების საზეიმო გახსნას იტყობინებოდა. თვენახევრიან კურსებს თავად მონტესორის მოსწავლე, ლოლა კონდულმარი გაუძღვებოდა. “მილანში გავიგე რა რომ საქართველოში გადასწყდა აღნიშნული კურსებისა და ამავე სისტემაზე საბავშვო ბაღების გახსნა”, – ამბობდა კონდულმარი გახსნით ღონისძიებაზე, – “მე აღფრთოვანებით გადავსწყვიტე მთელი ჩემი ღონე და გამოცდილება მომენდომებია საქართველოში ამ საქმის კარგად დაყენებისათვის”.

1920 წლის სექტემბრის მიწურულს კურსი უკვე 36 პედაგოგს ჰქონდა გავლილი და მომდევნო თვეებში თბილისში მეთოდის აქტიურ დანერგვასაც მიჰყვეს ხელი.

ზედმეტად თავისუფალი მიდგომა?

აღსანიშნავია, რომ თავად მონტესორის მოღვაწეობას მთლად უცოდველად არ ჩაუვლია. იტალიელი პედაგოგის ბიოგრაფიას შავ ლაქად დააჩნდა ფაშისტ დიქტატორთან, ბენიტო მუსოლინისთან, თანამშრომლობა. მონტესორი “დუჩეს” ხელისუფლებაში მოსვლას დადებითად შეხვდა, მუსოლინის მთავრობამ კი ახალი მეთოდი იტალიურ სკოლებსა და ბაღებში თავიდან აქტიურად დანერგა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ფაშისტებს მეთოდისთვის დამახასიათებელი სწავლის ტემპები და თავისუფლების მაღალი ხარისხი აღარ მოეწონათ და 1931 წლიდან მონტესორის სისტემის სკოლების დახურვა დაიწყეს.

მეთოდს არც საქართველოში ეწერა ხანგრძლივი ბედი. სისტემის აქტიური დანერგვიდან საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ რაღაც ოთხი-ხუთი თვე თუ გასტანა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დამყარებულმა ახალმა რეჟიმმა კი მონტესორისეულ თავისუფალ მიდგომებისა და სწავლების მეთოდებზე უარი თქვა.

მონტესორის იდეები საქართველოში უკვე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაბრუნდა, რაც ევროპაში მონტესორის მეთოდის პოპულარობის მობრუნებასაც უკავშირდება. უკანასკნელი ათწლეულია, საქართველოში იტალიელი პედაგოგის სწავლების მეთოდით მოხელმძღვანელე არაერთი ბაღი გაიხსნა და სისტემა სხვადასხვა სკოლის დაწყებით საფეხურებზეც დაინერგა. დღეისთვის, ისევე როგორც საუკუნის წინ, შექმნილია კურსებიც, სადაც მსურველებს მეთოდის საფუძვლების დაუფლება შეუძლიათ.

შეწყვეტილი ისტორია კი ასე მეორდება და გრძელდება.

მსგავსი/Related

Back to top button