ინტელექტი ინტერნეტის სადარაჯოზე
თანამედროვე სამყაროში ინტერნეტზე წვდომა არათუ მოთხოვნილებად, უკვე ადამიანის ერთ-ერთ უფლებადაც კი იქცა. ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებამ და ინტერნეტის უფრო და უფრო მეტ სივრცეში შემოჭრამ ეს რეალობა თითქოს კიდევ უფრო შეუქცევადი გახადა. ამან ერთგვარი კვერცხისა და ქათმის დებატიც კი წარმოშვა: რომელი რომელს განაპირობებს – მაღალი მოხმარების აპლიკაციების განვითარება ინტერნეტის ტექნოლოგიების განვითარებას თუ პირიქით?
მე მეორე მტკიცებას ვემხრობი. დღეს თუ ტექნოლოგიური პროგრესი სასიამოვნოდ გვაკვირვებს, არ უნდა დაგვავიწყდეს ის წნეხიც, რომელსაც ინტერნეტის გაზრდილი მოხმარება კავშირგაბმულობის ქსელს უქადის. გაუძლებს კი ჩვენი გარემო და ინფრასტრუქტურა მონაცემებისადმი მოჭარბებულ მადას? მოვახერხებთ კი, რომ ინტერნეტის სტაბილურობაც შევინარჩუნოთ, მაგრამ გარემოც ზედმეტად არ დავაზიანოთ?
ანა ნაკაშიძე “აზერტელეკომის” აღმასრულებელი დირექტორია
ტექნოლოგიის აღმართ-დაღმართები
ხელოვნური ინტელექტი წლევანდელი ტექნოლოგიური დისკუსიების ყველაზე „ცხელ ტრენდად“ იქცა – როგორც პროფესიონალთა წრეებში, ისე ყოველდღიურ საუბრებში. მსოფლიო ე.წ. „ჩეტჯიპიტის ეფექტის“ ქვეშაა: ხელოვნურ ინტელექტთან შეთამაშება უკვე უბრალო მოკვდავებსაც შეგვიძლია, თანაც ჩვეულებრივი ვებბრაუზერის გამოყენებით. თუკი უწინ ინტერნეტი ძირითადად ინფორმაციის მოპოვების იარაღი იყო, დღეს ხელოვნურ ინტელექტი უკვე ერთი ნაბიჯით წინ გაიჭრა და ახალი პროგრამებით ინფორმაციის ცოდნად გარდაქმნაც შეგვიძლია.
ვაღიაროთ, რომ “ხელოვნურ ინტელექტს” ჯერ ცოტა თუ აქვს საერთო ნამდვილ ინტელექტთან. დღეს იგი მხოლოდ არსებულ ცოდნასა და ინფორმაციაზე აწყობილი ალგორითმული პროგნოზირების სისტემაა – თუმცა კარგად გვესმის, რომ ყველაფერი წინაა.
მაინც რა ეტაპზე ვართ ახლა? ტექნოლოგიური განვითარების უკეთ გასაგებად ერთ-ერთმა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ სპეციალური გრაფიკი შეიმუშავა. მის თანახმად, ახალი ტექნოლოგიის პირველ გამონათებას წინ, როგორც წესი, ტექნიკური დახვეწისა და საზოგადოების მიერ მისი აღიარების გრძელი და ციცაბო ფერდობი ხვდება ხოლმე, ამ ფერდობის ავლის შემდეგ კი გადაჭარბებული მოლოდინების მწვერვალზე აღმოვჩნდებით.
მწვერვალს, ლოგიკურად, იმედგაცრუების დაღმართი მოსდევს. სიახლით თამაში ნელ-ნელა მოგვბეზრდება, საქმეში გამოსაყენებლად კი ტექნოლოგია ჯერ მზად არაა და გადაჭარბებული მოლოდინების მსხვრევაც გარდაუვალი ხდება. ოღონდ, დროთა განმავლობაში, საქმიანი ხალხის ხელში ახალი სათამაშო მოსახერხებელ ინსტრუმენტად გარდაიქმნება და ბოლო ეტაპზე ტექნოლოგია უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა.
ხელოვნური ინტელექტიც ამ გზას ადგას. თუკი დღეს “გენერაციული ხელოვნური ინტელექტის” (Generative AI), ანუ ჩვენთვის ნაცნობი ჩეტჯიპიტისა და მისი ბიძაშვილების მიმართ აღფრთოვანების მწვერვალზე ვიმყოფებით და წარსულს ზემოდან გადმოვყურებთ, მომდევნო ორი წლის მანძილზე ხელოვნური ინტელექტის გადაჭარბებული ილუზიების მსხვრევას უნდა ველოდოთ. თუმცა, გრაფიკს თუ დავუჯერებთ, ეს დასასრული კი არა, მხოლოდ დასაწყისის ნაწილია.
მონაცემთა მზარდი მადა
ხელოვნური ინტელექტის მიერ ცოდნის შექმნა ყველა სფეროში უნიკალური და განსხვავებულია. ტელეფონები იქნება ეს, ჭკვიანი საათები, სასწორები თუ მაცივრები, ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობას გაფაციცებით სწავლობს, რათა უკეთ გაგვიცნოს და მოგვემსახუროს.
მომავალში ასეთი მოწყობილობების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და ინფორმაცია კიდევ უფრო ჭარბად დაგროვდება. მასშტაბი რომ უკეთ გავიაზროთ, 2023 წელს 120 ზეტაბაიტი მონაცემი დაგენერირდა, რაც 180 ტრილიონ ერთ ტერაბაიტიან მყარ დისკს უდრის. 2025 წლისთვის ეს რიცხვი 181 ზეტაბაიტს მიაღწევს. ტექნოლოგიური მადა მუდმივად გაიზრდება, ხოლო უწყვეტი კავშირი, მუდმივი მოხმარება და ყველგან ყველაფერზე წვდომის მოლოდინი მრავალშრიან, მასიურ და რთულ ინფრასტრუქტურას მოითხოვს. ამ საჭიროებისთვის ფეხის აწყობა კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა იქნება – მათ შორის, სატელეკომუნიკაციო ქსელების მართვის სფეროშიც.
გასულ ათწლეულებში ინტერნეტის მოხმარების ზრდის კვალდაკვალ ქსელის განვითარების ძირითადი პარამეტრი მეტი ტევადობის უზრუნველყოფა იყო. ტევადობის ზრდა დატაცენტრებში, ანუ ინტერნეტის “მიმღებ-გადამანაწილებელ პუნქტებში” დაგროვილი ინფორმაციის რაოდენობისა და ამ ცენტრების წარმადობის ზრდაში გამოიხატებოდა. დროსთან ერთად საჭირო ხდება ასეთი დატაცენტრების რაოდენობისა და სიდიდის ზრდა. ინტერნეტზე უფრო და უფრო მეტი სფეროს ჩამოკიდებამ კი ასეთი ცენტრების დუბლირების საჭიროებაც შექმნა: თუკი ერთი პუნქტი ავარიულად გაჩერდება, მეორე უნდა ამუშავდეს, ხოლო ისეთი საკვანძო მომხმარებლებისთვის, როგორიცაა საავადმყოფოები ან პოლიცია, სიმძლავრეების დაბევებაც, ანუ რეზერვირებაც აუცილებელი გახდა.
ასეთი ცენტრები ენერგიას ხარბად მოიხმარს. ენერგია საჭიროა არა მხოლოდ თავად დატაცენტრებში არსებული მოწყობილობების ასამუშავებლად, არამედ მათ გასაგრილებლადაც: მონაცემთა ცენტრები ჭარბ სითბოს გამოყოფს და, გამართულად რომ იმუშაოს, არ უნდა გადახურდეს. ამხელა ენერგიის საჭიროება, ბუნებრივია, არაერთ თავისტკივილს აჩენს: გარემოზე მიყენებულ ზიანს რომ თავი დავანებოთ, შეზღუდული ენერგორესურსები მუდმივად ზრდადი ქსელებისა და ინფრასტრუქტურის დატვირთვას მალე ვეღარ აუვა.
ხსნა ხელოვნურ ინტელექტშია?
ენერგომოხმარების კრიზისის პერსპექტივა უკვე არაერთ ქვეყანას აშფოთებს. კრიზისი უშუალოდ ინტერნეტის მიწოდების მდგრადობასაც უქმნის რისკებს, რის გამოც უკვე მუშაობენ ინტერნეტისათვის “მწვანე” გადაწყვეტების მოფიქრებაზე.
დიდ კომპანიებში – ამაზონში, ეფლში, ალფაბეტში (გუგლის მფლობელი) – ერთ-ერთ ხსნად მოქნილი, ცვალებადი და ადაპტირებადი ქსელების ამუშავებას ხედავენ. ასეთი ქსელები მოხმარების ცვალებადობასთან ერთად „ისუნთქებს“, ანუ ენერგიას მოწყურებულ მოწყობილობებს საჭიროების მიხედვით ჩართავს ან გათიშავს. ეს ამოცანა შეიძლება ბუნებრივად ან მარტივად მოჩანდეს, თუმცა იგი ძალიან რთული განსახორციელებელია, თუკი ინტერნეტის ქსელის მასშტაბსა და ასეთი ცენტრების რაოდენობასა და სირთულეს მივიღებთ მხედველობაში.
ენერგია საჭიროა არა მხოლოდ თავად დატაცენტრებში არსებული მოწყობილობების ასამუშავებლად, არამედ მათ გასაგრილებლადაც.
სწორედ აქ გვაქვს ხელოვნური ინტელექტის იმედი.
AI ინტერნეტ ქსელის რთულ ორგანიზმზე დაკვირვებით და შეგროვებულ მონაცემთა საფუძველზე ახალ ცოდნას შექმნის. ხელოვნური ინტელექტი, მათ შორის, ჩვენ მიერ მოხმარებულ ხელსაწყოებსაც დააკვირდება, შემდეგ კი შეეძლება, მაგალითად, ადამიანთა დაგეგმილი თუ დაუგეგმავი თავშეყრის დროს სტაბილური ინტერნეტისთვის დამატებითი მოწყობილობების ჩართვა-გამორთვა. მსგავსი მექანიზმები დაინერგება მობილურ თუ სხვა დაშვების ქსელებშიც.
დღეს უკვე გამოიყენება ე.წ. “მიმართული სხივის” ტექნოლოგიები, როდესაც მობილური სხივი უკეთესი დაფარვის უზრუნველსაყოფად მომხმარებელს დაჰყვება და თიშავს ან “აძინებს” იმ საიტებს, რომელსაც მომხმარებელი ნაკლებად იყენებს. ხელოვნური ინტელექტის წყალობით ამგვარი მოქმედებები უკვე მთელ ქსელს მოიცავს. შედეგად, ნაკლები ენერგია დაიხარჯება და გარემოც ნაკლებად დაზარალდება.
მზარდი მოხმარება შეიძლება ინტერნეტ-ინფრასტრუქტურასაც და გარემოსაც ტვირთად ევლინებოდეს. თუმცა ისევ ახალ ტექნოლოგიებს შეუძლია იზრუნოს იმაზე, რომ მათი გამოყენება შეუფერხებლად შევძლოთ და გარემოზე ზემოქმედებაც შეძლებისდაგვარად შევამციროთ.