მათემატიკა და ლოგიკა: სამი ქორწილი და ერთი გასვენება
ავტომობილები თავად იმართებიან, კომპიუტერები დიაგნოზს ადამიანზე უკეთ სვამენ, ჩატ-ჯიპიტი კი საკურსო ნაშრომებს გვიწერს – ხელოვნური ინტელექტი (AI) თითქოს ყველგანაა. მისი აღმასვლა 2005 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც “ღრმა შესწავლის” ალგორითმი შეიქმნა და წარმატებითაც გამოიცადა. თუმცა ინტერესთან და დადებით მოლოდინებთან ერთად შიშიც იმატებს, რაც გასაკვირი სულაც არაა: ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონები უკვე უკრაინის ცაში იბრძვიან და სიკვდილ-სიცოცხლის გადაწყვეტილებებსაც იღებენ. ტექნოლოგიური პროგრესის მზარდ შესაძლებლობებთან დაკავშირებით შეშფოთება უკვე მხოლოდ უბრალო მოკვდავებმა კი არა, მაიკროსოფტის, ტესლასა და გუგლის პირველმა პირებმაც გამოხატეს.
როგორ მოვედით აქამდე? თუკი ისტორიის გაყვითლებულ ფურცლებს გადავშლით, აღმოჩნდება, რომ ხელოვნური ინტელექტის ფესვები ანტიკურობამდე მიდის. თუ როგორ, ამის გასაგებად ამ საინტერესო მოგზაურობაში გამოგვყევით.
ძველისძველი ოცნება
ხელოვნური ინტელექტის ისტორია კომპიუტერის გამოგონებასთან ერთად სულაც არ დაწყებულა. აზროვნების პროცესი მანქანებისთვის რომ შევამზადოთ, ამისთვის ჯერ თავად აზროვნება უნდა დავშალოთ მარტივ მამრავლებად, ხოლო სანამ მსჯელობას მანქანებს შევასწავლით, ჩვენივე, ანუ ადამიანური განსჯის კოდის გატეხაა საჭირო. ასე მივდივართ ანტიკურობის ფილოსოფოსებამდე: ის პრინციპები, კანონები და ცნებები, რომლებსაც დღეს ხელოვნური ინტელექტის პრობლემები ეფუძნება, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე-მეოთხე საუკუნეში წარმოიშვა, როცა პლატონი და არისტოტელე მათემატიკასა და ლოგიკას აყალიბებდნენ.
ინფორმატიკის ისტორიაც ორი მონათესავე მეცნიერების, მათემატიკისა და ლოგიკის დაახლოების მცდელობად შეგვიძლია დავინახოთ. მალიორკელი თეოლოგი და მისიონერი რეიმონდ ლული ამ ორი მეცნიერების დაკავშირებაზე დიდ იმედებს ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში ამყარებდა. თუმცა მათი შეკავშირების მთავარი ინიციატორი გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი გახდა. გერმანელი ფილოსოფოსი ჩაეძია, თუ რატომ ვითარდებოდა ეს ორი მეცნიერება ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ცალ-ცალკე მაშინ, როცა მათი მიზანი თითქოსდა იგივე უნდა ყოფილიყო: მათემატიკოსებიც და ლოგიკოსებიც აბსოლუტური ჭეშმარიტების დადგენას ცდილობენ, მსჯელობაში დაშვებულ შეცდომებს ებრძვიან და სწორი მსჯელობის კანონების ჩამოყალიბებას ესწრაფვიან.
რაც ლაიბნიცს სურდა – ანუ ახლის შექმნის მიზნით ორი უკვე არსებული ხედვის გაერთიანება – აზროვნების ისტორიაში იშვიათი სულაც არაა. უნგრელი ჟურნალისტი არტურ კოსტლერი (1905-1983) ასეთ შეჯვარებას “ბისოციაციას” უწოდებდა, ანუ ორი ისეთი რამის მყისიერ შეკავშირებას, რომელთა შესახებაც აქამდეც ვიცოდით, თუმცა მთელი ეს დრო ისინი ერთმანეთისგან განცალკევებულად არსებობდა. დღეს უკვე ვიცით, რომ ლაიბნიცის ოცნება ოცნებადვე დარჩება: “ჭეშმარიტებასა” და “აღქმად ფაქტს” ერთად ყოფნა არ უწერია – თუ რატომ, ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით.
ლაიბნიცის ოცნების დასამარების მიუხედავად, მათემატიკისა და ლოგიკის კვეთაზე მაინც წარმატებით აღმოცენდა სამი შედარებით ნაკლებად ამბიციური “ბისოციაცია”: ჯერ რენე დეკარტმა შეარიგა ალგებრა გეომეტრიასთან, შემდეგ ბრიტანელმა ლოგიკოსმა ჯორჯ ბულმა ალგებრა სილოგიზმს დაუკავშირა, ხოლო ბოლოს ამერიკელმა ინჟინერმა კლოდ შენონმა ორობითი თვლის სისტემა ელექტრონულ რელეს მიუერთა. და თუკი ინფორმატიკის ისტორიას ამ გადმოსახედიდან შევხედავთ, იგი “სამი ქორწილისა და ერთი გასვენების” მოულოდნელ რიმეიქად წარმოგვიდგება.
ქორწილი პირველი: ანალიტიკური გეომეტრია
არაბულმა მათემატიკურმა ტრაქტატებმა დასავლეთში შუა საუკუნეებში შეაღწია. მე-8 საუკუნის ბოლოს სპარსმა მოაზროვნემ, ალ-ხვარაზმმა, მათემატიკის ჩაწერის სრულიად ახალი ფორმა განავითარა. სწორედ ალ-ხვარაზმის სახელი უდევს საფუძვლად სიტყვა “ალგორითმს”. ძველი ეგვიპტისა და პლატონის ეპოქიდან მოყოლებული, მათემატიკის დედოფლად გეომეტრია გვევლინებოდა – მანამ, სანამ არაბები ალგებრის პრინციპებსა და უპირატესობებს ნათლად წარმოაჩენდნენ და ცნებათა მთელ წყებასთან ერთად ევროპაში ნულსაც ჩაიტანდნენ (რთული წარმოსადგენი კია, რომ რომაელებს ნული არ ჰქონდათ და გამოთვლებს მის გარეშე ართმევდნენ თავს).
დეკარტმა ალგებრა და გეომეტრია x და y ღერძებით, აბსცისითა და ორდინატით შეარიგა. ალგებრული გეომეტრია, რომელსაც მოგვიანებით ანალიტიკური გეომეტრია ეწოდა, დღესაც გამოიყენება მრუდის მოდელირებისათვის. დეკარტის დროიდან მოყოლებული, წრეწირის გამოსახვა x² + y² = r² ფორმულით გახდა შესაძლებელი – სწორედ ამ ფორმულაშია შერწყმული გეომეტრიის ლოგიკა და მათემატიკა.
მათემატიკისადმი დეკარტის სიყვარული გადამდები აღმოჩნდა. მას მრავალმხრივ ნიჭიერი ბლეზ პასკალი (1623-1662) მოჰყვა, რომელმაც ალბათობების გამოთვლის მეთოდი აღმოაჩინა. საინტერესოა, რომ ამ მიგნებამდე პასკალი არისტოტელესთან (თუ მის აჩრდილთან?) გაჩაღებულმა ფილოსოფიურმა დავამ მიიყვანა. პასკალი არისტოტელეს ფატალიზმს ეწინააღმდეგებოდა და ამტკიცებდა, რომ ცხოვრებაში ხშირად შემთხვევითობა იყო გადამწყვეტი. მაგრამ შემთხვევითობის ალბათობას ხომ გამოანგარიშება სჭირდებოდა? თუკი გვაქვს წინაპირობა, მაშინ როგორია ამა თუ იმ შედეგის დადგომის შესაძლებლობა? მოგვიანებით ეს კითხვა ინგლისელმა პასტორმა თომას ბეისმა (1702-1761) თავდაღმა დააყენა და ახალი შეკითხვა დასვა: თუკი ვიცით შედეგი, როგორია ამა თუ იმ წინაპირობის ალბათობა?
ასე მივედით ლაიბნიცამდე (1646-1716), რომელსაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მათემატიკასა და ლოგიკის საბოლოო შეუღლება განეზრახა. ამბობენ, რომ კამათისას ლაიბნიცი ხშირად წამოიძახებდა ხოლმე, “თუ ასეა, დავსხდეთ და დავითვალოთო”. ამდენ ანგარიშში კი გერმანელმა მოაზროვნემ სტუდენტების ცოდვა დაიდო და დიფერენციალური განტოლებები გამოიგონა, რითაც ბოლოს და ბოლოს დაამტკიცა, რომ რამხელა ფორაც არ უნდა მისცეს აქილევსმა კუს, იგი მას მაინც დაეწევა.
ყველა თეორიულ სიკეთესთან ერთად, ლაიბნიცმა საანგარიშო მანქანაც გამოიგონა, რომელსაც სახელურით დაატრიალებდით და იგი კბილანების ჭკვიანური განლაგების საშუალებით შედეგს დაგიწერდათ. ეს მანქანა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე ყველა მექანიკურ კალკულატორში გამოიყენებოდა და თუ იმ ხნისა მოიყარეთ, რომ უნივერსამში თეთრქუდიან გამყიდველს თქვენთვის ოდესმე “ჩეკი ამოურტყია”, მაშინ ლაიბნიცის მანქანა საკუთარი თვალითაც გაქვთ ნანახი.
ქორწილი მეორე: ორობითი ალგებრა
მათემატიკოსი ლეონარდ ოილერი (1707-1783) კენიგსბერგში, დღევანდელ კალინინგრადში ცხოვრობდა. იმხანად ქალაქის ორ კუნძულს ერთმანეთთან შვიდი ხიდი აკავშირებდა, ოილერმა კი აიტეხა, ქალაქი ისე უნდა მოვიარო, რომ თითოეულ ხიდზე მხოლოდ ერთხელ გადავიდეო. მათემატიკოსი ტყუილად გაისარჯა და დასახულ რთულ ამოცანას თავი ვერა და ვერ გაართვა, მაგრამ წვალებას ამაოდ მაინც არ ჩაუვლია: მათემატიკოსში ტოპოლოგიის, ანუ ქსელების შესწავლის მეცნიერებისადმი ინტერესმა გაიღვიძა.
მოჯადოებულ წრეებზე სიარულმა მათემატიკასთან ერთად ლოგიკით გატაცებული ოილერი ისევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსის აჩრდილამდე მიიყვანა. მეცნიერმა არისტოტელეს სილოგიზმს (“ყველა ადამიანი მოკვდავია, სოკრატე ადამიანია, მაშასადამე სოკრატე მოკვდავია”) გრაფიკული ასახვა მოუძებნა და ურთიერთგადამფარავი წრეწირების სახით მოხაზა ის, რასაც დღეს “ვენის დიაგრამად” ვიცნობთ.
თუმცა ამ ისტორიაში ოილერზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჯორჯ ბულია (1815-1864). სწორედ ბული გახდა დამაკავშირებელი ხიდი ორ სამყაროს შორის. ბულმა ორობითი ათვლის სისტემა გამოიგონა და ამრიგად ლაიბნიცს ოცნება თითქმის აუხდინა. ორობითი სისტემით მეცნიერმა არისტოტელეს სილოგიზმის ალგებრასთან “ბისოციაცია” მოახერხა და მიაგნო განტოლებებს, რომელთა მეშვეობითაც გადაწყვეტილების სისწორე იმავე პრინციპით შეგვიძლია გადავამოწმოთ, რა პრინციპითაც მათემატიკურ თეორემას ვამტკიცებთ.
ბულის იდეას მარტივი ამოსავალი წერტილი აქვს: არითმეტიკაში საუბარია მიმატებასა და გამრავლებაზე, ლოგიკაში კი – “ან” და “და” ფუნქციებზე. რა მოხდება, თუკი ამ ორ მიდგომას გავაერთიანებთ? ავიღოთ, მაგალითად, საგნების ორი ერთობა: ხის საგნები და მუსიკალური საკრავები. ჯოხი პირველის ნაწილია და არა მეორის. საყვირი – მეორისა, მაგრამ არა პირველის. ვიოლინო კი – ორივესი.
ბული კითხულობს, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ “ან” ფუნქცია (ან ხისაა, ან საკრავია) მიმატებას წააგავს, ხოლო “და” ფუნქცია – გამრავლებას. მან აქედან ფორმულა x² = x გამოიყვანა, რომელიც – თუ თავს ძალას დავატანთ და სკოლის ალგებრას გავიხსენებთ – იქსის მხოლოდ ორი მნიშვნელობისათვის შეიძლება იყოს ჭეშმარიტი: x = 0 და x = 1. ესეც ორობითი სისტემა, რომელზეც ამ წამს თქვენი კომპიუტერი მუშაობს. ამ მიდგომის გამოყენებით ბულმა არისტოტელეს მთელი ლოგიკა გადაამოწმა და ორი შეცდომაც უპოვა, თუმცა ამით არისტოტელეს პრესტიჟს ბევრი არაფერი დაჰკლებია: მხოლოდ ორი შეცდომა რა სალაპარაკოა…
ქორწილი მესამე და გასვენება: ინფორმაციის თეორია
1931 მათემატიკასა და ლოგიკას შორის კიდევ ერთი ქორწილი შედგა, მესამე შეუღლებამ კი ლაიბნიცის ოცნება საბოლოოდ “გაასვენა”. ამ წელს კურტ გიოდელმა (1906-1978) “არასრულობის თეორემა” გამოაქვეყნა და მათემატიკურად დაამტკიცა, რომ ის, რაც მართალია და ის, რაც დამტკიცებადია – ორი სხვადასხვა რამეა.
სანამ ლაიბნიცი საფლავში ტრიალებდა, გიოდელს ბრიტანელი ბერტრან რასელიც (1872-1970) დაეყრდნო. რასელმა გადაწყვიტა, შესჭირდებოდა ათასწლოვან ლოგიკურ პრობლემას, რომელიც ფილოსოფოსთა თაობებს მოსვენებას არ აძლევდა, იქნებოდა ეს კასრში, აბაზანაში თუ ათენის ბაზრის მოედანზე. კერძოდ, მართალს ამბობდა თუ ტყუოდა კრეტელი ეფემენიდე, როცა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში ამტკიცებდა, “ყველა კრეტელი მატყუარააო”?
რასელი ავტორიტეტებს დიდად არ სწყალობდა და არისტოტელეს იდეებიც მარტივად მოისროლა ფილოსოფიის სანაგვეზე – “სილოგიზმის ლოგიკა ანიდან ჰოემდე მცდარია და თუ რამე დარჩა, რაც მცდარი არაა, ისიც არავის არაფერში სჭირდებაო”. სანამ თავის ხანგრძლივ ცხოვრებას გალევდა, რასელმა თავის მონუმენტურ შრომაში, “მათემატიკის პრინციპებში”, მასწავლებელი ალფრედ ნორთ ვაითჰედიც გარია. ნიშნავდა კი ეს მოცემულობების ლოგიკის დასასრულს და ურთიერთკავშირების, ქსელური ლოგიკის დასაწყისს?
ბოლომდე ტრიუმფით არც ეს ამბავი დაგვირგვინებულა: აღმოჩნდა, რომ თავად ენაა ლოგიკურად დეფექტური, როგორც ეს ლუდვიგ ვიტგენშტაინმა, რასელის დიდმა მიმდევარმა, კოლეგამ და მოწინააღმდეგემ (1889-1951) დაადასტურა. თუმცა რასელ-ვაითჰედ-ვიტგენშტაინის ტრიომ მათემატიკისა და ლოგიკის ურთიერთკავშირის (და მისი შეუძლებლობის) გამორკვევის გზაზე ერთი ნაბიჯით წინ მაინც წაიწიეს.
საბოლოოდ, ყველაზე თავაწეული ამ ამბიდან მაინც ბული გამოვიდა, რასაც ინჟინერ კლოდ შენონს უნდა უმადლოდეს (1916-2001). ამ ადამიანს ინფორმატიკაში მომუშავე ხალხი კარგად არ იცნობს, არადა სწორედ მან გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ინფორმატიკის სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბებაში. შენონის ცხოვრება და კარიერა ორად იყო გახლეჩილი: თავის თეორიულ და აკადემიურ მისწრაფებებს იგი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში კვლევასა და სწავლებაში ავლენდა, უფრო პრაქტიკულ ინტერესებს კი ინჟინერი Bell-ის განთქმულ ლაბორატორიაში მუშაობითა და ჩხირკედელაობით იკმაყოფილებდა. სწორედ თეორიულისა და პრაქტიკულის გაერთიანებით მივიდა შენონი მორიგ გარდამტეხ ბისოციაციამდე, როცა ბულის ორობითი სისტემა ელექტრონულ რელეებში (რომლებიც იმ დროს კათოდური ლამპების სახით არსებობდა) გამოიყენა. შენონი “ინფორმაციის თეორიის” დადგენას ცდილობდა და ინფორმაციის ფუძემდებლური პრინციპებისათვის ხელშესახები სახის მიცემა სურდა.
შენონი იყო ის, ვინც სიტყვა “ბიტი” გამოიყენა, რაც ტერმინის binary digit – “ორობითი ციფრი” შემოკლებაა. მან ბულის ცნებაც დახვეწა: თუკი ბულისთვის ორობითი სისტემა ნიშნავდა, რომ შედეგი ან ნული იყო, ან ერთი, შენონის კონცეფციაში “ბიტი” ინფორმაციის ყველაზე მცირე შესაძლო ნაწილაკია. შენონმა დაასკვნა, რომ ექსპერიმენტის შედეგი არის ინფორმაცია, რომლის სიდიდე მით უფრო მნიშვნელოვანია, რაც უფრო ნაკლებია სწორედ ამ კონკრეტული შედეგის დადგომის ალბათობა.
მაგალითად, თუკი ჰაერში მონეტას ავაგდებ, ამას მხოლოდ ორი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. როცა მე გეტყვით, “არიოლი” დაჯდა თუ “რეშკა”, ამ ზუსტი ინფორმაციით გაურკვევლობას გავფანტავ, მაგრამ ინფორმაციის ბიტი არის ის, რომ შედეგი ან “არიოლია”, ან “რეშკა”. თუ კამათელს ავაგდებ ჰაერში, აქ უკვე ექვსი შესაძლო შედეგი არსებობს და ამიტომ შედეგის თქმით გადმოცემული ინფორმაცია უფრო დიდია, რადგან ამით მეტი გაურკვევლობა გაიფანტა. ამ პრინციპებზე დაყრდნობით, შენონმა შექმნა ე.წ. “ლოგიკური სქემები”, რითაც გააუმჯობესა სატელეგრაფო კომუნიკაცია, დახვეწა სიგნალის კოდირება და, შესაბამისად, ლოგიკისა და მათემატიკის ქორწინებას ლაიბნიცის საანგარიშო მანქანის შემდეგ კიდევ ერთი ფიზიკურად ხელშესახები გამოყენებაც მოუძებნა. რაც მთავარია, სწორედ ამ გამოგონებამ გაუხსნა გზა თანამედროვე ინფორმატიკას.
მაშ, ხელოვნური ინტელექტი?
სამი ქორწილიდან და ერთი გასვენებიდან ხელოვნურ ინტელექტამდეც რომ მივიდეთ, კიდევ ერთი ნაბიჯია საჭირო: აზროვნების პროცესი კომპონენტებად უნდა დავშალოთ და შემდეგ ეს პროცესი რაიმე ხერხით მანქანებზეც გადავიტანოთ. აქ კი ზუსტი მეცნიერებები ცოდნის საზღვრებს ეჩეხება და მათემატიკიდან უკვე ფსიქოლოგიაში გვიწევს გადანაცვლება.
მეოცე საუკუნის განმავლობაში ორი ძირითადი მიმდინარეობა ახდენდა გავლენას ფსიქოლოგიაზე. პირველი ბიჰევიორიზმი იყო, რომლის წარმომადგენლებიც თვლიდნენ, რომ ადამიანის არსის გაგება კონკრეტულ გამღიზიანებელზე მისი რეაქციების განსაზღვრით შეგვიძლია. სხვა სიტყვებით, ბიჰევიორისტებისთვის ადამიანი დახურული ყუთია – ზუსტად არ ვიცით, თავში რა გიდევთ, მაგრამ ამის გასაგებად თქვენს რეაქციებს შევამოწმებთ და დასკვნებსაც ამის საფუძველზე გამოვიტანთ. ნორბერტ ვინერმა (1894-1964) სწორედ ბიჰევიორიზმის ზეგავლენით მოახერხა რეგულირებისა და პილოტაჟის სისტემების შესწავლა და შექმნა ახალი დისციპლინა, რომელსაც 1948 წელს კიბერნეტიკა უწოდა. ვინერის მთავარი საზრუნავი ავტომატიზაცია იყო და სწორედ ის გახლავთ “მექანიკური ადამიანის” და რობოტების შექმნის მსურველთა არმიის წინამძღოლი.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ბიჰევიორიზმმა უკანა პლანზე გადაინაცვლა და თავი უკვე კოგნიტივისტებმა წამოყვეს. ეს უკანასკნელები თვლიდნენ, რომ აზროვნების მოდელირება შესაძლებელია, თუკი მას ცალკეულ ეტაპებად დავშლით. ამგვარი მიდგომით იყო შთაგონებული ინგლისელი მეცნიერი ალან ტიურინგი (1912-1954), რომელმაც ვირტუალური გამოთვლითი მანქანა შექმნა და პირველმა წარმოიდგინა ხელოვნური ინტელექტის არსებობის შესაძლებლობა.
თუკი ანტიკურ ფილოსოფოსებს დავუბრუნდებით, კოგნიტივისტები პლატონის მხარეს იქნებიან, ბიჰევიორისტები კი – არისტოტელესი.
შევაჯამოთ
უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ინფორმატიკა გამალებით მიდის წინ და ხელოვნური ინტელექტიც უფრო ხელშესახები ხდება. მაგრამ ყოველი დისკუსია, რომელიც ამ თემაზე გვესმის, ანტიკურობისა და მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის გიგანტების მხრებზე დგას.
რომ შევაჯამოთ, პლატონმა აბსტრაქტული მოდელირების იდეა განავითარა, არისტოტელემ კი ადამიანის მსჯელობის ფორმალიზება სცადა. არაბებმა დასავლეთში ნული და ალგებრული განტოლებები შემოიტანეს, რომლებიც, თავის მხრივ, დეკარტმა კოორდინატების სისტემაზე გრაფიკულად ასახა. ლაიბნიცმა მცირე წილების ანგარიში გვასწავლა და ისეთ მათემატიკურ განტოლებებზე ოცნებობდა, რომლებიც უნაკლო განსჯის საშუალებას მოგვცემდა. ეს ოცნება ვერ ასრულდა, სამაგიეროდ, ელექტრონიკის გამოგონებამ საშუალება მოგვცა, ბულის გამოგონილი ორობითი ლოგიკა ფიზიკურ რეალობად გვექცია. ინფორმატიკის ყველა პიონერი ფილოსოფიურად აზროვნებდა. ვინერი აღმერთებდა ლაიბნიცს, ტიურინგი რასელის გავლენის ქვეშ იყო, რასელი კი ვიტგენშტაინთან მეგობრობდა.
საით წავა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია? რთული სათქმელია. 1980-იან წლებში ტელეკომუნიკაციაზე პროფესიული ლიტერატურა რომ წაგეკითხათ, რას არ ნახავდით – დიფუზიური ქსელები, ინტერაქტიური ტელეფონი, მაღალი გამავლობის კაბელები, ანალოგური და ციფრული სადგურები… არსად არაფერი ეწერა მობილურ ტელეფონზე. ამას მეცნიერები “შავ გედს” უწოდებენ, ანუ მცირე ალბათობის, მაგრამ დიდი ზეგავლენის მქონე მოვლენას.
რა იქნება ახალი “ბისოციაცია” – ადამიანისა და კომპიუტერის გაერთიანება? დღეს იმ ეტაპზე ვართ, რომ ინჟინრებს, ტექნიკოსებსა და ბიზნესმენებს შორის ხელოვნურ ინტელექტზე დისკუსია პროფესიულ ჩარჩოებს სცდება და სულ უფრო ფილოსოფიურ ხასიათს იძენს.
მაშ ვინ, ვინ დაწერს “ავტომატური გონების კრიტიკას”?
ფრანგულიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა