skip to content
რვეულებიჩანახატების რვეული

შრომა და ფული AI ეპოქაში: დროა, რობოტებმა გვარჩინონ?

“1930 წელს ჯონ მეინარდ კეინზმა იწინასწარმეტყველა, რომ საუკუნის ბოლოსკენ ტექნოლოგია საკმარისად განვითარდებოდა იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მსგავსი ქვეყნები 15-საათიან სამუშაო კვირაზე გადასულიყვნენ”. 

ასე იწყებს ანთროპოლოგი დევიდ გრებერი თავის ცნობილ ესეს “უაზრო სამსახურების ფენომენის შესახებ”. ესეში – და მოგვიანებით გამოცემულ წიგნშიც – ანარქისტი ავტორი სწორედ იმაზე საუბრობს, თუ როგორ არ გამართლდა კეინზის მოლოდინი: სამუშაო დროის შემცირებისა და დროის უფრო თავისუფლად გამოყენების ნაცვლად კაცობრიობამ საპირისპირო გეზი აიღო და განვითარებულ სამყაროს ე.წ. “უაზრო სამსახურები” (bullshit jobs) მოედო.

“თითქოს ვიღაც სპეციალურად იგონებდეს უაზრო სამსახურებს, ოღონდ კი ყველანი გვამუშაონ”, – წუწუნებს გრებერი.

ანთროპოლოგის მიერ აღწერილი სამსახური ისეთი “უაზრო, უსარგებლო და მავნებელია, რომ მისი არსებობის გამართლება იქ დასაქმებულსაც არ შეუძლია, თუმცა კი დასაქმებული თავს ვალდებულად გრძნობს, თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ეს ასე სულაც არაა”. 

გრებერის თქმით, გავრცელებული წარმოდგენისგან განსხვავებით, უაზრო სამსახურები მხოლოდ საჯარო სექტორში არ გვხვდება. უაზრო სამსახურები ყრია დიდ კორპორაციებში, მცირე სთართაფებსა და არასამთავრობოებშიც. ასეთ სამუშაოს ასრულებენ ადმინისტრაციული მუშაკები, რომლებიც ისეთ ანგარიშებს წერენ, რომლებსაც არავინ წაიკითხავს, ვებ-დეველოპერები, რომლებიც სრულიად უსარგებლო საიტებზე სამუშაოდ დაიქირავეს, ან კიდევ მენეჯერები, რომლებსაც არავინ ექვემდებარება.

თითქოს ვიღაც სპეციალურად იგონებდეს უაზრო სამსახურებს, ოღონდ კი ყველანი გვამუშაონ

დევიდ გრებერი, ანთროპოლოგი

“უაზრო სამსახურებში” შეიძლება კარგად იხდიდნენ – განსხვავებით ბევრი ისეთი სამსახურისგან (shit jobs), სადაც ხალხი მართლა საჭირო საქმეს აკეთებს, მაგრამ არავინ უფასებს. წიგნში ანთროპოლოგი ისეთ ამბებსაც ჰყვება, როცა დასაქმებულს ბევრი არაფერი საქმე აქვს, მაგრამ ვალდებულია, მთელი დღე ოფისში იყურყუტოს და ხელმძღვანელს თავი საქმიანად მოაჩვენოს. ამის მიუხედავად, “უაზრო სამსახურებში” დასაქმებულები ჩიოდნენ, რომ ისინი ხშირად მაინც ვერ ახერხებდნენ თავისუფალი დროის თავიანთი მიზნებისთვის გამოყენებას – იქნებოდა ეს ხელოვნებით დაკავება თუ აქტივიზმში ჩართვა. ძვირფასი დროის ასე უაზროდ ფლანგვა კი, რაც არ უნდა კარგი ხელფასი ჰქონოდათ, ღირსების შემლახავიც იყო და ზოგ თანამშრომელს ჯანმრთელობასაც ურყევდა. 

სხვებს კი უინტერესო დავალებების შესრულებაც უწევდათ. “ჯოჯოხეთი ისეთ ადამიანთა სიმრავლეა, რომლებიც თავიანთი დროის მნიშვნელოვან ნაწილს იმ დავალებათა შესრულებას უთმობენ, რომლებიც არც მოსწონთ და რომლებსაც არც მაინცდამაინც კარგად ართმევენ თავს”, – წერდა გრებერი.

გრებერი 2020 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი ვერ მოესწრო ხელოვნური ინტელექტის უახლეს ტენდენციებს – როცა ტექნოლოგია ახალ ტალღად, სულ სხვა მასშტაბით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. თუკი კეინზი 70 წლიან პერსპექტივაში იჭვრიტებოდა, დღეს იმასაც ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როგორი იქნება ჩვენი სამუშაო რუტინა და, შესაბამისად, ჩვენი ცხოვრებაც ერთი წლის შემდეგ. ანარქისტი ანთროპოლოგი ალბათ ისევ იკითხავდა: ახლა მაინც გამოვიყენებთ პროგრესს ადამიანური, აზრიანი ცხოვრებისთვის, თუ კიდევ უფრო მოვამრავლებთ უაზრობას?

წაიღოს, თუ მიაქვს

“- AI შენს სამსახურს წაიღებს! 

– კი ბატონო, ეგ თუ მაგას იზამს…” 

“მეგონა, მთელი ამ ტექნოლოგიური პროგრესის აზრი ის იყო, რომ AI ჩვენს საქმეებს გადაიბარებდა, ლექსებს კი ადამიანები დავწერდით”

სოციალურ ქსელში ბოლო დროს ასეთი ხუმრობანარევი წუწუნი მოხშირდა. ეს არცაა გასაკვირი –  თუკი უწინ ხელოვნური ინტელექტი (AI) და ავტომატიზაცია მხოლოდ ჩუმად და მოკრძალებით გვეხმარებოდა ყოველდღიური დავალებების შესრულებაში, ChatGPT-სა  და Midjourney-ს მსგავსი ახალი AI მოდელების (generative AI) გამოჩენამ ნათლად დაგვანახა, რომ ტექნოლოგიას ამ დავალებათა გადაბარება ზოგჯერ სრულიადაც შეუძლია. კვლევა იქნება, ტექსტის აკრეფა თუ ილუსტრაციების გენერირება, ახალი სისტემები არა მხოლოდ რუტინული საქმისგან გვათავისუფლებს, არამედ ჩვენი შემოქმედებითი ამბიციების ნაადრევად ჩაკვლითაც გვემუქრება.

ახალი შესაძლებლობებით აღტაცებას თან ეკონომიკური შფოთვაც ახლავს. საერთაშორისო ორგანიზაციები, მთავრობები და კომპანიები ცდილობენ იწინასწარმეტყველონ, რამდენ სამსახურს “წაიღებს” ხელოვნური ინტელექტი და რამ უნდა შეავსოს ეს სიცარიელე. 

“ჩვენ ტექნოლოგიური რევოლუციის ზღვარზე ვართ, რომელსაც შეუძლია პროდუქტიულობა წაახალისოს, გლობალური ეკონომიკური ზრდა დააჩქაროს და მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლებიც გაზარდოს”, – წერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი იანვარში. “მაგრამ მას ასევე შეუძლია, სამუშაო ადგილები ჩაანაცვლოს და უთანასწორობა გაზარდოს”.

რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ მომავალში ნაწილი შრომით არ დავიხოცოთ, მეორე ნაწილი კი – უმუშევრობით?

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, AI მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ადგილების დაახლოებით 40 პროცენტს შეეხება. განვითარებულ ეკონომიკებში ეს წილი 60 პროცენტსაც ურტყამს – აქედან ნახევარს AI მხოლოდ “შეავსებს” და წაეხმარება, მეორე ნახევრის შემთხვევაში კი იგი დასაქმებულებს – მათ შორის, მაღალკვალიფიციურებსაც – კონკურენციას გაუწევს და იქნებ სამუშაო ადგილები სულაც დააკარგვინოს. 

IMF იმასაც შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ახალგაზრდა და/ან მაღალშემოსავლიან დასაქმებულებს მოაძლიერებს, სხვებს კი მშრალზე დატოვებს, რაც უთანასწორობას კიდევ მეტად გაზრდის. 

უკვე ვრცელდება ცნობები სამსახურებიდან მასობრივი დათხოვნის შესახებ. ცოტა ხნის წინ Duolingo-მ, ბევრისთვის ნაცნობმა ენის შემსწავლელმა პლატფორმამ, საკონტრაქტო თანამშრომელთა 10 პროცენტის დათხოვნა ნაწილობრივ AI-ს გადააბრალა და თავიც იმართლა, მათ ალტერნატივები შევთავაზეთო. მანამდე AI-სთან დაკავშირებული მიზეზებით თანამშრომელთა 16 პროცენტის დათხოვნა Dropbox-მა, ცნობილმა ‘ქლაუდ’ კომპანიამაც აღიარა. ზოგი კომპანია თანამშრომლებს ჯერ არ ათავისუფლებს, მაგრამ არც თავიანთი ინიციატივით წასულების შემცვლელის ძიებით იწუხებს თავს. ეს კი უმუშევრად დარჩენილებს კიდევ მეტად გაურთულებს საქმეს. 

ჩვენ ტექნოლოგიური რევოლუციის ზღვარზე ვართ, რომელსაც შეუძლია პროდუქტიულობა წაახალისოს, გლობალური ეკონომიკური ზრდა დააჩქაროს და მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლებიც გაზარდოს. მაგრამ მას ასევე შეუძლია, სამუშაო ადგილები ჩაანაცვლოს და უთანასწორობა გაზარდოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი

მთარგმნელების, ილუსტრატორებისა და ანალიტიკოსების გარდა, AI უსამსახურობით “ქოლცენტრების” უამრავ თანამშრომელსაც ემუქრება. ქოლცენტრის რიგით თანამშრომელს ალბათ სულაც არ ეწყინება, თუკი უტიფარი მომხმარებელი მათ ნაცვლად უგრძნობ რობოტს წაეჩხუბება – იქნებ მას სხვა ოცნებები ჰქონდეს, რომლისთვისაც აქამდე დროსა და ენერგიას ვერ პოულობდა. არც ილუსტრატორები იტყვიან უარს, კლიენტთა ახირების შესრულების ნაცვლად საკუთარი შემოქმედებითი იდეების განხორციელებას თუ დაუთმობენ მეტ დროს. იქნებ მთარგმნელებსაც თავიანთი საყვარელი მწერლების ტექსტებში ძრომა ურჩევნიათ, ან კიდევ თავად სურთ წერაში ბედის მოსინჯვა?

მთავარი კითხვა აქ ისაა, თუ რით ირჩენენ ისინი თავს.

რა შეგვივსებს სიცარიელეს?

ავტომატიზაციით გამოწვეული ცვლილებებით შეშფოთებული სავალუტო ფონდი მთავრობებს მოქმედებისკენ მოუწოდებს. “მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა ყოვლისმომცველი სოციალური დამცავი ბადეები ჩამოაყალიბონ და მოწყვლად მშრომელებს გადამზადების პროგრამები შესთავაზონ”, – წერს ორგანიზაცია.

IMF-ში უთანასწორობაზე სამართლიანად წუხან, მაგრამ მგონი ბოლომდე მაინც ვერ გაგვიგეს: ჩვენ ხომ ძველი სამსახურის ახლით ჩანაცვლება კი არა, ლექსების წერისთვის მეტი დრო გვინდოდა?

მაშინაც კი, თუკი გაგიმართლათ და ავტომატიზაციამ მხოლოდ სამუშაოს რუტინული ნაწილი აგართვათ, რთულია იმის წარმოდგენა, რომ დამსაქმებელი გამოთავისუფლებულ დროს “შეგარგებთ” და არც ხელფასს მოგაკლებთ. Ბევრად უფრო მარტივი წარმოსადგენია, რომ იმ დროში უფრო მეტი ისეთი ტვინის საჭყლეტი საქმე დაგეყრებათ, რომ აწ უკვე AI-ს ხელში გადასული “წერტილ-მძიმის” გასწორების რუტინა განტვირთვად მოგეჩვენებათ. 

კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება გადავა შრომიდან კაპიტალის ხელში. თუკი საჯარო პოლიტიკა ამას შესაბამისად არ მოერგება, ადამიანთა უმეტესობა დღევანდელზე უარეს დღეში აღმოჩნდება

სემ ალტმანი, OpenAI-ს დამფუძნებელი

მაშ, რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ მომავალში ნაწილი შრომით არ დავიხოცოთ, მეორე ნაწილი კი – უმუშევრობით? 15-საათიანი სამუშაო კვირა გადასარევად ჟღერს, თუმცა ზოგი მეოცნებე კიდევ უფრო შორსაც მიდის და უპირობო, უნივერსალური საბაზისო შემოსავლის (universal basic income – UBI) იდეისთვის ახალი სულის ჩაბერვას ცდილობს.

უპირობო შემოსავლის იდეა მემარცხენე წრეებში კარგა ხანია ტრიალებს და ზოგიერთ ქვეყანაშიც იტესტება. მისი მხარდამჭერები თვლიან, რომ თუკი ადამიანები სახელმწიფოსგან ყველანაირი პირობის გარეშე ყოველთვიურად გარკვეულ თანხას მიიღებენ, ეს მათ კი არ გააზარმაცებს, არამედ ღირსეულ პირობებს შეუქმნის და საშუალებას მისცემს, თავად უკეთ განსაზღვრონ, რაში გამოიყენოს დრო და რესურსები. 

იდეალურ შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები აღარ იმუშავებენ – უბრალოდ, მათ თავის სარჩენად არაადამიანურ პირობებზე დათანხმება აღარ მოუწევთ, თავისუფლად აირჩევენ სამუშაო დატვირთვასაც და ხელფასზეც უკეთ ივაჭრებენ – დათვური შრომა კი, დაე, რობოტებმა გასწიონ.

‘უფასო ფული’ თუ აუცილებლობა?

თავის დროზე უნივერსალურ საბაზისო შემოსავალს ანთროპოლოგი დევიდ გრებერიც გულშემატკივრობდა. 2018 წელს გამოცემულ წიგნში ანარქისტი მოაზროვნე იმ დროს არსებული იდეებიდან “უაზრობის” დასრულების ყველაზე დიდ პერსპექტივას სწორედ UBI-ში ხედავდა.

თუმცა, თუკი უწინ ეს რადიკალურ ახირებად ითვლებოდა, დღეს იდეისადმი ირიბ სიმპათიებს თავად ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის პიონერებიც კი გამოხატავენ. სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რაღაც მსგავსს გულისხმობდა სემ ალტმანი, OpenAI-ს დამფუძნებელი, თავის 2021 წელს გამოქვეყნებულ უშველებელ ბლოგში. ალტმანი ისეთ მომავალზე საუბრობს, სადაც ტექნოლოგია უფრო და უფრო მეტ სამუშაოს გადაიბარებს და “ფენომენალურ დოვლათს” შექმნის, ეს კი დოვლათის უფრო სამართლიანი გადანაწილების საჭიროებას გამოიწვევს. 

“კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება გადავა შრომიდან კაპიტალის ხელში. თუკი საჯარო პოლიტიკა ამას შესაბამისად არ მოერგება, ადამიანთა უმეტესობა დღევანდელზე უარეს დღეში აღმოჩნდება”, – შიშობდა ალტმანი. ნაწილობრივ UBI-ს დანერგვასაც უმიზნებს “ვორდლქოინი” (Worldcoin), ალტმანის მიერ შარშან წამოწყებული კრიპტოვალუტის პროექტი, რომელიც ადამიანებს (და არა ბოტებს) “ციფრულ პასპორტებს” შეუქმნის.

რატომ უნდა გამდიდრდეს ყველას ნაშრომ-ნაღვაწით მხოლოდ რამდენიმე კომპანია?

Საბაზისო შემოსავლის კბილებით დამცველები იდეას კიდევ ერთი არგუმენტით ამართლებენ: ხელოვნური ინტელექტი ხომ იმ მასალებიდან სწავლობს, რომლებიც ადამიანებმა წლების მანძილზე ჩვენი ოფლით შევქმენით. მაშინ, რატომ უნდა გამდიდრდეს ყველას ნაშრომ-ნაღვაწით მხოლოდ რამდენიმე კომპანია? 

Რაღა თქმა უნდა, იდეას სკეპტიკოსიც ბევრი ჰყავს. ზოგს ახლო მომავალში ეკონომიკის ასეთი მკვეთრი ტრანსფორმაცია ვერ წარმოუდგენია და ვისაც წარმოუდგენია – “უფასო ფულის” იდეით ვერ იხიბლება. პესიმისტებიც მრავლად არიან, ვინც თვლიან, რომ კაპიტალიზმი რამეს აუცილებლად მოიფიქრებს, რომ რაღაც საქმე ყველას გამოგვიძებნოს. 

თუმცა დანამდვილებით ვერაფერს იტყვი: აგერ უკვე ნათლად ვხედავთ, რომ მომავალი იმაზე სწრაფად შეიძლება მოვიდეს, ვიდრე ველით. თუ არ მოვა და იქნებ საშველი ისევ წარსულში, კეინზის მიერ შემოთავაზებულ მკვეთრად შემცირებულ სამუშაო დროში დავინახოთ. ეგ ხომ მაინც დავიმსახურეთ?

მსგავსი/Related

Back to top button